საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები უნგრული წყალმომარაგების კომპანია “BUDAPEST WATERWORKS”-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სტუმრებმა მინისტრის მოადგილეს თავიანთი კომპანიის საქმიანობის მიმართულებები გააცნეს.
უნგრული კომპანიის წარმომადგენლებმა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ დაგეგმილ სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
აღნიშნულ კომპანიას წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით მუშაობის 145 წლიანი ისტორია აქვს. ის ბუდაპეშტის 2 მილიონიანი მოსახლეობის სუფთა სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კომპანია წყალმომარაგების სისტემების განვითარების სამუშაოებს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: რუსეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, შრილანკასა და სხვა ქვეყნებში.