დღეს გაიმართა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ მე-3 სხდომა.
კომისიამ განიხილა ებრაული თემის განცხადება ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #33-ში მდებარე სინაგოგის გადაცემის თაობაზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. გარკვეული სამართლებრივი პროცედურის შემდგომ შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.
რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ასევე განხილულ იქნა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ შუამდგომლობა ხულოს რაიონში მოქმედი რელიგიური საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების (მეჩეთების)„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.
კომისიამ იმსჯელა რვა მეჩეთზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.
სააგენტოსვე ინფორმაციით, სხდომაზე მე-4 საკითხად განიხილებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ წარმოდგენილი თვრამეტი შუამდგომლობა. მსჯელობის შედეგად კომისიამ სამი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ერთზე-ხარვეზი დაადგინა და თოთხმეტი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
კომისიამ ასევე განიხილა „მისია ფრიდენსბოტე ი.ვ.ი-ს“ განცხადება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება თბილისის მერიის სათანადო სამსახურს.