ბოლოდროინდელ ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო.
ამის შესახებ, ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ იანვრის ბოლოს, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში, ბანკის ჩარევა იქნება თანმიმდევრული და ეტაპობრივი, იმ მოცულობისა და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ბრიფინგზე, ქადაგიძემ თქვა ისიც, რომ მთავრობასთან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მომდევნო თვეებში იქნება დაბალანსებული, ან პროფიციტური.
საზოგადოების დიდი ყურადღება კი, განცხადების იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც გიორგი ქადაგიძე საუბრობს რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს საყოფაცხოვრებო თუ პროდუქტების ფასების ზრდაში.
„თბილისი თაიმსი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ ეკონომიკის ექსპერტებს და დარგის სპეციალისტებს დაუკავშირდა.
რესპოდენტებმა გიორგი ქადაგიძის განცხადება შეაფასეს და ლარის კურსის სამომავლო პროგნოზებზე ისაუბრეს.
გვანცა გვიჩია, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორანტი:
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, იწყება ინტერვენცია და ფულად საკრედიტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენება. ეს გულისხმობს მიმოქცევაში ფულის მასის შემცირებას, რასაც მოჰყვება ლარზე მოთხოვნის ზრდა, ეს კი შეაჩერებს მის გაუფასურებას. თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არ არის, ნებისმიერი ინტერვენცია და ბაზრის რეგულირება მოითხოვს საკმაოდ ფრთხილ მიდგომებს. ამ შემთხვევაში დეფიციტური ფულის მასა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, ამცირებს საექსპორტო პოზიციებს და აუარესებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს.
თუმცა მეორეს მხრივ, რომ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შესაძლოა უმართავი პროცესები დაიწყოს და საქმე მიზნობრივი ინფლაციის განაკვეთს საგრძნობლად გასცდეს და ჰიპერ ინფლაციამდე მივიდეს, რაც გაცილებით დიდ პრობლემას შექმნის. ამიტომ დროული და დოზირებული ინტერვენცია საუკეთესო გამოსავალია.
ამ ეტაპზე მოხდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, დაუბრუნდა ის 2013 წლის ნიშნულს. რაც მცირე ცვლილებაა და ამ ეტაპზე რყევებსა და კურსის უცაბედ ცვლილებას არ გამოიწვევს, როგორც ჩანს ამ ნაბიჯით, ეროვნული ბანკი კურსის დარეგულირებას ცდილობს. თუმცა ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაც ბუნებრივია, გავლენას იქონიებს პროცესებზე.”
აკაკი ცომაია, ექსპერტი ეკონომიკის დარგში:
“ბატონი გიორგი ქადაგიძის განცხადებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ, მივესალმები. ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო, რადგან მიმაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, როდესაც მონეტარული პოლიტიკა ორი წლის წინ შეარყია და დეფინაცირების განაკვეთი დაწია ბაზარზე. ეს მას არ უნდა გაეკთებენინა, ამან გარკვეული ზემოქმედება მოახდინა ლარის მასის გაზრდაზე. რაც შეეხება ფასების ზრდას, მიმაჩნია რომ ამ განცხადებას პანიკა არ მოჰყვება მოსახლეობაში, პანიკამდე ჯერ ადრეა.
თუმცა ფაქტია, რომ პროდუქციაზე, საქონელსა და მომსახურეობაზე ფასები გაიზარდა. ინფლაცია არის ის კონკრეტული სფერო, რომელიც ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ეროვნულმა ბანკმა კი გადაწყვიტა, რომ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა და შესაბამისად,შეეცადოს ლარის გამყარებას.
რაც შეეხება, ლარს სტაბილურ ნიშნულზე დაბრუნებას, მას ეს ნამდვილად გაუჭირდება, ამის მიზეზი კი არის ის, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო დროთა განმავლობაში კლებულობს, იგი ფაქტობრივად მთლიანად დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპი და რამდენი უცხოური ინვესტიცია შემოვა საქართველოში.”
ნოდარ ჭიჭინაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი:
“ეროვნული ბანკი ლარის ბოლოდროინდელი დევალვაციის პერიოდში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურ პოზიციაშია. სხვადასხვა ვალუტების გაუფასურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა, მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ რომელიმე ცენტრალური ბანკი დუმილით რეაგირებდეს პროცესებზე. საზოგადოება, ასე ვთქვათ, „მიტოვებულია“ და არანაირი განმარტებები ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის მხრიდან არ არსებობს. ასეთ ვითარებაში საზოგადებაში გაურკვევლობის და არასტაბილურობის დონე მატულობს და ნეგატიური მოლოდინები ჩნდება. ამ მხრივ, ეროვნული ბანკის დუმილი და პროცესებისგან დისტაციის დაჭერა გაუმართებლად მიმაჩნია.
რაც შეეხება დუმილის დარღვევას და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაანონსებას. ჩემთვის გაუგებარია, რას ელოდებოდა ეროვნული ბანკი. მისი მთავარი როლი და მისია არის ის, რომ ეკონომიკა დაიცვას მკვეთრი რყევებისგან. არადა, ლარის გაუფასურება სწორედ მკვეთრად, დროის მოკლე პერიოდში მოხდა. ეროვნულ ბანკს გააჩნია პროგნოზირების მექანიზმები და მას წინასწარ პრევენციული ზომები უნდა მიეღო, რომ ლარის კურსის ცვლილება ყოფილიყო ეტაპობრივი და დროში გაწელილი. ეროვნულმა ბანკმა ეს არ გააკეთა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამჯობინა პასიურ პოზიციაში ყოფნა. ჩემი აზრით, დაუშვებელია ეკონომიკაში ამ მასშტაბის ცვლილება მოხდეს და ეროვნული ბანკი შემოიფარგლოს მხოლოდ 2 განცხადებით და ორი 40 მილიონიანი ინტერვენციით. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეროვნული ბანკის უმოქმედობა არის მიზანმიმართული.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კი, რომელსაც ეროვნული ბანკი გვპირდება, იდეაში ნიშნავს ეკონომიკის „შებოჭვას“, თუმცა გააჩნია მასშტაბსაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი არ გადადგავს მკვეთრ ნაბიჯს პოლიტიკის გამკაცრებისკენ, ვინაიდან დღეს არსებული რეალობა არ ქმნის ფასების მნიშვნელოვანი მატების წინაპირობას, მსოფლიოში იაფდება ნავთობპროდუქტები და ყველა ძრითადი სასურსათო პროდუქცია, რაც ლარის კურსის ცვლილებით იმპორტის ფასებს დააბალანსებს და ადგილობრივ ბაზარზე ფასების სტაბლურობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნების საკითხს, იმის თქმა, თუ რა იქნება კურსი 2-3 თვის შემდეგ, სხვა არაფერი იქნება თუ არა უპასუხისმგებლობა. რაც შეეხება საშალო და გრძელვადიან პერიოდებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება კურსის სავარაუდო ცვლილებაზე ვისაუბროთ. თუ ჩვენ გვინდა 1 წლის ლარი იმაზე მყარი იყოს, ვიდრე დღეს არის, აუცილებელია ტურიზმის და უცხოური ინვესტიციების წახალისება, რომ უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადები გაიზარდოს. გზავნილები და ექსპორტის ზრდის პრობლემა კი საკმაოდ მწვავეა და მხოლოდ შიდა რესურსით ამ პრობლემების გადაწყვეტა არ მიმაჩნია რეალურად, ვინაიდან ორივე მიმართულება დამოკიდებულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ და გზავნილბის მხრივ ძირითად დონორ ქვეყნებზე. ყველა ამ მიმართულებით ძალიან მწვავე პრობლემებია, ომი უკრაინაში, ეკნომიკური კრიზისი რუსეთში, ეკონომიკური ზრდის შენელება თურქეთში, აზერბაიჯანის მიერ ავტომობილების შეყვანაზე დაწესებული შეზღუდვები – ყველა ეს მიმართულება საქართველოს მიერ უცხოური ვალუტის მოზიდვას აფერხებს. ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობას რჩება ეს არის ინვესტიციების შემოდინების და ტურიზმის წახალისება.
ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ძალიან სასიხარულო ფაქტი – საქართველოს და ჩინეთის სარკინიგზო ხაზით დაკავშირება, რომელიც ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროდ იქცევა.
ამდენად, ჩემი აზრით, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოხდეს კურსის სტაბილიზაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერიოდზე მთელი ყურადღების გადატანა, არ უნდა იყოს მიზანშეწონილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესები მიშვებული იქნას თვითდინებაზე და არსებულ ეტაპზე ნაბიჯები არ გადაიდგას.”
გიორგი მიქანაძე, ასისტენტ-პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი:
“ვფიქრობ, ასეთი ტონისა და შინაარსის განცხადებები ეროვნული ბანკის მხრიდან უპასუხისმგებლო და წინდაუხედავი ან პირიქით, – გამიზნული ნაბიჯია. შესაძლოა პასუხისგებაშიც კი იყვნენ მისაცემი რიგი პირები. ვიღაცამ ეს საქმე უნდა მოიკვლიოს. ისედაც გაღიზიანებულ საზოგადოებას, ამ მძიმე, სტრესულ პოლიტიკურ ფონზე, მსოფლიოში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ამ ყველაფერზე რეაგირებენ ადამიანები – ეკიდევ პანიკას უმატებენ და უკვე ოჯახებში, ბიზნესში დამატებითი დისონანსი და შიში შემოაქვთ.
