unnamedდანიის სამეფოში, იუტლანდიის რეგიონში საქართველოს საკონსულო დაწესებულება ოფიციალურად გაიხსნა. წარმომადგენლობას ჰორსენსის მუნიციპალიტეტში საქართველოს საპატიო კონსული მარიანე ბოლსი ხელმძღვანელობს.

როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ჰორსენსის მერი პიტერ სორენსენი და ჰორსენსის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ტორბენ ბუსკი დაესწრნენ, ასევე, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი ბიზნეს წრეების, მედია საშუალებების წარმომადგენლები და დანიაში მცხოვრები ქართველები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჰორსენში საქართველოს საპატიო კონსულმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა.

“გამოსვლაში, საქართველოს საპატიო კონსულმა მარიანე ბოლსმა ყურადღება გაამახვილა დანიის ქალაქ ჰორსენსა და საქართველოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში უკვე განხორციელებულ პროექტებზე. დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა კი სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა აღნიშნა, რასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საპატიო საკონსულოს საქმიანობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამბროლაურისა და ჰორსენსის მუნიციპალიტეტებს შორის არსებულ მჭიდრო ბიზნეს კავშირებს, ასევე კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აგრეთვე, ელჩმა ჰორსენსის მერსა და ქალაქის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის სახელით საქართველოში ოფიციალური მოწვევის წერილები გადასცა”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ჰორსენსის მერმა პიტერ სორენსენმა, მადლობა გადაუხადა ელჩსა და სახელმწიფო რწმუნებულს მოწვევისათვის და განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს ესტუმროს საქართველოს. საუბრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნეს-სექტორში არსებულ ძალზედ წარმატებულ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე გააჩნია ხელშესახები შედეგები, მხარეებს შორის სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების მეტად ეფექტური საშუალებაა. გამოსვლის დასასრულს, პიტერ სორენსენმა იმედი გამოთქვა, რომ ჰორსენში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნით კიდევ უფრო გაღრმავდება არსებული კავშირები და გაფართოვდება მხარეებს შორის თანამშრომლობის სფეროები.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო და ტრადიციული ქართული კერძები დააგემოვნეს.

Please follow and like us: