საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკაში, ბანგლადეშსა და ნეპალში ლევან ნიჟარაძე ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ცნობით, ლევან ნიჟარაძე კატმანდუში გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა და დღეს დილიდან შეხვედრები ნეპალის გაეროს ოფისსა და ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართა, სადაც მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის გზები და საშუალებები განიხილეს.
საქართველოს ელჩს ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ირიცხებიან.
ელჩი ასევე შეხვდა ნეპალში ტურისტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეების ჯგუფს და მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ.
ხვალ შეხვედრა გაიმართება საქართველოს მოქალაქეების მეორე ჯგუფთან, რომლებიც ნეპალში ასევე ტურისტულად იმყოფებიან.
ელჩი ასევე დაუკავშირდა ქალაქ კოხორაში მყოფ ქართველებს, რომელთა დიდი ნაწილიც სამშობლოში 30 აპრილს დაბრუნდება.