დიახ, ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ ჩაერიოს და პანიკა არ შექმნას ქვეყანაში. ისე იკვეთება სიტუაციები, რომ თითქოს პროვოცირება მოხდა, ხელოვნურად მიიყვანეს სიტუაცია ამ მდგომარეობამდე და ეს დაგვიანებული ნაბიჯიც ასე, პანიკის პროვოცირებისთვის გადადგეს. ვერ გეტყვით ვინ რა ინტერესებით გააკეთა ეს, – თუმცა… იმდენად მარტივადაა საქმე, რომ თითქოს ყველაფერი გამიზნულად მოხდა, დოლარის კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა ქვეყანაში. ბაზრიდან მოხდა დოლარის მასის ამოღება, რაც მოაკლდა ეკონომიკას და შექმნა დეფიციტი დოლარზე და შესაბამისად, გააძვირა. ეროვნულმა ბანკმა, საჭიროების შემთხვევაში, დაშვებულობის ფარგლებში, ბაზრის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი, ასტიმულიროს. ამაში ახალი არაფერია და ასეთი განცხადებით, ქადაგიძე კერძო ბანკებს აპანიკებს, მთელ საბანკო სისტემას და ფინანსურ ისნტიტუტებს უქმნის საფრთხეს, საოჯახო მეურნეობებს, მცირე ბიზნესს და მსხვილ ბიზნესს აიძულებს, რომ რისკებით და შიშით მართონ პროცესები.
შესაძლოა ამ ერთმა განცხადებამ, ბრიფინგმა, ეს შედეგი მყისიერად არ მოიტანოს. თუმცა, ეროვნული ბანკის მენეჯმენტის ეს დამოკიდებულება აშკარად საფრთხის შემცველია. მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები ქვეყანაში ყველა ინვერსტორს და რეინვესტორს, რაღაც დოზით, აიძულებს, რომ თავი შეიკავონ ინვესტირებისგან. მათ ექმნებათ არასტაბილურობის მოლოდინები და მაღალი რისკის გამო თავს იკავებენ მსხვილი დაბანდებებისგან. აღნიშნული, შესაბამისად, ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში შეუქმნის საფრთხეეს. მეორეს მხრივ, კი ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია უცხოური ინვესტიციები და ქვეყანაში დოლარის მასის შემოდინება და როგორ მოხდება ეს, თუ პროცესებს საწინააღმდეგო მიმართულებით წავიყვანთ და ფონს არ შევქმნით? მინდა კითხვა დავსვა, რატომ იყო აუცილებელი ამ ბრიფინგის გამართვა, ასეთი კონტექსტით? ეს არ იყო საინფორმაციო ბრიფინგი და მოსახლეობის საქმის კურსში ჩაყენება. როგორც იკვეთება ამას სხვა პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, ჩემის აზრით. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედონ ისე, რომ საზოგადოების და ბიზნესის პანიკამ დამატებითი პრობლემები არ შექმნას ბაზარზე. ეროვნული ბანკის პრობლემა მისახედია.”
ირაკლი ზარქუა, ექსპერტი ეკონომიკის დარგში:
“ის, რომ ლარის კურსი ახალ წონასწორულ წერტილებში გადადის ყოვედლღიურად ბუნებრივია. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული კურსი ზოგადად სავალუტო პოლიტიკასთან მიმართებაში. იგი არის მცოცავი, ოღონდ გარკვეულწილად მართვადი და როდესაც ის აღწევს მინიმუმს ან მაქსიმუმს უკიდურეს წერტილებში მაშინ უკვე ეროვნული ბანკი ერევა და ახორციელებს ინტერვენციებს ბაზარზე. მიზეზი ამ პროცესებისა არის ის, რომ ჩვენ ძირითად პარტნიორ ქვეყნებში რუსეთი, უკრაინა ,თურქეთი და მერე ევროპა, რთული ეკონომიკური მდგომარეობაა.
ეროვნული ბანკს გააჩნდა აქამდე სხვადასხვა ბერკეტი იმისთვის, რომ განეხორციელებინა ინტერვენცია, პირველი – გამოეყენებინა რეზერვები, ან მეორე – აეწია საპროცენტო განაკვეთი, რითიც ლარზე მოთხოვნას შეამცირებდა, ამით კი მოხდებოდა ლარის მასის ამოღება მიმოქცევიდან , რაც თავის მხრივ, განაპირობებდა მისი კურსის ამაღლებას. მას გააჩნდა ამის ბერკეტი მაგრამ არ იყენებდა, რას ელოდებოდა ჩემთვის გაუგებარია. ამ პროცესების გამომწვევი მიზეზია ტურისტული ნაკადის შემცირება საქართველოში, სავაჭრო პარტნიორებთან ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის არსებობა და რუსეთიდან შემცირებული ყოველწლიური გადარიცხვები, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით, 6 მილონზე მეტს აღწევდა.
ვფიქრობ, ქადაგიძის განცხადება დაგვიანებულია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რადგან ეროვნულ ბანკს ეს პროცესები ამ გადაწყვეტილებამდე არ უნდა მიეყვანა. რაც შეეხება ფასების ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებას, ვფიქრობ, რომ მნიშნელოვანი ზრდა პროდუქებზე არ მოხდება. ესეც, ვიმეორებ, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკი თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს. არის გონივრული ეჭვი იმისა, რომ ქადაგიძე და ეროვნული ბანკი, საბოჟატურ პოლიტიკას ატარებენ მთავრობასთან მიმართებაში. მათ თვეების წინ უნდა მოეხდინათ პრევენცია და გაენალიზებინათ ის, რაც ახლა ხდება. ღონისძიებების გატარება, ახლა დაგეგმვა და განახორციელება დაგვიანებულია მაგრამ, როგორც იტყვიან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.”
მასალა მოამზადა
ნათია კეკენაძემ