საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს საკმაოდ სერიოზულად იღებს.
ეს განცხადება რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც მიმდინარე კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს „ქართული ოცნების“ 2 წლიანი მმართველობის შესახებ მათ ანგარიშს აცნობენ.
„ზოგადად, მნიშვნელოვანი გახლავთ ის მიმდინარე პროცესი, რომლის მომსწრენიც ვართ. როდესაც დინამიკური და სიცოცხლით სავსე არასამთავრობო სექტორი, თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრებს და საუბრობს იმ პრობლემებსა და მიღწევებზე, რომელიც მთავრობას ჰქონდა. ვიცი, რომ ეს ანგარიში შეეხება 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდს და 2015 წლის განვლილ პერიოდს არ მოიცავს. მიუხედავად ამისა, მთავარია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თამამად აკეთებენ საკუთარ შეფასებებს, რაც უმნიშვნელოვანესია. ასევე, ვიცი, რომ მთავრობაც საკმაოდ სერიოზულად იღებს არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთმულ შენიშვნებს, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური. მთავრობამ ასევე დაიწყო რეაგირებაც კი, ზოგიერთ გამოთქმულ მოსაზრებაზე“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური სექტორი ამ პროცესს აკვირდება და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაბიჯებს მიესალმება.
ცნობისთვის, „თბილისი მერიოტში“ კონფერენცია იმართება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მმართველობის 2 წელს აფასებენ. არასამთავრობოების შეფასებით, კოალიციის 2-წლიანი მმართველობის პირველ 2 წელს საჯარო და კერძო სფერო უფრო პლურალისტური და თავისუფალი იყო, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში. მიუხედავად ამისა, არასამთავრობოების ანგარიშში ყველა მიმართულებით განხილულია ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევები.
ანგარიშის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, თითოეული სფეროს მიხედვით, როგორც მიღწევები, ისე გამოწვევები იკვეთება.