“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მალე მიიღოს,” – ეს განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშიმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ლატვიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რიგის სამიტისთვის საქართველო მზად იქნება.
“ნიშანდობლივია, რომ სწორედ ლატვია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მოხდა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება. იმედი მაქვს, საქართველო ღირსეულად წარსდგება რიგის სამიტზეც. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს,” – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.
ანდრის ბერზინშიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაც დააფიქსირა, უშუალოდ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის საკითხზე კი განმარტა, რომ გიორგი მარგველაშვილთან აუდიენცია ქართულ-ლატვიური მჭიდრო ურთიერთობების დასტური და ნათელი მაგალითი იყო.