ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზერმანის განცხადებით, ის მზადაა, 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოს.
მისივე თქმით, ის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო მარშს დაესწრება. “მე მოსკოვში მადლიერებისა ნიშნად მივდივარ, რადგან ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, რომ გერმანულად არ ვისუბროთ და არ გავიძახოდეთ: „გაუმარჯოს ჰიტლერს“ ან „გაუმარჯოს ჰეიდრიხს“, – განაცხადა ზემანმა. მისივე განცხადებით, საბჭოთა კავშირის სამხედროებმა 1945 წელს მისი ქვეყანა გაათავისუფლეს და მათ, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ისტორია არ იციან. ხოლო მოლდოვას პრეზიდენტმა, ნიკოლა ტიმოფტიმ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იტყობინება.
როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ნიკოლა ტიმოფტი 9 მაისის ღონისძიებებს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დაესწრება. მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით მიწვეული იყვნენ მოლდოველი სამხედროებიც, რომელთაც აღლუმში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა, როგორც ირკვევა რუსეთის დედაქალაქში არც ისინი გაემგზავრებიან.
ამ დროისთვის 9 მაისის ღონისძიებებზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებაზე უარი არაერთმა მსოფლიო ლიდერმა განაცხადა. მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ასევე პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის და სლოვაკეთის პირველმა პირებმაც. ისინი ღონისძიებაზე დასწრებაზე უარის თქმის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინის კონფლიქტის ესკალაციას ასახელებენ.