რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს საიმონ სმიტს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. გიორგი ამაშუკელმა ჰოლანდიური მხარის წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა შეხვედრაზე, ასევე, ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სფეროში მომუშავე 10 ჰოლანდიური კომპანიისაგან შედგება, რომლებიც საქართველოს ბაზრით არიან დაინტერესებულნი.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოლანდიაში კოტე სურგულაძე და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი.