ადამიანის არსებობა სხვა ადამიანთან კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია. რომ არა ეს გარდაუვალი სურვილი, არ იქნებოდა არც ევა და შესაბამისად, არც პირველი ცოდვა, მაგრამ ჩვენ უკვე აქ ვართ, ეს უკვე იყო და ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა ჩვენი სიცოცხლის მუდმივი თანმდევია.
ადამიანის არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან. საზოგადოებრივი საქმიანობა, თავის მხრივ, შეუძლებელია ადამიანთა შორის ურთიერთგაგებინების გარეშე, გაგებინების ყველაზე დახვეწილი და განვითარებული საშუალება კი არის ენა.
ენა ადამიანს აზრის ფორმირებასა და მის სათანადოდ გადმოცემაში ეხმარება. მისი მეშვეობითვე ხდება მიღებული ცოდნის ფიქსირებაც. არ მოვყვები, რა იყო მანამ, სანამ იქნებოდა მეტყველება. დავიწყებ იმით, რომ დღეს მსოფლიოში უამრავი ენა არსებობს. საუბარია რამდენიმე ათას ენაზე, რომელთა ზუსტი რაოდენობის დასახელებაც შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ თითოეულ მათგანს მეცნიერები ზედმიწევნით არ შეისწავლიან. ამასთან, მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს აერთიანებს, თუმცა მრავალი ენა მხოლოდ ერთი ხალხის ენადაც იწოდება. სწორედ ასეთია ქართული ენაც – ის მხოლოდ ქართველთა იდენტობისა და თვითმყოფადობის სიმბოლოა. უფრო მეტიც, მეტყველების გრაფიკული ფიქსაცია ანუ დამწერლობა მსოფლიოს ენათა უმრავლესობისთვის არაა დამახასიათებელი, ქართულ ანბანი კი 14 ძირითად დამწერლობას შორის მნიშვნელოვან ადგილს ინარჩუნებს.
ქართული ენისა და დამწერლობის ასეთი გამორჩეულობით აუცილებლად უნდა ვამაყობდეთ, თუმცა იმასაც უნდა ვიაზრებდეთ, რომ ყველაფერი საამაყო დიდ პასუხისმგებლობასთანაც ასოცირდება. ენის შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული მისი შენარჩუნება, განვითარება და მომავალი თაობისთვის უკეთესი თუ არა, უცვლელი ფორმით გადაცემა მაინც. როგორც ჩანს, ამაყი შესანიშნავად გამოგვდის, პასუხისმგებლობის გაცნობიერება კი ძალიან შორს აღმოჩნდა ჩვენგან. სამწუხაროდ, ჩვენს ენას ეს უკვე მნიშვნელოვნად დაეტყო.
გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას მთელი ქვეყანა წინ აღუდგა. მაშინ უმრავლესობა იაზრებდა ენის შეუცვლელ მნიშვნელობას სახელმწიფო საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და მოსახლეობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართულ ენას ეს მნიშვნელობა არ დაეკარგა. წინ აღვუდექით „სხვას“, მაგრამ დღეს თავადვე ვქმნით იმის სერიოზულ წინაპირობას, რომ, სამომავლო პერსპექტივაში, ჩვენი ენა უცხო და ზედმეტ სიტყვათა კრებულს წარმოადგენს.
ხშირად ამბობენ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება და ზედმეტი სიტყვებით ივსება. ძალიან ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ახალი საგნისა თუ მოვლენის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი სიტყვის დამკვიდრებაა საჭირო. არაფერია საოცარი იმაში, რომ ენის გმდიდრებისა თუ განვითარებისთვის, ზოგჯერ, სხვა ენიდან რაღაცის აღება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაცაა აუცილებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.
ენაში სიახლის შემოტანა გამართლებულია – საზოგადოება დროსა და სივრცეში იცვლება და სამეტყველო ენაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს. მაგრამ განვითარება არ ამართლებს არსებულის უარყოფას – როდესაც ენაში არსებული სიტყვის მაგივრად უცხოურიდან შემოსული ანალოგი მკვიდრდება, გაუმართლებელია.
