საქსტატის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2011 წელთან შედარებით მცირედით, 0.1%-ით შემცირდა და 15.0 %-ი შეადგინა. 2012 წელს 2011 წელთან მიმართებაში მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.7%-ით, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.4 %-ით.
უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურობისა და დასაქმების დონეები გაზრდილია როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი.
2012 წელს 2011 წელთან მიმართებაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 4.8%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 2.8%-ით, რის შედეგადაც აღნიშნული თანაფარდობა მცირედით შეიცვალა.
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. თუმცა, 2012 წელს სოფლის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე გაიზარდა 0.5 %-ით, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3%-ით, აცხადებენ საქსტატში.
მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება უმუშევრობის დონის მაჩვენებელს რეგიონულ ჭრილში, აღსანიშნავია მისი კლება კახეთის რეგიონში 2.4%-ით და აჭარის ა/რ-ში – 1.5%-ით.
უმუშევრობის დონე გაზრდილია შიდა ქართლისა და ქვემოქართლის რეგიონებში შესაბამისად 1.7 და 1.6%-ბით. დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2012 წელს 2011 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონე მამაკაცებში 0.6%-ით შემცირდა, ხოლო ქალებში 0.7%-ით გაიზარდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად ქალებში უმუშევრობის დონე ნაკლებია ვიდრე კაცებში.
ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა დიასახლისია და, შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.
ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს. 2012 წელს ქალებში არააქტიურობის დონემ შეადგინა 42.6, ხოლო კაცებში 21.8%-ი.
ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე. აქტიურობის დონის სქესობრივ ჭრილში განხილვისას, აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში აქტიურობის დონემ 2012 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს (78.2%-ი) მიაღწია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ხოლო ქალებში – ბოლო ცხრა წლის მანძილზე.
ქალებში დასაქმების დონემ 2012 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო რვა წლის მანძილზე, ხოლო კაცებში – ბოლო ცხრა წლის მანძილზე.
უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2012 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (36.9%-ი).
უმუშევრობის დონე ასევე გაზრდილია 40-44 და 55-59 წლების ასაკობრივ ჯგუფებში, შესაბამისად 3.7 და 1.4%-ით.
ამასთან, უმუშევრობის დონის ყველაზე დიდი შემცირება (4.1%-ით) დაფიქსირდა 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში.
ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.
27.05.13