ადამიანის სურვილები უსაზღვროა, მათი ბოლომდე დაკმაყოფილების შანსი კი ძალიან დაბალი. მიუხედავად ამ შეუთავსებლობისა, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ამისკენ სწრაფვა წარმოადგენს. ადამიანები ყოველდღიურად ვიბრძვით ბედნიერებისა თუ თავისუფლებისთვის – იმისთვის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ბედნიერებას კი ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს: წარმატებული კარიერა, პირადი ინტერესები, ოჯახი, ჯანმრთელობა, სიყვარული, გართობა, ფული, რწმენა, მატერიალური საგნები,სულიერი ღირებულებები თუ მრავალი სხვა. იდეაში, ამ ყველაფრის თანხვედრა ნამდვილად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუმცა პრაქტიკაში მას იშვიათად თუ შევხვდებით. თითოეულ იმ ფაქტორს, რომელიც ჩვენ გვაბედნიერებს, თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, რომელიმე ერთის გამორჩევა და მისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანის“ სტატუსის მინიჭება საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა. რის გარეშე ვერ ვიცხოვრებდით? ამ კითხვაზე სტანდარტული პასუხი არ არსებობს. უფრო სწორედ, არსებობს იმდენივე პასუხი, რამდენი ადამიანიც დადის დედამიწაზე. ვისთვის ეს, ვისთვის ის, ჩემთვის კი ჯანმრთელობაა ყველაზე მთავარი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების ან უძლურობის არარსებობა. ეს ადამიანის სიცოცხლის ხარისხის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერს ეკარგება თავისი ხიბლი – ფულსაც, კარიერასაც, სიყვარულსაც… შესაბამისად, აუცილებელია, რომ განსაკუთრებულად სწორედ მას გავუფრთხილდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი ერთად არ გაუფასურდეს. ჯანმრთელ ადამიანს ბევრად უფრო დიდი ენერგია და შესაძლებლობები აქვს. მეტია მოტივაცია და სტიმულიც იმისთვის, რომ ჩვენ ბედნიერი მომავლისთვის ვიბრძოლოთ.
ჯანმრთელობა არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და მარეგულირებელი სისტემები მთლიანი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას ინარჩუნებენ. რეალურ სამყაროში ამ მდგომარეობის რღვევას, ერთად და ცალ-ცალკე, ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. არსებობს უამრავი დაავადება, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესებაზე პირდაპირ ზემოქმედებენ. ზოგიერთი მათგანი ადვილადგანკურნებადია, ზოგიერთის აღმოფხვრა კი უამრავ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავადებაა კიბო. საშინელი არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული სიმპტომები ახასიათებს, არამედ იმიტომ, რომ აღმოჩნდება ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით.
ორგანიზმის მრავალი ნაწილის კიბო არსებობს. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაინტერესდა. ეს დაავადება მთელს მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია. დღეს საქართველოში არსებობს ამ დაავადების პრევენციისთვის მებრძოლი ეროვნული სკრინინგის ცენტრი, სადაც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის ქალბატონებს უფასო გამოკვლევებს სთავაზობენ. მკერდის კიბოს შესახებ ჩვენ ცენტრის მამოლოგს – თამარ აბულაძეს ვესაუბრეთ.
„ეროვნული სკრინინგ ცენტრის პროგრამა 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობის მიზანია ადრეული დიაგნოსტიკის გზით სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია. საქართველოში, სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შედეგად, ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ კიბოს შემთხვევებმა იმატა. უბრალოდ, გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შეძლეს სკრინინგ ცენტრებისთვის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ. ეს ნიშნავს, მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში. მანამ, სანამ დაარსდებოდა ეროვნული სკრინინგ ცენტრი, ქალთა უმრავლესობა სპეციალიზირებულ კლინიკაში კიბოს უკვე მესამე ან მეოთხე სტადიით მიდიოდა – მაშინ, როდესაც კლინიკურად უკვე გამოვლენილი იყო კიბო. 2008 წლის შემდეგ სტატისტიკა საგრძნობლად შეიცვალა. ძუძუს კიბოს აღმოჩენა ამ ცენტრის დახმარებით უკვე ადრეულ სტადიაზე ხდება – ეს არის ნულოვანი, პირველი, მეორე ა, მეორე ბ სტადიები.