ივენთი, კუხნა, სენსიტიური, ფეშენებელური, დაბუქვა, დაკლიკვა… ეს ყველაფერი ჩვენს ენაში შემოჭრილი ისეთი სიტყვებია, რომელთა არსებობაც ჩვენ არაფერში გვჭირდება. იმ უცხოური სიტყვების აქტიურად გამოყენება, რომელთაც ქართულ ენაშიც აქვთ შესაბამისი შესატყვისი, თანამედროვე მეტყველების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. მათ ბარბარიზმები ეწოდებათ. ენის ცოდნა მხოლოდ გრამატიკული ნორმების მართებული გამოყენება არ არის, ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ ქართული სიტყვების ცოდნა-არცოდნის საკითხია.
ქართველთა უმრავლესობა სიამაყით იტყვის, რომ მას თავისი სამშობლო უყვარს, თუმცა ცოტა თუ აცნობიერებს საკუთარ მოვალეობას ამ სამშობლოს წინაშე. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სამშობლოს სიყვარული მხოლოდ მასზე სიამაყით საუბარი არაა. მთავარი სწორედ მის მომავალსა და განვითარებაზე ზრუნვაა, ეს კი საკმაოდ ბევრ კომპონენტს მოიცავს. ენაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის შენარჩუნებაც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების წინაპირობაა.
„თბილისი თაიმსი“ ქართული ენის დღევანდელი მგომარეობით დაინტერესდა. ენაში არსებულ ძირითად პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციის გზებზე, სახელმწიფოს პოლიტიკასა და სხვა თანმდევ ფაქტორებზე პროფესორი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ არაბული გვესაუბრა. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ გოგა ჩანადირს, რომელმაც მოქალაქეები ქართული ენის დასაცავად ერთი კამპნიის გარშემო გააერთიანა.
„ქართულ ენასთან დაკავშირებული პრობლემების ჩამონათვალი არის ძალიან დიდი, ჩვენ მათ გარკვეულ კატეგორიებად ვყოფთ. პირველი პრობლემა არის სახელმწიფო ენა. მოგეხსენებათ, ქართული ენა სახელწიფო ენაა და ეს სტატუსი განსაზღვრავს მის განსაკუთრებულ ადგილს ქვეყნის ცხოვრებაში, შესაბამისად, მას სამართლებრივი უზრუნველყოფა სჭირდება. რადგან კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, უნდა არსებობდეს რაღაც კანონი ან საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ამ მუხლს განმარტავენ და დააზუსტებენ. ეს არ არსებობს და ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემაა. თანამედროვე, 21-ე საუკუნის ევროპაში, და არა მარტო ევროპაში, ყველანაირი ურთიერთობის დარეგულირება სამართლებრივი კუთხიდან იწყება. მეორე პრობლემა არის ენის ინსტიტუციური გარანტიები. მოგეხსენებათ, არსებობდა სახელწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია, საბჭოთა პერიოდში მას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, ანუ იგი უმაღლეს მთავრობასთან არსებობდა. შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, იყო პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია, რომელიც სალიტერატურო ენის ნორმებს, ტერმინოლოგიურ სტანდარტებს ადგენდა, ამას გამოსცემდა და აქცევდა კანონად. ამავე დროს, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი არსებობდა. გარდა ამისა, 1997 წლიდან არსებობდა ენის სახელმწიფო პალატაც. ეს პალატა ენობრივ სფეროში ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკას განკარგავდა, განსაზღვდავდა და აკონტროლებდა. ეს უკვე სამთავრობო სტრუქტურა იყო. ამასთან, არსებობდა უნვერსიტეტი და ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომლებიც სახელმწიფო კომისიებისა და სხვა ინსტიტუციების საბაზო დაწესებულებად ითვლებოდა, რადგანაც აქ მზადდებოდა ყველა ტერმინოლოგიური ნორმა, ლექსიკონი და ა.შ. დღეს კი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის გარდა, აღარაფერი არაა დარჩენილი და ეს ინსტიტუტიც არის არაოფიციალური, არ აქვს იურიდიული სტატუსი, ეს შენობაც დროებითია და, ფაქტობრივად, ჩვენ, ენათმეცნიერები მეცნიერები აღარ ვართ. ეს ყველაფერი იურიდიულად გადასაწყვეტია. საბოლოოდ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ჩვენთან სახელმწიფო ენის დაცვის არც ინსტიტუციური, არც საკანონმდებლო და არც პროგრამული რაიმე სერიოზული ღონისძიება არ არსებობს. ენათმცნიერები ვაყენებთ საკითხს, რომ დავიწყოთ კანონით, მივაწოდეთ კიდეც ეს კანონი პარლამენტს, მაგრამ 2 წელია, წყალს ვნაყავთ.
