საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება. როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ეს მონტენეგროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრები გამართა მონტენეგროს პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩთან. მინისტრი ასევე შეხვდა პარლამენტის პრეზიდენტ რანკო კრივოკაპიჩს, პრემიერ-მინისტრ მილო დიუკანოვიჩს, ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრ იგორ ლუკსიჩს და თავდაცვის მინისტრ მილიცა პეინოვიჩ-დიურისიჩს.
შეხვედრებზე განიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების შესაძლებლობები, რა მიზნითაც მხარეების გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის ბოლომდე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. საუბარი შეეხო საქართველოსა და მონტენეგროს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და ვარშავის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს. მინისტრმა მონტენეგროს მხარეს წარმატება უსურვა ალიანსში გაწევრიანების პროცესში. თავის მხრივ, მონტენეგროს მიერ კიდევ ერთხელ დადასტურდა მკაფიო მხარდაჭრა საქართველოს ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააქტიურდეს თანამშრომლობა ნატო-ს ასპირანტი ქვეყენების ფორმატში.
აღინიშნა მონტენეგროსთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან, თანამშრომლობის მნიშვნელობა, მონტენეგრომ გამოთქვა მზადყოფნა გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება მრავალი მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხში.
საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დაიწყოს მუშაობა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების გათვალისწინებით თავისუფალის სავაჭრო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობებზე.
თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროს მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებული ვითარება. მონტენეგროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ოფიციალური შეხვედრის დროს მონტენეგროს პრეზიდენტის მხრიდან გამოიხატა მზაობა ეწვიოს საქართველოს. ასევე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს გადასცა საქართველოს პემიერ-მინისტრის მოწვევა შემოდგომაზე თბილისში დაგეგმილი “აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობის მიზნით. მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრისას კი ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.
საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან იგორ ლუკსიჩთან შეხვედრის შემდეგ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმში – TO BE SECURE FORUM.