დღეს თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ყურადღება ორ საკითხზე – მერიის მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევ კონკურსზე და პარკირების საკითხზე გაამახვილა.
თბილისის მერის განცხადებით, მერიას მომსახურებას „ლიბერთი ბანკი“ გაუწევს. დავით ნარმანიას განმარტებით, მერიის მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევად კონკურსი წინა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო გამოცხდდა.
დედაქალაქის მერის თქმით, კონკურსი 29 აპრილს გაიმართა, მასში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მათ შორის საუკეთესო პირობების მქონე ბანკი შეირჩა.
„ეს არის „ლიბერთი ბანკი“, რომელმაც 9, 3 %-ი შემოგვთავაზა მის ანგარიშზე რიცხულ დეპოზიტებზე. შესაბამისმა კომისიამ მიიღო რეკომენდაცია, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა პარკირების საკითხს. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თბილისში ვიწრო ტროტუარებზე პარკინგი შეიზღუდოს და პარკირების 50 ადგილი გათავისუფლდეს.
„ჩემი დავალებით ჯერ კიდევ, სამი თვის წინ დავიწყეთ ტროტუარებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა. იქ, სადაც ვიწრო ტროტუარია, ჩვენ ვზღუდავთ ავტომანქანების პარკირებას და დღესაც ვამტკიცებთ ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 50 პარკირების ადგილი მოიხსნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს მრავალსართულიანი პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით.