unnamed (2)აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 72-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ესტუმრა და მათ საჩუქრად სხვადასხვა უნარების განმავითარებელი სათამაშოები გადასცა.

2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საჯარო სკოლებში, საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრირებული კლასები იხსნება, სადაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ. ერთ-ერთი ასეთი კლასი თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. აქ ბავშვები განათლებას განსაკუთრებული მეთოდოლოგიის გამოყენებით იძენენ. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მორგებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინტეგრირებული კლასის არსებობის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის სოციალური უნარების განვითარებას, თანატოლებთან ურთიერთობას, ქცევის მართვას, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა შეძლონ თანატოლებთან აქტიური კომუნიკაცია და სასწავლო პროცესში მათი ჩართვის ხარისხის გაზრდა. ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები იყენებენ სოციალური და სწავლის, ქცევისა და ყოველდღიური ცხოვრების ჩვევების გასაუმჯობესებელ მეთოდებს. ასეთი მიდგომა აუცილებელია რადგან, აუტისტური სპექტრის აშლილობა გავლენას ახდენს მოსწავლის ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაზე, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, ასევე განვითარების პროცესებზე,

ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებული კლასისთვის კონკურსის წესით შეირჩა: პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). ამ კლასში სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს, არის გაკვეთილები, რომელიც ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს არსებული სკოლის მოსწავლეებთან ერთად უტარდებათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ინკლუზიური სწავლება განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, სამინისტრო სსსმ მოსწავლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ინტეგრირებული კლასები ფუნქციონირებს. გარდა ამისა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში, სადაც თუნდაც ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა, სამინისტროს მიერ სპეცმასწავლებელი ინიშნება, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს ამ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან.

2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ორი ინტეგრირებული კლასის გახსნას უზრუნველჰყობს.

(Visited 78 times, 1 visits today)

კომენტარები