სახელმწიფო ენა ისეთი ფენომენია, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ფუნქციონირებს. შეუძლებელია, დაასახელოთ რამე, სადაც სახელმწიფო ენა არ არის. განათლების სფეროში სახელმწიფო ენის პოზიციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია; მეცნიერების სფეროში ყველა დარგი სახელმწიფო ენაზე უნდა ვითარდებოდეს; მედიის სფეროში, თქვენც ხედავთ, სრული განუკითხაობაა – 2 წლის წინ, შემოდგომაზე, როდესაც ჩვენ ენის დაცვის კანონის ინიცირება დავიწყეთ, ჟურნალისტებმა ძალიან ნეგატიური პროპაგანდა ააგორეს იმის შესახებ, რომ, თითქოს, ეს კანონი აპირებდა ჟურნალისტების დაჯარიმებას მათი გრამატიკული შეცდომების გამო. მართალი გითხრათ, მე ჟურნალისტებს სულ ვაქებ ხოლმე, მაგრამ, სახელმწიფო ენასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, მათი ეს 2 წლის პოზიცია ნამდვილად მოუთმენელია. მე ვერაფრით გავამართლებ ამ დამოკიდებულებას. ამასთან, გარე რეკლამების სფეროსთან დაკავშირებით ბევრი აღნიშნავს, რომ ქალაქში განლაგებული წარწერების ფონზე ვერც კი გაიგებ, თბილისში ხარ თუ არა. ყველაფერი მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე შეიძლება, მოგვარდეს ანუ სახელმწიფო ენის კანონის ნაკლებობა საკმაოდ მძიმედ იგრძნობა. ამას უბრალო მოქალაქეებიც გრძნობენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად განიცდის და არის დაინტერესებული იმაში, რომ სახელმწიფო ენის უფლებები, ფუნქციონირების არე, ის საარსებო სივრცე, რომელიც მას ისტორიულად განესაზღვრა, იყოს დაცული. ამას ყველა გრძნობს და ყველა განიცდის.
ყველა მშობელს უხარია და მოსწონს, რომ ბავშვი მიჰყავს ისეთ სკოლაში, რომელშიც ინგლსურს პირველივე კლასიდან კარგად ასწავლიან, მაგრამ აუცილებლად ამბობენ, რომ ქართულის სწავლება არ არის სათანადო ადგილზე დაყენებული. რამ დაიკავა ეს ადგილი? დაიკავა უცხო ენამ. სხვათა შორის, ლომაიას პერიოდში დამტკიცდა, რომ პირველი უცხო ენის სწავლება მესამე კლასიდან უნდა დაწყებულიყო. 2010 წლიდან, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, უცხო ენის სწავლება პირველივე კლასიდან დაიწყეს. თავისთავად, უცხო ენის სწავლების წინააღმდეგი არავინ არის და, პირიქით, ეს საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა დავაყენოთ, მაგრამ არა ქართულის ხარჯზე. თუ ბავშვმა საკუთარ მშობლიურ ენაზე, სახელმწიფო ენაზე არ აიდგა ფეხი, არ განივითარა ძირითადი ინტელექტუალური ბაზისი და გემოვნება, ესთეტიკური და ეთიკური დამოკიდებულება, სააზროვნო სისტება, ძალიან რთულ შედეგებამდე მივალთ. ამ ყველაფრის ჩამოყალიბების პროცესში მასზე ასეთი დარტყმის განხორციელება, რა თქმა უნდა, მომავალზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. მე არ ვისაუბრებ იმ მეცნიერულ დასკვენზე, რომლებიც ამ თემასთან არის დაკავშირებული. ნამდვილად არის გამოკვლეული, რომ ასეთი ჩარევა გენეტიკურ კოდში, რომელიც ენობრივად არის ადამიანში ჩადებული, სერიოზულ ცვლილებებს იწვევს არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ დონეზეც კი.
ენობრვი კულტურა, მეტყველების კულტურა საერთო კულტურის ნაწილია. როგორც კი პიროვნებისა და საზოგადოების კულტურული დონე ეცემა, ავტომატურად ეცემა მისი ენობრივი დონეც. როგორც კი ის ხდება ცუდი ქცევების მატარებელი, ეტიკეტის თვალსაზრისით, ეს აუცილებლად გამოვლინდება მის კომუნიკაციურ გამოცდილებაშიც. ბარბარიზმები, ფაქტობრივად, არის სლენგის გამოხატულება. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ, ოფიციალურ დონეზეც კი, მათ შორის პოლიტიკოსები ტელევიზიით ან პარლამენტში გამოსვლისას, ძალიან ადვილად მიმართავენ სლენგს. ამ დროს, მათ არავითარი უფლება არ აქვთ იმისა, რომ ბარბარიზმებით, ჟარგონებით ისაუბრონ იმიტომ, რომ ისინი ოფიციალური პირები არიან და საზოგადოებას წმინდა სახელმწიფო ენის დაცვის პირველ მაგალითს სწორედ ისინი უნდა აძლევდნენ. როდესაც ადამიანის ზოგადი კულტურა ეცემა, მისი ენობრივი კულტურაც ეცემა და ამიტომ ის თავს უფლებას აძლევს, ყველაფერი გამოხატოს. სამოსი, ვარცხნილობა და სხვა გარეგნული მახასიათებლები არ ახდენს საზოგადოებაზე ისეთ არყოფით გავლენას, როგორც დაჭუჭყიანებული მეტყველება. ეს არის კულტურის ზოგადი სფერო, ჩვენს საზოგადოებაში კი ეს ზოგადი კულტურა დაბალია – იმას ვერ მივაღწიეთ, რომ თბილისში, იმ გარეოში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ელემენტარული სისუფთავე დავიცვათ და, ბუნებრივია, ასეთი საზოგადოება არც ენის დაბინძურებაზე იზრუნებს. არა თუ ტრანსპორტში და ქუჩაში, არამედ უნივერსიტეტებსა და სკოლებში, პედაგოგებიც კი თავს უფლებას აძლევენ, რომ ბარბარიზმებითა თუ სხვა დამახინჯებული ფორმების გამოყენებით ისაუბრონ. ეს რაღაც მანერადაც კი იქცა, იმდენად გამოხატულია ეს ტენდენცია. ადრე, რუსული ბარბარიზმების დამკვიდრებას არა მხოლოდ ენათმეცნიერები, არამედ საზოგადოებაც ძალიან სერიოზულად აკონტროლებდა, მას მხოლოდ დაბალ საზოგადოებაში თუ გამოიყენებდნენ. ინტელექტუალურ საზოგადოებაში „კაროჩე“, „ვაბშე“ და მრავალი სხვა ბარბარიზმი უბრალოდ არ არსებობდა. ამას განაპირობებდა ის, რომ ჩვენთვის რუსული იყო აგრესორი ენა და ამისთვის მთელი პოლიტიკა იყო გატარებული, თითქოს იმუნიტეტი გვქონდა რუსული ენის მიმართ, არ ვიღებდით მას. მას შემდეგ, რაც საქართველო გათავისუფლდა, უცნაური რაღაც მოხდა – ის ამ რუსული ჟარგონების მიმართაც გათავსუფლდა. დღეს არსებული ბარბარიზმების ნახევარი მაინც იმ რუსული ბარბარიზმების ნაწილია, რომლებიც მაშინ არ გამოიყენებოდა. რატომ? ისევ კულტურის დაცემის გამო. აღარ აქვს ჩვენს მოქალაქეს ის ბარიერი, რომელიც მაშინ ჰქონდა. ამას დაემატა ისიც, რომ ჩვენ ნორმებს ვეღარ ვადგენთ. ძალიან ბევრი ბარბარიზმი უკვე ოფიციალური გზით შემოიჭრა ჩვენს მეტყველებაში და მას გამოვიყენებთ ისე, როგორც ჩვეულებრივს. მაგალითად, თინეიჯერი ბარბარიზმია; ტრენერი და ტრენინგი ახლა საგანმანათლებლო სივრცეშიც კი ოფიციალურად გამოიყენება. არავის არ გადაუწყვეტია, რომ წვრთნას ტრენინგი ეწოდოს. ესესმენტი, სენსიტური, და სხვა მრავალი ტერმინი ოფიციალურად არავის დაუმკვიდრებია. ყველა მათგანს აქვს ქართული შესატყვისი და არ არსებობს კანონი, რომელიც მათ დაამკვიდრებს. ჩვენი განათლების მუშაკები ისე თავმოყვარედ საუბრობენ ამ ბარბარიზმებით… რა არის ვალიდური? რომელ ლექსიკონში წერია ეს სიტყვა? სად არსებობს? ზოგჯერ ამით საკუთარ უვიცობას ფარავენ.
ახლა ძალიან ბევრი ბარბარიზმი გამოიყენება მანქანის ნაწილებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, რუსული სიტყვები ჯერ ისევ მყარად არის დამკვიდრებული: კაპოტი, ბაჩოკი, ტორმუზი, ბენზინი, რული, პადფარნიკი… ასევე ვეშოლკა, პოლი, პოლის ჯოხი, პატალოკი და ა.შ. მძღოლების უმეტესობამ მანქანის ნაწილების ქართული შესატყვისი არ იცის. ჩვენ ისიც კი გადავწყვიტეთ, რომ ინტერნეტში დავდოთ მანქანის ნაწილების სურათები, თან დავურთოთ მათი მნიშვნელობები ქართულად და ამან იქნებ უშველოს სიტუაციას.
სოციალური ქსელი ძალიან ფართო ასპარეზია. დღეს მედია, ფაქტობრვად, ელექტრონულია და ეს არის უზარმაზარი სივრცე, რომლის გაკონტროვლებაც ვერ ხერხდება. სოციალური მედია ნამდვილად უწყობს ხელს სხვადასხვა ბარბარიზმისა და სიტყვათა დამახინჯებული ფორმების დამკვიდრებას. ეს სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ამას ვსწავლობთ, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც: იმავე სოციალურ ქსელებში, მაგალითად, ლევან ღვინჯილია და მისი პარტნიორები, გამუდმებით ავრცელებენ საწინააღმდეგოს – აკრიტიკებენ, ამხელენ და ა.შ. ჩვენ ეს ინტერნეტ-შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ იმის სასარგებლოდ, რასაც ჩვენ ვგულშემატკივრობთ. სოციალური ქსელი ენას ნამდვილად აჭუჭყიანებს, მაგრამ ამან სხვა რამეც მოიტანა. მე ჟურნალისტების მიმართ ქათინაურს ხშირად იმიტომ ვამბობ ხოლმე, რომ თქვენ ძალიან ოპერატიულად გიხდებათ საკითხების გაშუქება, მოპოვება, გადაცემა, მომზადება და ა.შ. და ამას ძალიან დიდი ოსტატობა სჭირდება. ასეთ დროს დარღვევები თავისთავად იჩენს ხოლმე თავს. ჩვენ ენათმეცნიერები ვართ, მაგრამ სიტყვათა სწორ ფორმებზე კამათის დროს ერთმანეთს მაინც მუდმივად ვაკრიტიკებთ. ეს სწრაფი და მობილური სივრცე ენის განვითარებას აუცილებლად უწყობს ხელს. ჩვენ, თავიდან, ძალიან განვიცდიდით ჟურნალისტების სწრაფ მეტყველებას – ქართულისთვის ნამდვილად არ არის დამახასიათებელი ასეთი მეტყველება, მაგრამ ესეც ხომ დრომ მოითხოვა, ესეც ხომ საჭირო გახდა, რომ წამებში მაქსიმალურად დაწურული ფრაზები უნდა ჩავატიოთ. ესეც გამოცდაა ენის შესაძლებლობებისა, ამიტომაც მე მარტო ნეგატიური კუთხით არ ვუყურებ ამ პროცესს. მეტი ყურადღებაა საჭირო, რა თქმა უნდა, მაგრამ ინტერეტ სივრცეს რედაქტრებით ვერ გააკონტროლებ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს შეუძლებელია. ამავე სოციალურ ქსელებსა და ფოუმებში მე შევხვედრივარ იმ მწერლების არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს, რომლებიც გამოქვეყნებას ვერ ახერხებენ, მაგრამ ასე მიაქვთ საზოგადოებასთან თავიანთი პროდუქტი. ასე რომ, პლიუსი და მინუსი აქაც არსებობს.
ენობრივი ჩვევები ყალიბდება ფაქტობრივ წიგნიერებასთან ერთად. მშობლიურ ენას ადამიანი ავტომატურად მოიხმარს, უცხო ენას კი გააზრებულად, შეგნებულად. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანი უცხო ენაზე მშობლიურ ენაზე ჩამოყალიბებულ აზრს თარგმნის. იგი ფიქრობს, რა გაკაეთოს და როგორ გააკეთოს. ამას იაზრებს, მშობლიურ ენაზე მეტყველებისას კი ანალოგიურ ფიქრს არ მიმართავს. რაც არ უნდა აკონტროლოს მან ეს პროცესი, როგორც კი მას ექნება ექსტრემალური სიტუაცია ან ჩქარობს, გაცხარებულია და ა.შ., აუცილებლად გამოიყენებს ბარბარიზმებს, ჟარგონებსა და სხვა მცდარ ფორმებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ჩვევები მასში უფრო ადრეა გამჯდარი. ანუ ენის დაბინძურებას უნდა ვებრძოლოთ იქ, სადაც ეს ჩვევები ყალიბდება. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ სკოლაში ბავშვამდე ლიტერატურული ქართული, ოთარ ჭილაძის, გიორგი ლეონიძის, რეზო ინანიშვილის ქართული მივიტანოთ, მისი ჩვევები იქნება სწორი. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, მოზარდი აითვისებს იმას, რასაც აწვდიან. მაგალითად, მუდმივად ტელევიზიის ყურება აფუჭებს ენას. ასევეა ინტერნეტიც – შედის ბავშვი გარკვეული ინფორმაციის მისაღებად და იქ უზარმაზარ სივრეში იკარგება, ხვდება გაჭუჭყინებული ენა, მას კი არ შეუძლია ამის გასუფთავება და ეს „ნაგავი“ მის გონებაში ილექება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას იმ დონეზე, როდესაც ჩვენს ბავშვს ენობრივი კულტურა უყალიბდება.
ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ჩვენი ენის გულშემატკივრები. მიხეილ ქურდიანი ამბობდა, რომ დედას არ ირჩევენ სილამაზის მიხედვით – ყველა დედა თავისი შვილისთვის ლამაზია და ყველა შვილს ევალება, დედას მოუაროს ისე, როგორც ვიღაცა დედოფლის ტახტზე მჯდომ დედას უვლის. ჩვენი ენა საოცარი მშვენების, ისტორიის მქონე ენაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მას ასეთ პირობებში ვაცხოვრებდეთ. თითოეულმა უნდა დავიცვათ ის იქ, სადაც ხელი მიგვიწვდება: ბავშვის აღზრდისას, წერისას, მეტყველებისას და ა.შ. ყველა პოზიციაზე, ყველა პოსტზე, პრემიერით და პრეზიდენტით დაწყებული რიგითი მუშაკით ან სულაც უმუშევრით დამთავრებული, ყველა ადამიანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას მშობიური ენის წინაშე. აქ არის გამოსავალი.“
ყველაზე მასშტაბური ბრძოლა ბარბარიზმებს ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა გამოუცხადა. მოქალაქეები ქართული ენის დასაცავად ერთი კამპნიის გარშემო გაერთიანდნენ. გოგა ჩანადირმა სოციალურ ქსელში ის ადამიანები გამოიწვია, რომელთაც გამართული ქართულით საუბარი სურთ.
აქციაში ჩასართავად ხელისგულზე ან თუნდაც ფურცელზე ბარბარიზმის და მისი ქართული შესატყვისის დაწერა იყო საჭირო. კამპანიამ საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო და ბევრი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია.
რა იყო თქვენ მიერ წამოწყებული კამპანიის მთავარი წინაპირობა? რამ გიბიძგათ, რომ წამოგეწყოთ ეს აქცია?
