ალბათ არავისთვის არის ახალი არ იქნება და არც არავის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ 21-ე საუკუნეში დრო განსაკუთრებით დაჩქარდა. დღეს თანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად, თითოეული ჩვენგანი ხშირად აღნიშნავს, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის, დღეები ისე მიქრის, ვერც კი ვიგებთ, თვალის დახამხამებასაც კი ვერ ვასწრებთ. სწრაფი ტემპის კვალდაკვალ, ვცდილობთ დავეწიოთ, ფეხი ავუწყოთ და არ ჩამოვრჩეთ დროს, დროს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, რომლის თითოეული საათი, წუთი და წამი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ დავზოგოთ და რაციონალურად გავანაწილოთ ის. როგორც ცნობილი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პოლიტიკური ფიგურა ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა: „დრო ფულია“, შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ის სწორედ გამოვიყენოთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არის სწორედ, ის ადგილი, რომელსაც ყოველლდღიურად, თბილისში მოსახლეობის 60%-ი მოიხმარს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები დრო დავხარჯოთ ტრანსპორტში. ამ მხრივ დედაქალაქში ყველაზე ეფექტური, სწრაფი, იაფი და რაც მთავარია ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მეტრო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის საგზაო მოძრაობა, რომელიც ჰაერის დაბინძურების 71% შეადგენს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. როგორც უკვე აღვნიშნე, ურბანულ სივრცეში გადაადგილების სხვადასხვა გზებიდან, ეკოლოგიის მხრივ მეტრო გამოირჩევა. ის 1966 წელს გაიხსა და ამჟამად 2 ხაზისგან შედგება, რომელთა საერთო სიგრძე 27 კმ-ია. დღეს დედაქალქში სულ 22 სადგური ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტრო დღეს არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ყველაზე სწრაფია, მას მრავალი უარყოფითი მხარეც აქვს. კერძოდ კი ხაზიდან ხაზზე გადაჯდომა, რომელიც, როგორც დროის ფაქტორზე მოქმედებს, ისე დისკომფორტს გვიქმნის. ზოგადად თბილისის მეტროში რამდენიმე დაკონსერვებული სადგურია, რომელსაც შეუძლია ნაწილობრივ მაინც განტვირთოს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადი და ხელი შეუწყოს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას. მათგან ერთ-ერთი არის მეტროსადგური „უნივერსიტეტი“, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო და 1995 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო შეწყდა.
პროექტზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო, ტენდერი ბევრჯერ გამოცხადდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მშენებლობა მაინც ვერ დაიწყო. 2014 წელს კვლავ აქტიურად დაიწყო საუბარი მეტროს მშენებლობაზე და როგორც ყოველთვის, ტენდერის გამოცხადებამაც არ დააგვიანა. ჯერ კიდევ შარშან მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაანონსა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო მეტრო „უნივერსიტეტი“ 2016 წელს დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ ამაზე საუბარი შეწყდა და როგორც „თბილისი თაიმსმა“ გაარკვია, რაც არ უნდა უცანური იყოს, პროექტის დასრულების ვადამ კვლავ გადაიწია. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ხდება დღეს, მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა და რეალურად როდის გაიხსნება მეტროსადგური „უნივერსიტეტი“. ამ საკითხებზე ჩვენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ვესაუბრეთ. სამწუხაროდ, მათგან არცთუ ისე ინფორმაციული და საიმედო პასუხები მივიღეთ.
როგორც ცნობილია, მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამშენებლო ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობის შესახებ განაცხადი სამმა კომპანიამ წარადგინა. გამოვლინდა თუ არა გამარჯვებული და რომელი კომპანიაა ის?
– ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგური “უნივერსიტეტის” მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის ერთობლივი საწარმო Cobra Instalaciones Y Servicios, S.A., (ესპანეთი) და Assignia Infraestructuras, S.A. (ესპანეთი).
როგორ და რა პირობებით მოხდა მათი არჩევა?
– აღნიშნული ტენდერი ჩატარდა აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით, საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობის ერთ ეტაპიანი, ორ კონვერტიანი პროცედურის შესაბამისად.
კონკრეტულად რა თანხაა გამოყოფილი პროექტის განხორციელებისთვის?
– ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგური “უნივერსიტეტის” მშენებლობის კონტრაქტის ღირებულებაა 83,000,670.45 ლარი.
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოები 20 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო. დღეს კი დედაქალაქი 2016 წელს ელოდება, როდესაც თბილისის მეტროპოლიტენს რიგით 23-ე სრულიად განსხვავებული თანამედროვე სტანდარტების ახალი მეტროსადგური დაემატება. რამდენად რეალურია ეს თარიღი და მოესწრება თუ არა აღნიშულ დროში პროექტის სრულად განხორციელება, რა სტადიაშია მშენებლობა?
– კონტრაქტის პირობების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 630 დღე (სამუშაოების დაწყების თარიღიდან). სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღად განსაზღვრულია 2015 წლის ივლისის ბოლო, შესაბამისად პროექტის დასრულების ვადა არის 2018 წლის მარტი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვირაბში არსებული (ძველი) დანადგარების სადემონტაჟო სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები.
როგორც ვიცით მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ თანამედროვე ევროსტანდარტებზეა დაფუძნებული, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ მოხდება დანარჩენი 22 სადგურისა და ახალი თანამედროვე მეტროსადგურის სინთეზი?
– გაცნობებთ, რომ პროექტირებს სტადიაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან შეთანხმებით სატენდერო დოკუმენტაციის სპეციფიკაციებში ჩაიდო ყვლა ის მოთხოვნა და პრინციპული გადაწვეტა, რაც აუცილებელია ახალი და არსებული სისტემების ურთიერთთავსებადობის და მათი ინტეგრაციის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებდნენ: „პროექტის ფარგლებში გაკეთდება გვირაბების რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 2.6 კმ. მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ამოსასვლელები ვაჟა –ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინაღდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა, რის შედეგადაც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი თანამედროვე სტანდარტის რიგირთ 23-ე მეტრო მოემსახურება.“
როგორც ხედავთ, აღნიშნული სიტყვები და დაპირებები 2016 წლისთვის კვლავ შეუსრულებელი იქნება და ახალი ევროსტანდარტების მეტროსადგურიც ჯერ არ გვექნება. აღსანიშნავია სიტყვა „ჯერ“, რადგან, როგორც დასაწყისში ვთქვი, დრო მალე გარბის და 2018 წელიც ასევე მალე მოვა, ჩვენ კი რა დაგვრჩენია, დაველოდოთ დაპირებულ წელს.
მასალა მოამზადა
ლაკო ბიტ-ბაბიკოვმა