საქველმოქმედო ფონდ “კეთილსოფელის” მიერ ტარდება მორიგი საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ბილეთებიდან შემოსული თანხა მოხმარდება “სიკეთის სახლის” მშენებლობას, რომელიც გულისხმობს 5 სართულიანი კორპუსს, სადაც 20 ოჯახს, რომელსაც ერთი წევრი მაინც ჰყავს შ.შ.მ პირი გადაეცემა სახლი საჩუქრად. „თბილისი თაიმსს“ აღნიშნულ ფონდზე, დაგეგმილ კონცერტზე და საქველმოქმედო ფონდის სამომავლო გეგმებზე, ორგანიზაციის პიარ–მენეჯერი გვანცა ნიკოლეიშვილი ესაუბრა.
რამდენი ხანია რაც საქველმოქმედო ფონდი “კეთილსოფელი“ არსებობს და რა არის მისი არსებობის მიზანი?
– პირველ რიგში გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობით. საქველმოქმედო ფონდი „კეთილსოფელი“ უკვე 2 წელია რაც აგრძელებს მოღვაწეობას. მისი მიზანია შ.შ.მ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება. მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში: საქართველოს ყველა კუთხეში აშენდეს პატარ-პატარა “კეთილსოფლები”, სადაც თითოეულ სოც.დაუცველ ოჯახს, რომელსაც ერთი შ.შ.მ პირი მაინც ჰყავთ ოჯახში და არის უსახლ-კარო, საჩუქრად გადაეცემათ სახლი – კორპუსში, რომელშიც განთავსებული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრები და სახელოსნოები სადაც დასაქმდებიან და დახმარებას მიიღებენ ბენეფიციარები.
რა საქველმოქმედო პროექტი აქვს ფონდს განხორციელებული?
– ფონდ „კეთილსოფელს“ უამრავი საქველოქმედო კონცერტი-აქცია აქვს ჩატარებული, როგორც თბილისში ფილარმონიაში, ასევე ბათუმის ბენზეს თეატრში, ლოკომოტივის სტადიონზე და სხვა მსგავს ადგილებში. ყოველი კონცერტიდან შემოსული თანხა ირიცხება ფონდის ანგარიშზე და ხმარდება მშენებლობას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმში.
ფონდი „კეთილსოფელი“ გეგმავს საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას, მოგვიყევით ამ კონცერტზე (სად და როდის ტარდება), ვინ მონაწილეობს და შემოსული თანხა რა მიზნით იქნება გამოყენებული?
– ფონდ “კეთილსოფელის” მიერ, ტარდება კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ბილეთებიდან შემოსული თანხა მოხმარდება “სიკეთის სახლის” მშენებლობას, რომელიც გულისხმობს 5 სართულიანი კორპუსს, სადაც 20 ოჯახს, რომელსაც ერთი წევრი მაინც ჰყავს შ.შ.მ პირი გადაეცემა სახლი საჩუქრად (ამჟამად მიმდინარეობს კორპუსის მშენებლობა და უკვე მესამე სართულზე ვართ მისულები).
კონცერტი 25 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, ბილეთის ფასი 10 ლარს შეადგენს.
კონცერტში მონაწილეობენ: “ქართული ხმები“, თემურ წიკლაური, მერაბ სეფაშვილი,თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე,ნიკოლშოუ,ანსამბლი “ბანი” და “რუსთავი“, ბესო კალანდაძე,პანჩო, სოფო ხალვაში, ქეთი ორჯონიკიძე,ანა ღლონტი,”ქუჩის ბიჭები“, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, გვანცა ჯაფარიძე, მარიკო ლეჟავა, ანსამბლი “უნისონი, ანსამბლი “ხარება” და სხვები…..
ქალბატონო გვანცა, რა გეგმები აქვს ორგანიზაცია მომავალში, კიდევ რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავთ სამომავლოდ?
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, 25 ივნისის შემდეგ “ კეთილსოფლის“ მთელი გუნდი გადავდივართ ბათუმში და ჩვენი ხელით ვერთვებით მშენებლობაში…
მინდა მკითხველს ბოლოს „კეთილსოფლის“ სახელით ორიოდე სიტყვა დავუტოვო: “ნუ დაგავიწყდებათ ადამიანები, რომლებიც თქვენს გარშემო არსებობენ (ესენი იქნებიან ნაცნობები თუ უცნობები), უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არსებობს ადამიანი ვისაც თქვენი სიყვარული და სითბო სჭირდება“!