– უპირველესად, აქციის წინაპირობა იყო ის, რომ ბარბარიზმები ძალიან მხვდებოდა ყურში. სამწუხაროდ, Facebook-ის ენამ კიდევ უფრო შეუქცევადი გახადა ეს პრობლემა. ადამიანებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს „დალაიქებით“, „დაშეარებით“, „დათაგვით“, „ფრენდით“ ლაპარაკი, რეალურად კი ამ ოთხივე ინგლისურ სიტყვას ქართული შესატყვისი აქვს. ეს პროცესის ამსახველი სიტყვებია, ზმნებია და ქართველებს ზმნა მაინც გვაქვს ქართული. ბევრი არსებითი სახელი, რა თქმა უნდა, შემოსულია ჯერ კიდევ დამპყრობლების პერიოდიდან, მაგრამ არც ის არის მართებული, ყველაფერი სპარსულად და არაბულად მივიჩნიოთ. არავინ ფიქრობს, რომ შეიძლება, სიტყვების რაღაც ნაწილი დამპყრობლებში ქართულიდანაც შესულიყო. ისინი შემოდიოდნენ, აქ ხვდებოდათ რაღაც და ითვისებდნენ მას ისევე, როგორც ჩვენ ვითვისებთ იმ სიტყვას, რომელიც აქამდე არ გვქონდა, მაგალითად, კომპიუტერს ან ტელევიზორს. ენათმეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ ბევრი სიტყვა არ არის ქართული წარმომავლობის, მაგრამ ის უკვე იმდენად ბუნებრივად გამოიყენება, რომ მისი ამოძირკვა შეუძლებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩარგო ხე და შემდეგ ის მიწიდან ამოიღო. ასეთ შემთხვევაში ხე აუცილებად გახმება. მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. ძალიან ლამაზი ენა გვაქვს, ქართული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ენაა. ეს არის ენა, რომელსაც არ სჭირდება სქესით განსაზღვრა და დამხმარე ზმნები. ჩემმა მეგობრებმა სულ იცოდნენ, რომ ბარბარიზმების წარმოთქმის დროს მათ არ ვახარებდი და ამას ჰქონდა გარკვეული შედეგი. ჩემ გარშემო ადამიანები, რომლებთანაც მე ახლო ურთერთობები მაქვს, გამართული ქართულით საუბრობენ ან თუ ბარბარიზმი წამოსცდებათ, ენაზე იკბენენ ხოლმე. მეხუმრებიან, ასეთ დროს სულ შენ გველანდებიო. მოკლედ, Facebook-ზე იანვარში დავრეგისტრირდი და გადავწყვიტე, ეს ტრიბუნა გამომეყენებინა იმისთვის, რომ ხალხი ენაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე დაფიქრებულიყო.
რა იყო აქციის მიზანი? რისი მიღწევა გსურდათ პირადად თქვენ?
– აქციის მიზანი იყო ერთი – ადამიანებს დაენახათ, რომ ქართულ ენაში ბევრი ბარბარიზმის შესატყვისი არსებობს და მიხვდარიყვნენ, რომ უკეთესი იქნება, თუ მეტყველებისა თუ წერის დროს სწორედ მათ გამოვიყენებთ. თუ ჩვენს ცნობიერებაში ჩაჯდება ბევრი უცხოური სიტყვა, რომლის ქართული შესატყვისიც გვაქვს, ამით, უბრალოდ, ენას გავაღარიბებთ. ეს სულაც არ იქნება საქართველოს სიყვარული, ან თუნდაც ინგლისური ან რუსული ენის სიყვარული. სხვა ენებიდან სიტყვების ასე დაუფიქრებლად შემოტანა არც იმ ენებს სცემს პატივს და არც ჩვენს ენას. მე ბავშვებს ყოველთვის ასე ვუხსნი ხოლმე: ბარბარიზმი არის გარეული ქათამი, რომელიც შინაური ქათმის გაგდებას ცდილობს. არცერთ დიასახლისს თუ ფერმერს არ სურს, რომ გარეულმა ქათამმა მისი შინაური ქათამი გააგდოს, რადგანაც ის არც თუ ისე სასარგებლოა. ასეა ენის შემთხვევაშიც – ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ უცხო ენიდან შემოტანილი სიტყვების გამოყენებით საკუთარ ენას ვავნებთ.
კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგებით?
– შედეგის მიღწევა მარტივი არ არის და ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ამას, შეილება, წლებიც კი დასჭირდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტყობინება ბევრთან უკვე მივიდა. ადამიანებმა, რომლებიც ჩაერთვნენ აქციაში და მარცხენა ხელზე ბარბარიზმი დაიწერეს, მარჯვენაზე კი მისი ქართული შესატყვისი, სულ მცირე ის მაინც იციან, რომ ამ სიტყვებს ჩვენს ენაზეც აქვთ მნიშვნელობა. ამ აქციის ფარგლებში ძალიან ბევრი სიტყვა გამოჩნდა. მაგალითად, ბევრმა არ იცოდა „ატვიორტკის“ ქართული შესატყვისი სახრახნისი, „ავტობანის“ შესატყვისი გზატკეცილი და ა.შ. იყო კურიოზული შემთხვევებიც – მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ „ჰალსტუხის“ შესატყვისი ყლინჯია, „შტეფსელისა“ კი დენცქვიტა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, ეს ვიღაცამ მოიგონა, ხელოვნური სიტყვაა. მე არც იმის მომხრე ვარ, რომ, ვთარგმნოთ, მაგალითად, პიანინო, ისევე, როგორც არ უნდა ითარგმნოს სალამური. ის იმ კულტურის ნაწილია, რომლის სიტყვასაც ჩვენ ვიყენებთ და უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. იმაზეც არის საუბარი, რომ Facebook ითარგმნოს „პირწიგნაკად“, მაგრამ მე ამას არ ვემხრობი, რადგანაც ის საკუთარი სახელია.
