“თავისუფალი დემოკრატები” პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე საუბრობენ. როგორც “თბილისი თაიმსს” პარტია “თავისუფალი დემოკრატებიდან” აცნობეს , ახალციხის, ხელვაჩაურის, ლანჩხუთის შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული კომისიის თავმჯდომარე, “თავისუფალი დემოკრატი” ოლეგ ჭანკოტაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
პარტიის ინფორმაციით, ოლეგ ჭანკოტაძემ 5 ივნისს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან სოფელ კდეეთის გზის რეაბილიტაციის 2014 წლის დეკემბერში დამტკიცებული პროექტი საკრებულომ გააუქმა.
“8 ივნისს, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ კახა შავგულიძემ, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრია “კონსერვატიული პარტიიდან”, სხდომაზე დააყენა ოლეგ ჭანკოტაძის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი. კენჭისყრაში ოპოზიციური პარტიების არც ერთმა წარმომადგენელმა მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა 18 ხმით ჭანკოტაძე თანამდებობიდან გადააყენეს”, – აცხადებენ პარტიაში.
მათივე ინფორმაციით, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს და მმართველი კოალიციის არც ერთ წევრს ჭანკოტაძის თანამდებობიდან გადაყენების არგუმენტი არ დაუსახელებიათ.
“ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები” ვაცხადებთ, რომ ეს არის უსუსური ხელისუფლების პასუხი “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურ აქტივობაზე რეგიონებში. ეს არის არა მხოლოდ დისკრიმინაცია და პოლიტიკური ნიშნით დევნა, ამ უსამართლო გადაწყვეტილებებით ასევე მნიშვნელოვნად ზარალდება მოსახლეობა. იმ ფონზე, როდესაც თვითმმართველობები უფუნქციოა და რეალურად ყველგან სუს-ი აკონტროლებს სიტუაციას, ,,თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები არის ის კვალიფიციური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას საკრებულოებში. ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები” ყოველთვის გავაპროტესტებთ, პოლიტიკური ნიშნით, ჩვენი პარტიის წევრების დევნის თითოეულ ფაქტს და სამართლებრივი მეთოდებით ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – აცხადებენ პარტიაში.