ჩვენ უნდა გავამრავლოთ მეგობრები, მხარდამჭერები და გავთიშოთ მტრები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში განაცხადა, სადაც თავდაცვის აკადემიის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
პრეზიდენტის განმარტებით, ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები და დღესაც მათი გაკვეთილებით უნდა ვიმოქმედოთ.
“დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ უმნიშვნელონავეს დღეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და გაძლიერების თვალსაზრისით. 22 წელია, რაც აღდგა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შეიარაღებული ძალების სიმტკიცეს, მის ინტელექტუალურ გაძლიერებას, რომელიც ქმნის ქართულ არმიას. თქვენ ღირსებით ატარებთ იუნკერების გმირულ სახელს. მადლობა იმისთვის, რომ აგრძელებთ იმ ტრადიციებს, რომელსაც პირველივე ქართული რესპუბლიკის შექმნისას ჩაეყარა საფუძველი. მაშინაც ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაიბრუნეს, სწორად გადაწყვიტეს და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე გააკეთეს აქცენტი. ამავე დროს, თქვენი სასწავლებელი ატარებს დავით აღმაშენებლის, ჩვენი დიდი მეფის სახელს, რომელმაც საქართველოს უმძიმეს ვითარებაში, სწორედ სამხედრო გამარჯვებების შედეგად მოუტანა სტაბილურობა, სიძლიერე და მომავალ თაობებს მისცა შესაძლებლობა, გაეგრძელებინათ წინაპართა ტრადიციები. დავით აღმაშენებლის სამხედრო მიღწევებს მსოფლიოში ასწავლიან და სწავლობენ. დიდგორის ბრძოლა, რომელიც ბევრი სამხედრო სტრატეგისთვის სახელმძღვანელო გახდა, არის ის, რასაც სწავლობთ თქვენ და სწავლობენ სხვებიც, მაგრამ არ იქნება სწორი, დიდგორის ბრძოლა შევისწავლოთ მხოლოდ იმ დღის კონტექსტში, როცა ის მოხდა. ჩვენმა დიდმა წინაპარმა ეს ბრძოლა 30 წლით ადრე დაიწყო და დაიწყო ქართული ჯარის გაძლიერებით, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებით, იმით, რასაც აკეთებთ დღეს თქვენ – ჯარში ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი დიდი წინაპრისგან. ჩვენ უნდა დავინახოთ ის მთავარი გადაწყვეტილები, რომლებიც მაშინ იქნა მიღებული. რას აკეთებდა ჩვენი დიდი წინაპარი? – ის ამრავლებდა მეგობრებს და ცდილობდა, გაეთიშა თავისი მტრები. აი, ამ დიდი წინაპრის გაკვეთილებით უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, იქნება ეს რიგითი ჯარისკაცი, ოფიცერი თუ პოლიტიკოსი _ ჩვენ უნდა გავამრავლოთ ჩვენი მეგობრები, მხარდამჭერები და გავთიშოთ მტრები. ამას ემსახურება ის დიდი პროფესიონალიზმი, რომელსაც თქვენ ეუფლებით. ამ მიზნისკენ არის ორიენტირებული ჩვენი სახელმწიფო. ამ მიზანს – ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი მეგობრების რაოდენობის გამრავლებას და განმტკიცებას ვემსახურებით თითოეული ჩვენგანი. უნდა გვახსოვდეს, რომ ის სიმტკიცე, რომელსაც დღეს აქ ვქმნით, გარანტია რეგიონის სტაბილურობის, სიძლიერის, მაგრამ პირველ რიგში გარანტია ჩვენი მოქალაქეებისათვის დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფოს აღმშენებლობის”, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.