2015 წლის დასაწყისისთვის მსოფლიო უკვე ორი კრიტიკული და პრობლემური მოვლენის პირისპირაა, ერთია გაიაფებული ნავთობი და მეორე, ძალადობა შუა აღმოსავლეთში.
ფიქრობენ, რომ დღეს არსებული გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ეს პრობლემები თავიანთ აქტუალურობას წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ. სხვადასხვა ფართო მოხმარების საქონელზე არსებული დაბალი ფასები კი დიდ ზიანს მიაყენებს ეკონომიკური რესურსების მქონე მდიდარ ქვეყნებს.
„Aon Risk Solutions” არის საერთაშორისო პროვაიდერი კომპანია (ნიუ-იორკში) რისკ მენეჯმენტში, რომელიც ადამიანებს აძლევს რჩევებს და სთავაზობს გამოსავალს ბიზნესის კეთებასა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
კომპანიის თქმით, მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საზოგადოებაში გამოიწვია ინტერესი იმის შესახებ, თუ სად არის,დღესდღეობით, ბიზნესი უსაფრთხო ან საფრთხის შემცველი. სწორედ, ამ მიზნით, კომპანიამ გამოსცა რისკფაქტორული მსოფლიო რუკა. რუკაზე დატანილია მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნები: ყვითელი ფერი ასახავს ბიზნესის წამოწყებისთვის საშუალოდ სარისკო ქვეყნებს, სტაფილოსფერი მაღალი რისკ მაჩვენებლის, ხოლო წითელი ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებს.
სამწუხაროდ, შედეგები არ არის იმედის მომცემი და სამომავლოდაც კარგს არაფერს გვპირდება. პირველ რიგში, რაც უნდა ითქვას არის ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 163 განვითარებადი ქვეყნიდან, მხოლოდ შვიდში დაფიქსირდა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. უმეტეს მათგანში, მაგალითად ზიმბაბვესა და ლაოსში, წარმატებით მიმდინარეობს პოლიტიკური სტაბილიზაციის პროცესი. ფიქრობენ, რომ 2015 წელი განსაკუთრებით, თორმეტი ქვეყნისთვის იქნება ყველაზე დაძაბული. მათ რიცხვშია ლიბია, ჰაიტი და პაკისტანიც.
„2015 წლის თორმიტივე თვე განსაკუთრებით დაძაბული იქნება ამ ქვეყანებისათვის“ – განაცხადა კურტ ინგრამმა, პოლიტიკური რისკების პრაქტიკოსმა.
მისი თქმით, ეს წელი დაემსგავსება ახალგახსნილ ვაკუუმს, რომელშიც ბევრი „ ცუდი მსახიობი“ მოთავსდა, ის ამ მაგალითით, გულისხმობს ყირიმს, აღმოსავლეთ უკრაინას, ნიგერიას, ერაყსა და სხვა ქვეყნებს, რომელშიც ერთდროულად მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები.
კომპანია „Aon Risk Solutions“ და მისი პარტნიორი კვლევითი ორგანიზაცია Roubini Global Economics ეკონომისტმა, ნაურელ რუბინმა დაარსა. მან გამოყო ის კატეგორიები, რომელთა მეშვეობითაც დადგინდებოდა ქვეყანათა რისკ-ფაქტორული მაჩვენებელი.
ეს კატეგორიებია: საგარეო ვალუტის ცვლილება, კაპიტალური დაბანდებები, სასამართლო და სამართლის რეგულაციები, სახელმწიფოს საშინაო–საგარეო პოლიტიკა და ძალადობა.
აღნიშნული კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეიცავს ინფორმაციას მხოლოდ განვითარებად სახელმწიფოებზე, რაც შეეხება დანარჩენებს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნები კვლევაში არ არიან მოხსენიებული.
ანგარიში გვთავაზობს იმ ხუთ ფაქტორს, რომელიც 2015 წელს საერთაშორისო სისტემაში არსებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს უფრო მეტად გაამწვავებს.
1. რუსეთი
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად დავინახეთ, რომ რუსული ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყნის ეკონომიკური პროცესები შეაფერხა. კვლევაში რუსული ეკონომიკური პრობლემების გარდა ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაზეც არის საუბარი, ავტორები ფიქრობენ რომ ამ გავლენიანი პიროვნების სიკვდილი 2015 წელს რუსეთში, ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირებების გამწვავების მიზეზი გახდება.
ანგარიშში წერია, რომ „რუსეთის , როგორც საგარეო, ისე საშინაო არასტაბილურობა მთელს რეგიონს შავ ჩრდილად გადაეფარება“. ამასთანავე, მათი აზრით, 2015 წელს მოსალოდნელია, სავაჭრო პარტნიორების ბელარუსისა და ყაზახეთის მოლაპარაკების პროცესში სირთულეების არსებობაც. მკვლევარები ფიქრობენ, რომ „გაყინული კონფლიქტები უკრაინაში სანქციებთან ერთად წლის ბოლომდე გაგრძელდება“.
2. ნავთობი და სხვა ფართო მოხმარების საგნები, მწარმოებელი ქვეყნები და პრობლემები
ფიქრობენ, რომ რუსეთი, ვენესუელა და ირანი ნავთობის გადაჭარბებული რაოდენობის გამო „დაისაჯნენ“. ამ ქვეყნებში არსებული პრობლემები ნავთობის ფასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა , სერიოზულ ზიანს აყენებს შედარებით უფრო პატარა , ნავთობმწარმოებელ ქვეყნებს: უზბეკეთს, თურქმენეთს და ა.შ.
არსებულმა მყიფე სავალუტო პოლიტიკამ და კაპიტალური დაბანდების რეგიონალურმა პრობლემებმა ამ ქვეყნებში გამოიწვია „სავაჭრო შოკი“. ამათ გარდა, ისეთ სამთო და ენერგო რესურსების მქონე ქვეყნებს, როგორიცაა ანგოლა, კამერუნი, კონგო და ნიგერია რეგიონალური პრობლემებიდან გამომდინარე, შემოსავლებთან ერთად ხარჯებიც შეუმცირდათ. რაც მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
3. კონფლიქტი და ძალადობა
2015 წელს, მსოფლიო საზოგადოებისათვის დიდ საშიშროებად მიჩნეულია „ისლამური სახელმწიფო“ სირიასა და ერაყში და სამხედრო დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში, ისინი ხელს უშლიან რეგიონის სტაბილიზაციას.
ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ რეგიონებში მსგავსი სამხედრო დაჯგუფებების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ძალადობის გაზრდას, მის წინააღმდეგ ბრძოლას კი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის სამოქალაქო საზოგადოება ვერ შეძლებს.
4. საპროცენტო განაკვეთები
ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, რომ 2015 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საპროცენტო განაკვეთები, გლობალური კონკურენცია და რიგი ქვეყნებისთვის გადაუხდელი საგარეო ვალი იქნება.
5. შუა აზია და ჩრდილოეთ აფრიკა
კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ 2015 წელს, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ეგვიპტე, ტუნისი და მაროკო ნავთობის ფასის ვარდნას გამოიწვევენ. სამივე ქვეყანა მოხსენების თანახმად, მიეკუთვნება მაღალ და ყველაზე სარისკო ქვეყანათა რიცხვს.
მათ შესაძლოა რეგიონალურ, ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გაუძლონ და საგარეო უსაფრთხოების კუთხით, „მოთავსდნენ“ ერაყის, ლიბიისა და სირიის „ვაკუუმში“. იგივე შეიძლება ითქვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ფიქრობენ, რომ საჭიროა ამ ქვეყნებში კერძო სადაზღვევო შეთავაზებები კომპანიებისთვის, რომლებიც არ შეუშინდებიან პოლიტიკურ რისკებს და შექმნიან ახალ ბიზნესს აღნიშნულ ქვეყნებში.
ყველას სჭირდება მეტი უცხოური ინვესტიცია, ხოლო ინვესტორებს სჭირდებათ, ბიზნესის კეთების ახალი, განვითარებადი და რაც მთავარია, – მშვიდობიანი გზები. მაგრამ როგორც ჩანს მკვლევარები პესიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ ასეთი შეთავაზებები საკმარისი არ არის ბიზნესის დასაწყებად ქვეყნებში. მათ ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ მოჰყავთ მოგზაურობა და ტურიზმი.
მაგალითისთვის, დღესდღეობით, სულ მცირე, თურქეთსა და მექსიკაში, შუა აზიასა თუ ლათინურ ამერიკაში მოგზაურობა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გამო ძალიან საშიშია.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე