თავდაცვის მინისტრმა ევროპული ტურნე შვეიცარიაში სტუმრობით დაიწყო. თინათინ ხიდაშელი ციურიხში საერთაშორისო ფორუმში იღებს მონაწილეობას.
„ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების გლობალური შედეგები“ ევროპულ ლიბერალთა ფორუმის მიერაა ორგანიზებული.
თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრა:
„ის რაც ხდება დღეს ევროპაში, პოლიტიკა რომელსაც რუსეთი ატარებს, არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პასუხი იმ ყველაფერზე რასაც ჩვენ ვაფასებთ, რაზეც ვიდექით და რისთვისაც ვიბრძოდით მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ ძალიან ნათლად უნდა გამოვთქვათ ჩვენი გზავნილი. სწორედ ამიტომ, ყველა ქვეყანა, რომელსაც მართავენ ლიბერალები ან არ მართავენ, ნათლად უნდა გამოხატავდეს ურყევ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმზე, პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკასა და მის სურვილზე აღიდგინოს გავლენის სფეროები იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რუსეთის საკუთრებად მიიჩნევს, მათ შორის ჩემს ქვეყანასაც. ერთადერთი ნათელი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება პოლიტიკური რეაგირება და პოზიტიური დღის წესრიგი ამ ქვეყნებისთვის. როდესაც მსოფლიო იქნება მზად მიგვიღოს ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა – ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე მასთან ომი. ნეგატიური დღის წესრიგი ვერასდროს იმარჯვებს. მე მჯერა პოზიტიურობის, პოზიტიური საგზაო რუკის. მე მჯერა, რომ ლიბერალების მიერ სწორედ ასეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართულებით, რათა ჩვენ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.“
ციურიხიდან თავდაცვის მინისტრი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაემზავრება. თინათინ ხიდაშელი ვახაუს ევროპულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ევროპის მომავალზე იმსჯელებენ.