ჩამოვთვალოთ ყველაზე ხშირადგამოყენებული ბარბარიზმი, რომლებიც თქვენ ყველაზე მეტად გაწუხებთ.
– ყველაზე ხშირად მესმის ბარბარიზმები: კაროჩე, ვაბშე, ლინკი, დალაიქება, დათაგვა, დაშეარება, პროპკა, კანატკა, პაკრიშკა, ტორმუზი, პროსტა, ხარაშო, პაკა და კიდევ მრავალი სხვა…
თქვენი აზრით, რა უწყობს ხელს ენაში ბარბარიზმებისა და სიტყვათა სხვა დამახინჯებული ფორმების დამკვიდრებას? როგორ ვებრძოლოთ ამ პროცესს?
– ბარბარიზმების დამკვიდრებას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. უპირველესად, ჩვენივე დაუდევრობა ენის მიმართ, სახელმწიფოს სუსტი პოლიტიკა, ენათმეცნიერების პასიური დამოკიდებულება – ენათმეცნიერები აღარ ცდილობენ, რომ ახალი სიტყვები შექმნან ან თუ ცდილობენ, მხოლოდ თავისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გააზრებული არ აქვთ, რას ნიშნავს ეს პრობლემა და რა ზიანის მიყენება შეუძლია მას თითოეული ჩვენგანის მომავლისთვის. ასევე სერიოზული საკითხია სარეკლამო ტექტსები, რომლებიც ყველგან ვრცელდება. მაგალითად, „ჩიფსს“ ქართულად ხრაშუნა ჰქვია, მაგრამ რეკლამებში უმეტესად „ჩიფსი“ მესმის. სარეკლამო ტექსტები აუცილებლად უნდა გადაიხედოს, ამ განხრას რედაქტორი უნდა ჰყავდეს. მე არ ვამბობ, რომ ცენზურა უნდა დაწესდეს, უბრალოდ, ყველაფერი მიწოდებული უნდა იყოს ქართულად. ნებისმიერი სარეკლამო აბრა უნდა მოწმდებოდეს სპეციალური კომისიის მიერ და ამ კომისიაში ენათმეცნიერები უნდა მონაწილეობდნენ. საკუთარი სახელების თარგმნაც უნდა გაკონტროლდეს. მააგალითად, თავისუფლების მოედანს თარგმნიან, როგორც Freedom Square და ეს არ არის სწორი. თავისუფლების მოედანი არის საკუთარი სახელი. ბროდვეის ვინმე თარგმნის? ჩვენც არ უნდა ვთარგმნოთ სვეტიცხოველი ან ახალციხე. ეს სრული აბსურდია. მთავარია, რომ ხალხმა გააცნობიეროს, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ენის დაბინურებაში გარკვეული წვლილი სოციალურ მედიასაც შეაქვს, თუმცა მასაც აქვს ორი მხარე – სოციალური მედიით შესაძლებელია როგორც ცუდი, ასევე მნიშველოვნად კარგი საქმის კეთებაც. მან ხელი შეუწყო იმას, რომ ქართულ ენაში ბევრი ბარბარიზმი დამკვიდრებულიყო, მაგრამ, ამავდროულად, სოციალური მედია გამოვიყენე მე იმისთვის, რომ ამ ბარბარიზმების საწინააღმდეგოდ მებრძოლა. Facebook ერთ-ერთი ხერხია იმისა, რომ ადამიანები დაფიქრდნენ. უიმედობა და ნიჰილიზმი არის დამღუპველი, ეს ყველაფერი ადამიანების განვითარებას აფერხებს. ამიტომ, თუნდაც სოციალურ ქსელში მოწოდებებს კამპანიური ხასიათი უნდა ჰქონდეს, მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ადამიანებს, რომ ყურადღება მიაქციონ საკუთარ ენას.
ესაუბრა
თეა ღვინაძე