თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განმარტებით, ნატო-ს სასწავლო ცენტრს შეტევითი და აგრესიული მიზნები არ გააჩნია და ის საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებების კომენტირებისას ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს წვრთნისა და შეფასების ცენტრის მიზნებზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საკუთარ გამოსვლაში ნათლად ისაუბრა.
„ბატონი ზურაბი სავარაუდოდ, გულისხმობდა, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ბაზის განთავსება არ იგეგმება. იგეგმება წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმის ამაღლებას, მათ ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას მოემსახურება, ანუ ეს არ არის ბაზა, რომელსაც სამხედრო მიზნები აქვს. მას არავითარი შეტევითი, აგრესიული მიზნები არ აქვს და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისკენ. მიკვირს, რატომ ანერვიულობთ ჩვენს მეზობლებს ამ ცენტრის დაარსება. ეს არცერთი მესამე მხარის ინტერესების წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – განაცხადა ჯანელიძემ.
რაც შეეხება სერგეი ლავროვის განცხადებას და რუსეთის მიერ მიღებულ შესაბამის ზომებს, თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთს ვნებათაღელვის საფუძველი არ გააჩნია.
„რუსეთს ზოგადად ნატო-ს დასახელებაზე აქვს პრობლემა. მათი დამოკიდებულება ალიანსთან მიმართებაში ზოგადად ცნობილია, თუმცა კიდევ ერთხელ ვუსმავ ხაზს, მათ ზედმეტი ვნებათაღელვის საფუძველი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის პროექტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი საქართველოს ინფრასტრუქტურა იქნება“, – განაცხადა ჯანელიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერი-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებს.
“თანამშრომლობა არანაირად არაა მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურა განთავსდეს. ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ, საქართველოს უსაფრთხოებას, მისი ტერიტორიული მთლიანობის პრონციპს საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აქ რუსეთის სამხედრო ჯარების ინფრასტრუქტურის განლაგება”, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესაძლო გაწევრიანებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ”თუ ეს ნაბიჯები პრაქტიკულ ნაბიჯებში აისახება და როგორც ჩანს, ეს უკვე იწყება, რუსეთი მიიღებს ზომებს, რომ სიტუაციაზე ამ პროცესებისგან ნეგატიური გავლენა არ დაუშვას”.