საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანის საკითხზე და მასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ პროექტზე უმრავლესობა განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით სპეციალური სხდომის გამართვას გეგმავს.
პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთან კომიტეტის ხელმძღვანელის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, იგეგმება აღნიშნულ თემაზე მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მოსმენა.
“ჩვენ განვიხილავთ თუ რა რისკები შეიძლება ახდეს იმას თუკი ბავშვი 5 წლის ასაკიდან შევა საჯარო სკოლაში. ამ შემთხვევაში საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც 6 წლამდე სამი თვე ან სამთვენახევარი უკლიათ. პირადად, მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე რისკი არ არსებობს. თუმცა, კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის საკითხზე უმრავლესობის ფორმატში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტმა გასული კვირის სესიაზე პირველი მოსმენით ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო, რომლის მიხედვით მშობელს შესაძლებობა ეძლევა ბავშვი საჯარო სკოლაში 5 წლის ასაკიდან მიიყვანოს. როგორც პროექტის განხილვისას ითქვა, ეს შესაძლებობა, ძირითადად იმ ბავშვებს შეეხება, რომლებიც 6 წლის სასწავლო წლის დაწყებიდან დეკემბრამდე პერიოდში ხდებიან. საკანონმდებლო ინიციატივა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, კობა სუბელიანს ეკუთვნის.