საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ინსულინის ერთ-ერთი სახეობა ლანტუსი დეფიციტშია. ამასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ პრესკონფერენცია გამართა. სოფრომაძე გუშინ ერთ-ერთ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტზე იყო საუბარი. ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომ შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს და ლანტუსი ქსელში გაიცემა. “ჩვენი კონტრაქტორია “მედფარმა” და მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რაიონში, თბილისში, “მედფარმას” ქსელში შესაძლებელია პრეპარატატი ლანტუსი ყველა მომხმარებელმა მიიღოს. ერთადერთი შეზღუდვა მდგომარეობს იმაში, რომ ნაცვლად სამი თვის მარაგისა, ერთი კვირის განმავლობაში, მომხმარებლები ერთი თვის მარაგს მიიღებენ, ხოლო მომავალი კვირიდან ისევ აღდგენა სამთვიანი რეჟიმი და ყველას შეეძლება სამთვიანი მარაგის შევსება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა იმ მოქალაქეთა წრე, რომლებიც ლანტუსს იღებენ”, – აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ. მისივე თქმით, ლანტუსი ინსულინის სპეციფიკური სახეობაა და მისი არარსებობა არ იწვევს ისეთ ფატალურ შედეგს, როგორიც გუშინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დახატა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია ინსულინები, მათ შორის ინსულინის ანალოგები, როგორც ბავშვთა ასევე 18 წელზე უფროსი ასაკის ბენეფიციარებისათვის. ბავშვთა ასაკისათვის შესყიდულია როგორც ფლაკონები, ასევე კარტრიჯები, მათთან თავსებადი ინსულინის შპრიც-კალმები და ნესმები. როგორც სამინისტროში განმარტავენ, უფროსი ასაკის ბენეფიციარებისთვის პროგრამულად გათვალისწინებული არ არის შპრიც-კალმების შესყიდვა. სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს ამ ასაკისთვის კალმების განსაზღვრული რაოდენობის შემოტანას საჩუქრად.