თბილისის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KFW) შორის „Morgenstadt City Lab Tbilisi“ პროექტის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება KFW-ს მიერ 200 000 ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
როგორც “თბილისი თაიმსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ურბანული და რეგიონული განვითარების განყოფილების უფროსმა არნე გუსმა მოაწერეს.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, შეთანხმება მომავალზე ორიენტირებული ქალაქის კონცეფციის მომზადებას ითვალისწინებს. თბილისის მერის თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში, გერმანული კვლევითი ორგანიზაციის დახმარებით, ქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი მომზადდება.
„ეს არის „Smart City“-ის კონცეფცია, რომელიც ბევრ ქალაქში მუშაობს და თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. ეს მოიცავს ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის მართვას, როგორიც არის გარე განათების ენერგოდამზოგავი სისტემა, ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, ელექტრონული პარკირების სისტემა და ბევრი ისეთი რამ, რაც ქალაქის ეფექტურ მართვას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით გერმანული კვლევითი ორგანიზაცია დაგვეხმარება და მათთან პარტნიორობით მოვამზადებთ ქალაქის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტს, რომლის რეალიზაციასაც დავიწყებთ ეტაპობრივად. გერმანიის განვითარების ბანკმა ამისათვის 200 ათასი ევრო გამოგვიყო, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 40 ათასი ევროა. ჯამში 240 ათასი ევროს კვლევითი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ხელშეკრულება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. ფორუმი სახელწოდებით “ინტეგრირებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული ურბანული განვითარება“ სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ დღეს გაიხსნა. ფორუმის მიზანია იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც მწვავედ დგას სწრაფად მზარდი ქალაქების წინაშე.