როგორც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე აცხადებს, უკრაინას ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებების თანახმად ვალდებულება ბრალდებულების ექსტრადირება განახორციელოს.
„საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად უკრაინა ვალდებულია, ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს“,-განაცხადა შოთაძემ
ამასთან, როგორც შოთაძე აცხადებს, მისთვის გასაგებია, თუ რატომ არ თანამშრომლობს უკრაინის პროკურატურა საქართველოს პროკურატურასთან.
„მარტივი გასაგებია თუ რატომ არ თანამშრომლობს და არ ითანამშრომლებს უკრაინის პროკურატურა საქართველოს პროკურატურასთან ამ ეტაპზე. ჩვენ მივმართეთ უკრაინის პროკურატურას ამ ორი ბრალდებულის გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა ადეიშვილთან დაკავშირებით უარი მივიღეთ და გაიგზავნა განმეორებით მოთხოვნა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პასუხი დღესაც არ მიგვიღია, თუმცა ძალიან დიდი დროა გასული პირველი შუამდგომლობიდან, თუმცა როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არ თანამშრომლობს ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან“,-განაცხადა შოთაძემ
შეგახსენებთ, რომ საქართველომ უკრაინას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების თხოვნით მიმართა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 4 ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევასა და “იმედში” შეჭრაზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არკადი პატარაკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების გამო. სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს.
იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი მთავრი პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზებას ედავება. ადეიშვილზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული