დღეს, მთავრობის კანცელარიაში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრიფინგი გაიმართა, რომელიც შეეხებოდა ”არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს”, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
წულუკიანის თქმით, მიღებული დოკუმენტი არის ძალიან დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ეყოლება სპეციალიზებული მოსამართლეები, სოციალური მუშაკები, პოლიციელები და პროკურობები.
მინისტრის განცხადებით, კოდექსის ფარგლებში ჩამოყალიბებდა ინდივიდუალური მიდგომა არასრულწლოვნებისათვის, რათა მათ მომავალს საფრთხე არ შეექმნას.
კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც თეა წულუკიანმა ისაუბრა არის ის, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნებს ის გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ.
”იურიდიული დახმარების ბიუროში შეიქმნება ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც ბავშვთა საქმეებზე იმუშავებს. ამ კოდექსით ასევე შემოდის ისეთი სამართლებრივი თანამედროვე ტერმინები და ცნებები, როგორებიც არის უკიდურესი ზომის სახით პატიმრობა 14-18 წლამდე ასაკის ბავშვების, აგრეთვე ინდივიდუალური მიდგომა არასრულწლოვნისადმი, რათა მისი მომავალი ბედი იყოს სისხლის სამართლის პროცესში განმსაზღვრელი და სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ დანაშაულების ჩამდენი რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს. აგრეთვე განისაზღვრება ბრალდებულებად ყოფნის ვადა: თუ დიდებისთვის არის 9-თვიანი ვადა, არასრულწლოვნებისთვის იქნება 6 თვე, თუ სრულწლოვნებისთვის წინასასამართლო სხდომამდე არის 60 დღე, არასრულწლოვნებისთვის იქნება 40 დღე. გარდა ამისა, აიკრძალება არასრულწლოვნისთვის სასჯელი უვადო პატიმრობის სახით. ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ არასრულწლოვნების ინტერესებს მოვარგოთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ეფექტურად ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს შემდეგი პრინციპი: როგორც კი არასრულწლოვანი მოიხდის სასჯელს, ეს სასჯელი ჩაითვლება გაქარწყლებულად გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის თავიდან ჩაიდენს დანაშაულს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ასევე, მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვნებისთვის სასჯელის სახით შინაპატიმრობაც შემოდის, რაც შედარებით იაფი დაუჯდება სახელმწიფოს, ვიდრე პატიმრის შენახვა.
”ეს სახელმწიფოსთვის პირველად ინვესტიციას მოითხოვს, რათა სასჯელაღსრულების სამინისტრომ სამაჯურების შესყიდვის პროცესში შეძლოს ამის პრაქტიკაში იმპლემენტაცია. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო დიდ ეკონომიას მიიღებს, რადგან შინაპატიმრობა სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე პატიმრის მოვლა-პატრონობა საპატიმროში”, – განმარტა მინისტრმა წულუკიანმა.
ნინა პირტახია