სარძევე ჯირკვლის კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა. ეს არის დისჰორმონალური და სხვა რისკ-ფაქტორების ჯგუფის შედეგად წარმოქმნილი პათოლოგია, რომელსაც რომელიმე კონკრეტული რისკი არ იწვევს. დროთა განმავლობაში წარმოიქმნება ატიპიური უჯრედები, რომლებიც შემდგომ ყალიბდება როგორც კვანძი. ეს არის ქსოვილოვანი წარმონაქმნი, რომელსაც კონტური დარღვეული აქვს და ვასკულირებს.
სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოწვევის ბევრი რისკ-ფაქტორი არსებობს. ეს, შეიძლება, იყოს ადრეული მშობიარობა, გვიანი მენარხე, არასრულფასოვანი ალაქტაციის პერიოდი, გენეტიკური ფაქტორი, ხშირი აბორტი, გვიანი მენოპაუზა, ენდოკრინული პათოლოგიები, ტრავმა ასაკში… ძალიან ბევრი ფაქტორია, კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ყველა კვანძი კიბო არ არის. ძუძუში გარდა ონკოლოგიური პათოლოგიებისა, გვხვდება კეთილთვისებიანი წარმონაქმნებიც. ესენია კისტები, ფიბროადენომები, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდა ასაკის ქალებში შეინიშნება. ფიბროადენომა, ძირითადად, რეპროდუქციულ ქალბატონებში გვხვდება, მას ახალგაზრდა ქალბატონის დავადებასაც ვეძახით. სტრუქტურულად არის ქსოვილოვანი ტიპის, სადა კონტურით, ოვალური ფორმის და კარგად ისინჯება, თუმცა ეს არ არის არანაირი სახის ონკოლოური დაავადება. იმ შემთხვევაში, თუ ფიბროადენომა სწრაფი დინამიკით იზრდება, პაციენტს ჩვეულებრივ ოპერაციულ ჩარევას ვთავაზობთ.
კიბო არის ძალიან ვერაგი დაავადება, რომელსაც მტკივნეულობა არ ახასიათებს. ის, ძირითადად, უფრო გვიან სტადიაზე ვლინდება. არსებობს ბევრი სიმპტომი, თუმცა თვითგასინჯვა არის ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ პათოლოგია აღმოაჩინო. თვითგასინჯვაში იგულისხმება ის, რომ ქალბატონმა ძუძუ თავად უნდა გაისინჯოს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში, ანუ როგორც დაწოლილი, ასევე ფეხზეც. ქალბატონებს ხშირად ვურჩევთ, რომ მივიდნენ სარკესთან და დააკვირდნენ, ხომ არ დეფორმირდა დვრილი, ხომ არ გასქელდა ძუძუს კანი (ხშირად ის ლიმონის ქერქისავით ხდება), ხომ არ ესინჯება რაიმე კვანძი. ასევე უნდა ინახოს იღლიის ლიმფური კვანძები და თუკი რამე საეჭვო შეინიშნება, ქალბატონმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ონკოლოგიურ დაავადებას მტკივნეულობა, როგორც ასეთი, არ ახასიათებს. ზოგჯერ არის ძალიან პატარა წარმონაქმნი, რომელიც კლინიკურად არანაირად არ ვლინდება. მიდის ქალბატონი ექიმთან შემთხვევით, იკეთებს გამოკვლევას და აღმოაჩენს, რომ კიბო აქვს. საწყის სტადიას, ძირითადად, არანაირი სახის გამოვლინება არ აქვს და მისი აღმოჩენა სკრინინგს საშუალებით ხდება.
ეროვნული სკრინინგის პროგრამა გათვლილია 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის. ეს ის ასაკია, როდესაც ონკოლოგიურ პათოლოგიათა და კერძოდ ძუძუს კიბოს რისკი მაღალია. პაციენტი, რომელიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში, პირველ ეტაპზე მოდის ცენტრში. ცოტა ხნის წინ მოსვლის უფლება ჰქონდათ მხოლოდ მათ, ვისი იურიდიული საცხოვრებელიც იყო ქალაქ თბილისში. ახლა ეს პროგრამა გაფართოვდა , მთლიან საქართველოს მოიცავს და ჩვენ მომსახურებას ნებისმიერ ქალბატონს ვთავაზობთ. გამოკვლევების პირველი ეტაპია მამოგრაფია. მამოგრაფიის დროს ხდება სარძევე ჯირკვლის კომპრესია -ძუძუ ორ ფირფიტას შორის მოექცევა. ქალბატონები ძალიან ხშირად ჭირვეულობენ ხოლმე, ჰგონიათ, რომ ეს არის დასხივება, ელოდებიან ტკივილს, მაგრამ, რეალურად, მამოგრაფია ქალისთვის არანაირ პრობლემასა თუ მავნებლობას არ წარმოადგენს. პირიქით, ინფორმაციულობის თვალსაზრისით ის ყველაზე უფრო ინფორმაციულია. მამოგრაფიის სურათიდან გამომდინარე ზოგადი მდგომარეობა ფასდება. აღმოჩენილი ასიმეტრიული სიმკვრივის ფოკუსის ან რაიმე კვანძის ფონზე, რადიოლოგი კონკრეტულ შემთხვევას შესაბამის ქულას ანიჭებს – რა სჭირდება პაციენტს, ვაწარმოოთ თუ არა შემდგომი კვლევა და ა.შ. შემგომ კვლევაში ექოსკოპია და მამოლოგის კონსულტაცია იგულისხმება. თუ ექოსკოპიურად ისევ რაიმე საეჭვო გამოჩნდა, ციტოლოგიას ვთავაზობთ – უჯრედულ დონეზე შევისწავლოთ, თუ რამდენად ატიპიურია ეს ქსოვილები. ციტოლოგიასთან ერთად ვაკეთებთ ასპირაციულ ბიოფსიას. ძუძუს კიბოს სხვადასხვა ფორმა არსებობს: კვანძოვანი, შეშუპებით-ინფილტრაციური, მასტიტისებური და ა.შ. აუცილებელია იმის დადგენაც, თუ რა ფორმის კიბო აქვს პაციენტს. შეიძლება იყოს უპატარავესი წარმონაქმნი, რაც, მაგალითად, ჩვენი მამოგრაფიის საშუალებით კარგად ჩანს. ჩვენ 0.2,-0,5 მილიმეტრიანი ძუძუს კიბოც აღმოგვიჩენია. გამოკვლევების შედეგად მიღებული კომპლექსური პასუხის საფუძველზე თუ დადგინდება, რომ კიბოა, პაციენტს სპეციალიზირებულ კლინიკაში უფრო ღრმა გამოკვლევების ჩასატარებლად ვაგზავნით. არსებობს კლინიკების ჩამონათვალი და ქალბატონი თავად ირჩევს, სად წავიდეს.
აღსანიშნავია, რომ ადრე თუ 40 წლამდე ასაკის ქალბატონებში სარძევე ჯირკვლის კიბო ძალიან იშვიათი იყო, დღეს ეს დაავადება ძალიან გაახალგაზრდავებულია. წელიწადში სარძევე ჯირკვლის კიბოს დაახლოებით 1200-1500 შემთხვევა რეგისტრირდება, ეს სკრინინგული პროგრამების დამსახურებაცაა. ამან უფრო გაამარტივა სტატისტიკის დადგენა, თუმცა ზუსტი ციფრები მაინც სადაოა. ბევრი ქალბატონი მაინც არ მოდის გამოკვლევებზე, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობაში გასინჯვის კულტურა ნელ-ნელა საგრძნობლად ამაღლდა.
ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში გენეტიკური ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ გენეტიკა დატვირთულია და პირველი ხაზის ქალბატონებს ანუ დედას, დას, დეიდას ჰქონდათ კიბო, ქალბატონმა 20 წლიდან უკვე უნდა მიმართოს მამოლოგს. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ექოსკოპია და შესაბამისი გამოკვლევები. მამოგრაფია 40 წელს ქვევით არ არის რეკომენდირებული, თუ რაიმე ჩვენება არ არის. გენეტიკურად მიდრეკილებმა სპეციალისტთან უფრო ხშირად უნდა იარონ. თუ დადგენილია, რომ ქალბატონს აქვს მასტოპათია, ისიც ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, ძალიან ხშირად კვანძი გადაგვარდება და ავთვისებიანი ხდება. ამიტომ, ნებისმიერი კეთილთვისებიანი წარმონაქმნის შემთხვევაშიც ხშირად უნდა მიმართოთ მამოლოგს. ამასთან, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ხშირად იწვევს ძუძუში არსებული წარმონაქმნების პროვოცირებას და ესეც ყურადსაღებია. თუ გამოვიკვლევთ კომპლექსურად, გვეცოდინება რისკენ გვაქვს მიდრეკილება და ა.შ., უკვე დაზღვეულები ვართ იმისგან, რომ პროცესი ონკოლოგიურ კატეგორიაში გადავიდეს.
რეალურია ერთი ფაქტორი: თუ დაავადებას ადრეულ სტადიაზე დავადგენთ და ჩატარდება სწორი მკურნალობა, განკურნების 98 პროცენტიანი შანსი არსებობს. როდესაც პაციენტი უკვე გამოჯანმთელებულ ჯგუფშია, გარკვეული წლების განმავლობაში ის ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მაინც იმყოფება. ონკოლოგი თავად წყვეტს, თუ რამდენ ხანში უნდა მიმართოს მას პაციენტმა პოსტოპერაციული მკურნალობის შემდგომი გამოკვლევების ჩასატარებლად. ეს იმისთვის, რომ შეფასდეს დინამიკა – რამე ხომ არ შეიცვალა. ეს ძალიან ინდივიდუალური პროცესია.
სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ნომერზე (0 32) 2-20-35-35, რომელზეც მიიღებს ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს. საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, მას შეუძლია აირჩიოს ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება და იქ ჩაიტაროს გამოკვლევები.”
„თბილისი თაიმსს“ სარძევე ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებით კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი გია ნემსაძე ესაუბრა.
რა იწვევს სარძევე ჯირკვლის კიბოს? მთავარ მიზეზად რა შეგიძლიათ, დაასახელოთ?
– სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. არსებობს როგორც გარეგანი, ასევე შიაგანი ფაქტორებიც – ეს შეიძლება, იყოს ორსულობა, მენსტრუალური ციკლი, ფსიქოემოციური ფონი თუ სხვა. ჰორმონალური ფონი თავისას აკეთებს, ორგანიზმი იღლება და ყველაფერი ერთად კიბოს გაჩენის შანსს ზრდის. ჩემი მასწავლებელი ამბობდა, რომ, იდეაში, ყველა ადამიანს უნდა დაემართოს კიბო. უბრალოდ, ის არ ცოცხლობს იმდენ ხანს, რომ დაემართოს ეს დაავადება. შეიძლება ადამიანი 100 წლის იყოს და არ ჰქონდეს სიმსივნე, მაგრამ ის რომ უფრო მეტ ხანს ცოცხლობდეს, ოდესღაც მაინც აღმოაჩნდებოდა. უჯრედები, ჰორმონალური თუ სხვა რეგულაციები ნელ-ნელა ირღვევა და ორგანიზმი კიბოს განვითარებისკენ მიდის. მაგალითად, ათეროსკლეროზიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა განვითარდეს. უბრალოდ, ზოგს ეს უფრო ადრე ემართება, ზოგს უფრო გვიან. ჩვენ იმისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ ის ჩვენს გარდაცვალებამდე არ განვითარდეს. კიბოს გაჩენის ერთ მიზეზი, როგორც ასეთი, არ არსებობს. პოლიეტიოლოგიურია – როგორც ამას მეცნიერები ეძახიან, ბევრ განსხვავებულ ფაქტორს მოიცავს.
რა სიმპტომებით უნდა მივხვდეთ, რომ საჭიროა ექიმის კონსულტაცია?
– ყველაზე მთავარი სიმპტომი არის ძუძუში რაიმე არაჩვეულებრივი სიმკვრივის გამომჟღავნება. საწყის სტადიაზე არანაირი სიმპტომი არ ვლინდება და სწორედ ამაშია მთელი უბედურება, სწორედ ამაშია სკრინინგ ცენტრის მთავარი პრინციპიც – როცა ვერავინ ვერაფერს ხედავს, ვერც პაციენტი და ვერც ექიმი, მაშინ ჩატარდეს მამოგრაფია და დავინახოთ მცირე ზომის სიმსივნეც კი. ამიტომ არის ასეთი დაავადებისთვის სკრნინგი რეკომენდირებული. გენეტიკური ფაქტორიც, რა თქმა უნდა, მოქმედებს, მაგრამ, საბედნიეროდ, ცოტა შემთხვევაა, როდესაც კიბო ამ ფაქტორით არის განპირობებული – დაახლოებით, 5-6 პროცენტი. რა თქმა უნდა, უჯრედულ და ქრომოსომულ დონეზე ცვლილებების დროს არის გენეტიკური მომენტები, მაგრამ მაინც დაბალი მაჩვენებელია. არსებობს BRCA1 და BRCA2 გენი. ამ გენის აღმოჩენის შემთხვევაში, ძუძუში კიბოს გაჩენის თითქმის 100 პროცენტიანი შანსი არსებობს. ანჯელინა ჯოლის სწორედ ეს გენი აღმოაჩნდა და ამიტომ გაიკეთა ორმხრივი კანქვეშა ამპუტაცია. ეს ისევე კეთდება, როგორც სხვა გენეტიკური ანალიზები. ცოტა ძვირადღირებულია და ის მასიურად არ გამოიყენება. მან, ვისაც, დავუშვათ, დედა, ბებია ან ასეთი დონის ახლობელი სიმსივნით გარდაეცვალა, ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს ეს გენები. ძუძუს წინამენსტრუალრი ტკივილი ბევრ ქალბატონს ახასიათებს. ხშირად, ისინი ამას სიმსივნესთან ან მსგავს პრობლემებთან აკავშირებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ტკივილი ძუძუში არის ყველაზე კარგი სიმპტომი. 99 პროცენტი თუ შეინიშნება ტკივილი, ესე იგი ეს კიბო არ არის. თუ არ არის ტკივილი, რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ ასეთი საშიში ნამდვილად არ არის. ოვულაციის პერიოდში ჰორმონალური ფონი იცვლება და ეს მკერდზეც აისახება. ამ პერიოდში ქალბატონებს ვურჩევ, რომ კვების რაციონიდან მარლიანი საკვები ამოიღონ, თბლად იყვნენ, ხელი მოარიდონ ცივ წყალს, არ ინერვიულონ და ყველაფერი კარგად იქნება. დღეს იმდენი პრობლემაა, რომ ყველა სტრესის ქვეშ ვართ და დამამშვიდებლების მიღებაც შეიძლება.
სტატისტიკურად რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში?
– ძუძუს კიბოს სიხშირე, ისევე, როგორც ყველა სხვა დაავადების სიხშირე, იზრდება. ეს ბევრი გარეგანი ფაქტორების გათვალისწინებით ხდება – დაბინძურება, ინსოლაცია, რადიაცია, მეტი ნერვული სტრესი, უშვილობა, ყოფითი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიც გარკვეულწილად მოქმედებენ. ბევრი აბორტის ან ბევრი შვილის გაჩენის შემთხვევაშიც ძუძუს კიბოს რისკი იზრდება. დღეისათვის საქართველოში 100 000 ქალბატონში 50-60 შემთხვევა ვლინდება. ასევე ყურადსაღებია, რომ დაავადება ძალიან გაახალგაზრდავებულია. ჩვენთვის საწყისი ზღვარი ყოველთვის იყო 40 წელი სკრინინგის ასაკობრივი ჯგუფიც ამ პრინციით არის შერჩეული. ახლა ძალიან ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც 30-35 წლის ქალებს და კიდევ უფრო ახალგაზრდებსაც აქვთ სიმსივნე. სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ფინანსდება და ეს კატეგორია მართლაც ყველაზე სარისკოა. 70 წლის ზემოთ ნაკლები რისკია იმიტომ, რომ ამ ასაკში ადამიანები სხვა დაავადებებით იღუპებიან. ძუძუს კიბო, ძირითადად, ქალებს ემართებათ, შეფარდებით 136:1. აღსანიშნავია, რომ კიბო ახალგაზრდებში უფრო აგრესიულია. იმის გამო, რომ ახალგაზრდა ასაკში ნივთიერებათა ცვლა უფრო ჯანსაღია, სიმსივნეც უფრო სწრაფად ვითარდება, მოხუცებულებში კი სულ სხვა სიტუაციაა. მე ჩემს პრაქტიკაში მინახავს, რომ კიბო არის და არის – შეიძლება, 10 წელი გავიდეს და სულ ცოტათი მოიმატანოს, ახალგაზრდა ასაკში კი ეს პროცესი ჩქეფს, მეტასტაზები უფრო ადრე ვრცელდება.
რა ტიპის მკურნალობაა საჭირო სარძევე ჯირკვლის კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში?
– მრავალი სახის კიბო არსებობს. წინა საუკუნეში მათი ერთანეთისგან განსხვავება არ იყო მიღებული, მაგრამ ახლა მედიცინა საკმაოდ დახვეწილია. არსებობს, მაგალითად, კიბო, რომელიც უფრო დაკავშირებულია ჰორმონებთან ან რომელიც არ არის დაკავშირებული ჰორონებთან და და მრავალი სხვა. ყველა კონკრეტლ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული მკურნალობაა საჭირო. ერთ შემთხვევაში თუ, დავუშვათ, პაციენტს სჭირდება ანტიესტროგენი, მეორე შემთხვევაში სულ სხვა მიდგომაა რეკომენდირებული. ადრე ყველას სტანდართტულ წამლებსა და ქიმიოთერაპიას უნიშნავდნენ. ახლა პაციენტებთან მიდგომა აბსოლუტურად ინდივიდუალიზირებულია და მათ სხვადასხვა მკურნალობა ენიშნებათ. ნაირფერობა გაიზარდა და შედეგებიც უკეთესია. ყველაზე მთავარი მაინც დროული დიაგნოსტიკა და სიმსივნის ადრეულ სტადიაში აღმოჩენაა. ქალბატონებს მივუთითებ, რომ წელიწადში ერთხელ აცილებლად მივიდნენ სპეციალიზირებულ კლინიკაში და ამას მიაქციონ ყურადღება. ერთი წლის მანძილზე კიბომ განვითარებაც რომ დაიწყოს, იმ დონეს მაინც ვერ მიაღწევს, რომ ვერ აღმოვფხვრათ. კიბო ელვისებური სიწრაფით არ ვითარდება. რა თქმა, არის იშვიათი შემთხვევები, მაგრამ, ძირითადად, ასე არ ხდება. როგორც წესი, თუ ერთი წლის მანძილზე აღმოვაჩენთ, ჩვენ მას მოვუვლთ. რაც შეეხება სტადიურობას, არის გრადაციები, მაგრამ, მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სტადიები. პირველ სტადიაში კიბო პრაქტიკულად 100 პროცენტით იკურნება. მეორე, მეორე A და მეორე B სტადიებშიც კარგი შედეგებია, ხშირად მესამეშიც კი. თუმცა დღეს არსებული საშუალებები მეოთხე სტადაშიც გვაძლევს სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას. რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა სჯობს. პირველადი პროფილაქტიკა უპირატესია. სიგარეტის მოწევითა და ყავის სმით სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოწვევა მე ცოტა არასერიოზულად მეჩვენება, თუმცა არის ასეთი კვლევებიც. ჩვენ ბევრ რამეს ვერ დავიცავთ – მზეზე არ გახვიდე, აბორტი არ გაიკეთო… არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, ბუნებრივია, ასე ვერ ხერხდება.
დღეს მკურნალობა ძალიან დახვეწილია. ძირითად მეთოდად მაინც ქირურგიული მკურნალობა რჩება. საწყის სტადიაში ქირურგიული ჩარევა დაავადების განკურნებისათვის აბსოლუტურად საკმარისია. მომდევნო სტადიებში ქიმიოთეაპის და სხივური თერაპიის დამატებაა საჭირო. კიდევ ბევრი მეთოდია, მაგრამ მაინც ოთხი ძირითადი მეთოდი არსებობს – ქირურგიული მკურნალობა, ქიმიოთერაპა, სხივური და ჰორმონული თერაპიები.
განკურნების შემდეგ, საჭიროებენ თუ არა პაციენტები შემდგომ დაკვირვებას?
– ქირურგიული დაავადებები რომ ავიღოთ, ეს პაციენტები არ საჭიროებენ ისეთ მკაცრ დაკვირვებას, როგორც ონკოლოგიური პაციენტები. ვთქვათ, ქირურგმა, გახსნა ჩირქოვანი პროცესი, ამოაჭრა ადამიანს ბრმანაწლავი, გლანდები და ა.შ. ამ პაციენტს შემდგომი დაკვირვება პრაქტიკულად არ სჭირდება. პრობლემა მოგვარდა და მორჩა. ონკოლოგიურში დაკვირვება არის მთვარი პრინციპი. პაციენტი მთელი დარჩენილი ცხოვრება მეთვაყურეობის ქვეშ უნდა იყოს, განსაკუთრებით კი პირველი 5 წელი. ონკოლოგიაში 5 წლიანი დინამიური დაკვირვება აუცილებლობას წარმოადგენს. ეს მთავარი განსხვავებაა ოკოლოგიურ და ქირურგიულ პაციენტებს შორის.
თქვენ აღნიშნეთ, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო ძალიან გაახალგაზრდავებულია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად არის შერჩეული ეროვნული სკრინინგ ცენტრის ასაკობრივი კატეგორია?
– 40 წელი ცოტათი გვიანია, მაგრამ ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მდიდარი სახელმწიფო და ამ ფონზე რაც დღეს კეთდება, ისიც ძალიან კარგია. ბევრ ჩვენზე წინწასულ ქვეყანაშიც კი არ არის სკრინინგული პროგრამები. როგორ მოახერხა ჩვენმა ქვეყანამ, რომ ამას აფინანსებს, დღესაც მიკვირს. ამდენი პრობლემის ფონზე რომ სკრინინგს მიხედო, ძალიან დადებითი ფაქტორია. სხვათა შორის, მას ძალიან დაბალი ეფექტურობა აქვს. 100 პაციენტში 1 კიბო აღმოჩნდება, ხარჯის თვალსაზრისით ეს ძალიან წამგებიანია და კარგია, რომ სახელმწიფო ამას აკეთებს.თუ არ ვხვდებით 40-70 ასაკობრივ ჯგუფში, დაკავშირებულია თუ არა დიაგნოსტიკა დიდ თანხებთან?
თუ არ ვართ სკრინინგის კატეგორიაში, დიაგნოსტიკა არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. საჭიროა მამოლოგის კონსულტაცია, ექოსკოპია და წელისადში მაქსიმუმ 100 ლარი საკმარისია. რა თქმა უნდა, უკეთესია თუ პირდაპირ მაღალკვალიფიციურ დაწესებულებაში მივალთ – ეს უფრო მოკლე გზაა, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
არსებობს თუ არა სარძევე ჯირკვლის პრევენციის გზები?
– პირველადი პრევენცია არის ინსოლაციის, რადიაციის მორიდება, ნაკლები აბორტი, ნაკლები ნერვიულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის დაცვა, მაგრამ ასეა. როგორც წესი, ეტაპობრიობა არსებობს – ჯერ არის მასტოპათიური მოვლენები, მერე ჩამოყალიბდება კეთილთვისებიანი კვანძები კისტის ან ფიბროადენომის სახით და ამის მოვლა არის უკვე მეორადი პროფილაქტიკა. მთავარია, მივხედოთ ამას მანამ, სანამ გაჩნდება კიბო. პრევენციის მთავარი გზა კი, რა თქმა უნდა, არის დროული დიაგნოსტიკა.
სარძევე ჯირკვლის კიბოს პრევენციის საკითხში სახელმწიფოს ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად „თბილისი თაიიმმა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა.
რა პროგრამებს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ქალბატონების დასახმარებლად? არსებობს თუ არა რაიმე სახის დაფინანსებები?
– სკრინინგის პროგრამის პარალელურად, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იფარება ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და გამოკვლევები, კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, აგრეთვე ამ პროცედუ–რებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები – წლიური ლიმიტი 12 000 ლარის ოდენობით. ასევე, ფინანსდება ონკოპაციენტთა გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები – წლიური ლიმიტი 15000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, იმ მომსახურების ღირებულების დაფინანსების მიზნით, რომელიც არ იფარება სახელმწიფო პროგრამებით, პაციენტს შეუძლია, მიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,რეფერალური მომსახურების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილ კომისიას. აღნიშნულ კომისიაზე განსახილველად განცხადებას თან უნდა ახლდეს: სამედიცინო დაწესებულების მიერ მიმდინარე წელს გაცემული ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა), ასევე მიმდინარე წელს გაცემული ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედანი), მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სოციალური კატეგორიის (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, პენსიონერი და სხვა) დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კომისია, სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.
როგორია დღეს საართველოში არსებული სტატისტიკა?
– „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში 2014 წელს სხვადასხვა სახის სკრინინგული კვლევა ჩაუტარდა 60 ათასამდე ბენეფიციარს, მათ შორის, ძუძუს კიბოს სკრინინგი – 21 ათასზე მეტ ქალს. (გამოკვლეულთა რაო–ბა წლების მიხედვით:
2012 წელი – 17576;
2013 წელი – 20121;
2014 წელი – (9 თვე) 16067.
დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევების რაოდენობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაიზარდა 10%-ით. 2013 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა ძუძუს კიბოს 6123 შემთხვევა, ლეტალური გამოსავლით დასრულდა 368.
მასალა მოამზადა
თეა ღვინაძემ