საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმდინარე წლის 10 ივნისის, #237 ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის წარდგინებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ცოტნე ყავლაშვილი, რომელიც ამავე დროს, კანონმდებლობის დაცვით, კვლავ გააგრძელებს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შესრულებას.
ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში მუშაობს 2006 წლიდან. სახაზინო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე, ეკავა ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, მანამდე იყო საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, მიღებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ცოტნე ყავლაშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის უფლებამოსილება მიმდინარე წლის 9 ივნისიდან მიენიჭა.