ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო პანაშვიდი 9 ივნისს 19:00 სათზე სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
შვიდი ქართველი გმირის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის.
ავღანეთში დაღუპული ქართველი მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. 6 ივნისს ქართულ ბაზაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (07.01.1988), კაპრალი გიორგი ადამოვი (23.05.1990), პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980), რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (25.12.1986), კაპრალი ბორის ცუგოშვილი (12.05.1984), პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22.10.1990) და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991).