ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის ოფიციალური დელეგაცია მიიღო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინიატრაციაში მიიღო თურქეთის დელეგაცია, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის უფროსი ქუდრეთ ბულბული ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ისტორიულად ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ერის მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ.
მხარეებმა განიხილეს რელიგიის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის, კერძოდ, საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ქრისტიანებისა და მუსლიმების რელიგიური უფლებების დაცვის, აგრეთვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ფონზე რელიგიური იდენტობის მნიშვნელობისა და აქტუალობის საკითხები.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო თავისი რელიგიური და ეთნიკური მრავლაფეროვნებით საინტერესო ქვეყანაა, მოიწონეს სახელმწიფოს ინიციატივა კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი ტრადიცია და მემკვიდრეობითობა.
სტუმრებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესთავაზეს რელიგიური განათლების მიმართულებით თურქეთის გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის დელეგაციის წევრები: მურათ გურბუზი, ნედიმ ასლანი, გურქან ფოლადი, ვეისელ გუნდუზი; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები: არჩილ მეტრეველი, გელა კვარაცხელია, მალხაზ აფციაური.