ბორის ნემცოვის მკვლელობის მომენტში, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ნაწილი სარემონტო სამუშაოების გამო, გამორთული იყო. ამის შესახებ რუსული “კომერსანტი” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ ცხელ კვალზე ვერც მკვლელის და მისი თანამზრახველების დაკავება და ვერც იმ ავტომობილის პოვნა შეძლო, რომლითაც მკვლელმა შემთხვევის ადგილი დატოვა.
“საქმე იმაშია, რომ მოწმე ანნა დურიტსკაიამ, რომელიც ბორის ნემცოვს ახლდა, მომხდარის შედეგად მიღებული შოკის გამო, ავტომანქანის მარკაც ვერ დაასახელა. რაც შეეხება ირგვლივ დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებს, ნაწილი ან მკაფიო არ არის, ზოგიერთ შემთხვევაში ჩანაწერი საერთოდ არ არსებობდა, რადგან კამერები სარემონტო სამუშაოების გამო, გათიშული იყო”, – წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველი მისი თანმხლები გოგონას გარდა რამდენიმე გამვლელიც იყო, თუმცა მათ ჩვენებას გამოძიებისთვის განსაკუთრებული არაფერი მიუცია.
ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.