საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რიგაში ლატვიელ კოლეგას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდრის ბერზინშის დროებით რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
სახელმწიფო მეთაურები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ. შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
საუბრისას პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და ბიზნესურთიერთობის სამომავლო გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი თემა მაისში დაგეგმილი რიგის სამიტი იყო.
განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას დაეთმო.
გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, გასულ წელს საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის ვიზიტის მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილი ლატვიაში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. გასული წლის ნოემბერში ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიელ კოლეგას საქართველოში უმასპინძლა.