დღეს საბურთალოს რაიონის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ახალი პროექტი – „მართე შენი ქალაქის“ მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს. პროექტი, რომელიც თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროექტების ეფექტური მართვის შემუშავებას ისახავს მიზნად, „თბილისის ადვოკატის“ ფარლგებში ხორციელდება. პროექტი დედაქალაქში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
როგორც “თბილისი თაიმსს” მერიიდან აცნობეს, პროექტის დეტალები მისმა ავტორმა და ინიციატორმა, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სლოვაკ ექსპერტს იაროსლავა ზაპლეტალოვას გააცნო. „მართე შენი ქალაქი“ მოიცავს არსებული ამხანაგობების წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ჩატარებას, რათა მათ იცოდნენ, თუ როგორ მართონ ამხანაგობის არსებული რესურსი ეფექტურად და სასარგებლოდ.
პროექტის განხორციელების დეტალებზე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი არეშიძემაც ისაუბრა, რომლის უწყებაც პროექტში საგანმანათლებლო მიმართულებით არის ჩართული.
სლოვაკმა ექსპერტმა გამგებელს გარკვეული რეკომენდაციები მისცა, რომელიც, მისი თქმით, პროექტის განხორციელებას რისკ-ფაქტორებისგან დაიცავს. ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის, ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) წარმომადგენელი დეა ფაღავა, ახალი პროექტის ხელმძღვანელი მარინა ბერაძე და გამგებლის მოადგილე ამხანაგობების განვითარების მიმართულებით, ლუკა კანკავა.