რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან აფხაზეთის რკინიგზაზე საუბარი არ ყოფილა.
ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინისა და მის შეხვედრაზე რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული კონკრეტული განხილვა არ მომხდარა.
“კულუარული ინფორმაციები და შეთქმულების თეორიები ჩვენში, რომ უყვართ, ისე არსად და მერე ეს ხანდახან გადადის პროვინციალიზმში. მე შეხვედრის დასრულებისთანავე ვთქვი, რომ არანაირი კონკრეტული, დეტალური განხილვა რკინიგზის აღდგენის შესახებ არ ყოფილა. კულუარული შეხვედრები რომ გვინდოდეს, რაღა პრაღაში შევხდებით ვინმეს. მე ვერ ვხედავ მათ განსაკუთრებულ დაინტერესებას, მაგრამ არანაირი კონკრეტული განხილვა არ ყოფილა”,-განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის დაწყების წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა,რომ შეხვედრაზე განხილვის თემა აფხაზეთის რკინიგზის საკითხიც იქნება, თუმცა დასძინა, რომ რკინიგზის თემის განხილვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია.
2006 წლის დასაწყისში საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან და სომხეთთან შესაძლო ერთობლივ კონსორციუმზე მრავალმილიონიან პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რეაბილიტაციას, თუმცა მაშინდელ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი 2012 წლიდან მიმდინარეობს, სადაც მოლაპარაკების ძირითად თემას რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენს.