“საგამომცემლო სახლმა ქართულმა ელიტამ” ახალი კრებული გამოსცა – თამთა ბანძელაძის ლექსები – “ფერადი ქოლგების ჩრდილები”, გამომცემელ-რედაქტორი – ნუგზარ ჭიაბერაშვილი. წიგნის პრეზენტაცია კლუბ “ვან საიდში” გაიმართა და ღონისძიებას ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.
წიგნის ავტორმა – თამთა ბანძელაძემ, საკმაოდ ორიგინალური პოეტური ხედვა და წიგნი შესთავაზა მკითხველს თავისი დიზაინით – წიგნს, რომ გადაშლით მარცხენა მხარეს ცნობილი ქართველი ვარსკვლავის ფოტოა, მარჯვნივ კი ლექსი, რომლებიც შინაარსობრივად სრულებით შეესაბამება ერთმანეთს.
საღამო თათა ჯაშს მიჰყავდა, ხოლო პოეტის შემოქმედებას მსახიობები ზვიად დოლიძე და შაკო ივანიაშვილი კითხულობდნენ.
წიგნს ყველასთვის ცნობილი ექიმი და საყვარელი პოეტი – საზოგადო მოღვაწე, ლადო კახაძის წინასიტყვაობა ამდიდრებს და მისი წაკითხვის აუცილებლობას გვიხსნის…
წიგნის შესავლის მაგიერ
ჩემო ძვირფასო სტუმარო. ასე იმიტომ მოგმართავთ, რომ თქვენ ახლა ეს ლამაზი წიგნი გიჭირავთ ხელში და შემობრძანებული ბრძანდებით ერთი მშვენიერი ასულის სამფლობელოში. დიახ, სამფლობელოში! იგი აქ დამოუკიდებელი, დახვეწილი, გულმართალი, კეთილმოსურნე დიდი დიასახლისია თქვენთვის მომზადებული საუცხოოდ შეზავებული ნუგბარით. სულიერებისათვის საგულდაგულოდ შერჩეული ჩაროზით. მისი პოეტური ქმნილებანი ხომ სწორედაც ჩაროზივით დაემშვენება ეგზომ მოსაწყენ, ერთფეროვან ჩვენს ყოველდღიურობას… მიირთვით იგი. ჩაიტკბარუნეთ გონგახედნილი გრძნობანი და შემდეგ თამამად ჩაიხედეთ სარკეში, იქ თქვენ “სულის ორეულს” დაინახავთ ხელში “ბედნიერების პატარა ნაგლეჯით” და იმედიანი თვალებით. დიახ ეს თქვენა ბრძანდებით, თქვენ რომელნიც გადაურჩით “ცხოვრების ქვაფენილზე დაყრილ ხაფანგებს” და ვერ გაცდუნათ “ნიღბიანმა ლაქიებმა”… გემოვნებაზე და შესაძლებლობებზე არ დაობენ. ერთიც და მეორეც მკვეთრად ინდივიდუალურია და მკაცრად სპეციფიკური… ამ სამფლობელოში თქვენ თავს ძალზედ კომფორტულად იგრძნობთ, იმიტომ რომ ლექსებში ჩატეულ გრძნობას თქვენი მოთხოვნილების მიხედვით შეითვისებთ, შეირგებთ და სულიერებს გაიჯანსაღებთ… დაიმახსოვრეთ თქვენი დიასახლისი – თამთა ბანძელაძე – თქვენი უბადლო მშვენიერი მასპინძელი. კეთილი იყოს თქვენი ურთიერთწარდგილება… სიყვარულით და პატვისცემით, ვლადიმერ (ლადო) კახაძე