თურქეთში, „კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების“ ორგანიზებით ქალაქ ინეგოლის მუნიციპალურ თეატრში „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი მე-2 კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით: „დედა ენა“.
როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო სამინისტროდან აცნობეს, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ღონისძიებას დაესწრნენ ანკარიდან, სტამბოლიდან, იზმითიდან, გებზედან და თურქეთის სხვა რეგიონიდან მოწვეული ქართული ისტორიული დიასპორული გაერთიანებების ხელმძღვანელები.
უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს წარმოშობით ქართველმა მკვლევარმა და ჟურნალისტმა აბდულაჰ თათაროღლუმ („თურქეთის ქართველობაში ქართული ენის დღევანდელი მდგომარეობა, პრობლემები და შესწავლის პერსპექტივები“) და საქართველოდან მოწვეულმა მეცნიერებმა: პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა („ქართული ანბანი, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი“) და ისტორიის დოქტორმა ზურაბ ბატიაშვილმა („ქართული ენის მოკლე ისტორია“); ასევე, თურქეთში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა“, თეონა ვარშალომიძემ („თურქეთელი ქართველებისათვის დედა ენის მნიშვნელობა, მისი შესწავლის აუცილებლობა და საშუალებები“).
მოხსენებების შემდეგ „კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების“ ბაზაზე არსებულმა ქართული ენის შემსწავლელი კურსის მოსწავლეებმა, სპეციალურად დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართულენოვანი პროგრამა წარმოადგინეს. ქართული ენის შემსწავლელ კურსს თურქეთში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“ თეონა ვარშალომიძე ხელმძღვანელობს.
კონფერენციის დასასრულს საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სკოლის მოსწავლეები კი ქართული წიგნებით, სასწავლო ლიტერატურითა და საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტთან ერთად სპეციალურად საელჩოს მიერ შექმნილი ქართული კალიგრაფიული ანბანის პლაკატებით დაასაჩუქრა,