აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ხელისუფლებისადმი მთავარ გზავნილად მომავალზე ორიენტირებას ასახელებს.
როგორც ნულანდმა „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობამ 2015 წელი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ რეფორმების პროცესი და ევროპისკენ სვლა დაჩქარდეს.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, მას საინტერესო შეხვედრები ჰქონდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციიის წარმომადგენლებთან, საუბრის თემას კი თავდაცვის სფერო და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.
ვიქტორია ნულანდმა საქართველოს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ახლა ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, რაშიც ამერიკის როლსაც ვხედავთ. ვისაუბრეთ ძირითად ელემენტებზე, რაც საქართველოს ეკონომიკის ზრდას, გაძლიერებას გამოიწვევდა და საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებდა. ეს ისეთი დროა, როდესაც მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, რომ მხარი დაუჭირონ მაქსიმალურ ზრდას და ისარგებლონ ამით. თქვენმა ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით დიდი შესაძლებლობები მიიღო. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ვისაუბრეთ კანონის უზენაესობის კლიმატზე, რაც არსებითია იმისათვის, რომ განმტკიცდეს ქართული დემოკრატი, კლიმატი ინვესტიციისათვის და საქართველო დარჩეს პოზიტიურ ტრაექტორიად“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მისივე თქმით, იმედის მომცემია მთავრობის განწყობა, რომ პროკურატურისა და შსს-ს რეფორმირება გაგრძელდეს.
„მართლმსაჯულების რეფორმა არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ მომავლისკენ და სტრუქტურულ რეფორმებზე იყოს ორიენტირებული, ასევე უზრუნველყოს გამჭვირვალე და მართლმსაჯულების სრული პროცესები სასამართლოში ამჟამად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც თბილისში გამართულ შეხვედრებზე ვისაუბრეთ, ეს არის ეუთო-ს რეკომენდაციები. ეს ისეთი რამ არის, რაზეც ერთად შეგვიძლია ვიმუშაოთ. თქვენი დემოკრატია არის თქვენი დაცვა გარე ჩარევისაგან. ეს არის საუკეთესო გარანტი ეკონომიკის, რეფორმების წარმატებისთვის. ერთიანობაში ჩვენი გზავნილია ერთობისკენ, მომავალზე ორიენტაციისკენ, 2015 წლის გამოყენებაზე იმისთვის, რომ რეფორმების პროცესი და ევროპისკენ სვლა დაჩქარდეს. საქართველოს ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთად უნდა იმუშაონ და ითანამშრომლონ ასეთ მნიშვნელოვან მომეტში. ვამაყობთ, რომ ჩვენ პარტნიორები ვართ. ერთად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ნულანდმა.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვიქტორია ნულანდმა ბოლო შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან გამართა. მანამდე ის პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდა.
ვიქტორია ნულანდი ხვალ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოში ვიზიტს დაასრულებს და სომხეთში გაემგზავრება.