რეზიდენცია ათონელზე, რომელიც ჯერ საქართველოს მთავრობისთვის განისაზღვრა, შემდეგ პრეზიდენტისთვის, საბოლოოდ შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროს დარჩეს.
ინფორმაცია ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გაავრცელა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, რომელი შენობა უნდა გაყიდოს მთავრობამ, ათონელზე მდებარე რეზიდენცია, თუ მთაწმინდაზე მოქმედი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან შეხვედრის დროს გიორგი კვირიკაშვილმა იმ ობიექტების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომელსაც მთავრობა უახლოეს პერიოდში გაყიდის.
არსებული ინფორმაციით, იყიდება “საქართველოს ფოსტის” შენობა, ბობოყვათის რეზიდენციები, წყნეთის აგარაკები, “ეროვნული ბანკის” ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს შენობა, “თელასის” 25%-იანი წილი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, გუდაურის სასტუმროს კომპლექსი, ღვინის ქარხნები “გრუზ ინპორმი” და “აკურა,” ბალნეოლოგიური კურორტი ორთაჭალაში, ბათუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობა, სადაც სასტუმრო კომპლექსი განთავსდება, ნარკოლოგიური ცენტრის შენობა, წყალტუბოს სანატორიუმები და მიწის ნაკვეთები თბილისში.