წელს, რამაზანი-მუსლიმთა მძიმე მარხვა 18 ივნისს დაიწყო და 17 ივლისამდე გასტანს.
რამაზანი (რამადანი) მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამადს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.
თავისი შინაარსითა და ფორმით მარხვის თვე მუსლიმთათვის ზეიმის თვეა. სწორედ რამადანის დროს აღინიშნება წელიწადის ორი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული:
- „ბედისწერის ღამე“ (ლაილათ ალყადრ), რომლის დროსაც მუსლიმები კაცობრიობისათვის ყურანის გამოცხადებას ზეიმობენ (ყურ. 2:185; 97) და
- მარხვის შეწყვეტის დღესასწაული (იდ ალ–ფიტრ), რამადანის დასასრულს.
მარხვა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავი უნდა შეიკავოს – ჭამისგან, სმისგან და სქესობრივი ცხოვრებისგან, ამ აკრძალვებისგან იგი თავისუფლედება მზის ჩასვლის შემდეგ. საღამოს ლოცვის შემდეგ კი მათ შეუძლიათ გაიხსნილონ – მიიღონ მსუბუქი საკვები, თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს.
რამაზანის თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმანი მარხულობს. მოხუცები, ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა უნდა დაიცვან.
რამაზანის დადგომა უნდა ემთხვეოდეს ახალმთვარეობას. ამიტომ ის გამოითვლება ასტრონომიული ცხრილებით.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ, როგორია საქართველოში მცხოვრები რიგითი მუსულმანის დამოკიდებულება ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორ აღნიშნავენ და რაიმე წინააღმდეგობა, ხომ არ ექმნებათ მათ რამაზანის აღნიშვნისას. აღნიშნულ საკითხზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული მეცნიერებათა (ქართული ფილოლოგია) მეორე კურსის სტუდენტს ეროვნებით აზერბაიჯანელ ელნარა ტაგიევა გვესაუბრა.
რა იცით ამ დღესასწაულის შესახებ? რასთან არის დაკავშირებუილი რამაზანი და როგორ აღნიშნავთ მას?
– ეს ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაული მაჰმადიანურ სამყაროში. რამაზანი არაბული წარმოშობის სიტყვა და გამომდინარეობს “ramda” სიტყვისგან. ამას ასე ხსნიან: ერთხელ გაზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ძლიერად იწვიმა და დედამიწა განწმინდა ყველა უბედურებისგან. როგორც ამ წვიმამ დედამიწა განწმინდა ყველა უბედურებისგან, რამაზანის მარხვაც ყველა მუსლიმს განწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან. რამაზანი სიკეთის, სიყვარულის და მოთმინების თვეაა. ამ თვეში თითქმის ყველა მუსლიმი მარხულობს. მარხვა აკრძალულია ბავშვის, ავადმყოფისა და მოხუცისთვის. როგორც ვიცით, სხვა რელიგიებშიც მარხულობენ, თუმცა ეს განსხვავებულია, რადგან მმარხველს არაფრის ჭამა, დალევა არ შეუძლია. ამ დროს მარხულობს არა მარტო, ადამიანის პირი და მუცელი, არამედ თვალიც, ცხვირიც.
მარხვის დასაწყისს ეწოდება “sahur”, დასასრულს კი “iftar”. რამაზანი მოძრავია ყოველ წელს 11-12 დღით ადრე აღინიშნება და გრძელდება 29-30 დღე. ბოლო 30-ე დღე დღესასწაულია, რომელიც სამი დღე გრძელდება. დღესასწაული 33 წელიწადში ერთხელ ერთ დღეს ემთხვევა. რამაზანის ბოლო, 10 დღეს ემთხვევა განსაკუთრებული ღამე, რომელსაც ეწოდება “Gedir“. ამ ღამეს არ იძინებენ, კითხულობენ ყურანს და ლოცულობენ. ეს ღამე შეიძლება ემთხვეოდეს ბოლო ათი დღის კენტ რიცხვებს 19,21,23,25,27 დღეებს. ამბობენ, რომ რამაზანის თვეში იღება სამოთხის კარი და იკეტება ჯოჯოხეთის კარი.
რამაზანის ბოლო დღეს ყველა მუსლიმი დღესასწაულობს. ამ დღეს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი სახლში იყოს. სუფრას შლიან, ამზადებენ სხვადასხვა სახეობის საჭმელს. აკრძალულია, რომ სუფრაზე იყოს სპირტიანი სასმელები. ყველა მატერიალურად ეხმარება ღარიბს, რომ მათაც შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა.
რაიმე დაბრკოლება ხომ არ გექმნებათ, რომ სრულად აღასრულოდ ის წესები რაც რამაზანისთვისაა დამახასიათებელი?
– საბჭოთა კავშირის დროს რამაზანის აღნიშვნა, ისევე როგორც სხვა რელიგიური დღესასწაულების აკრძალული იყო, მაგრამ დღეს ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. თავისუფლად და სრულყოფილად ყველა ტრადიციების დაცვით ავღნიშნავთ რამაზანს.
თქვენ თსუ-ს სტუდენტი ხართ და გიხდებათ, სხვა სარწმუნოების წარმომადგელების, უფრო მეტად კი მართმადიდებლების გარემოცვაში ყოფნა, რაიმე დისკომფორტს ხომ არ გრძნობთ მათგან? არის თუ არა თქვენ შორის მეგობრული დამოკიდებულება?
– მართალია, გარშემო ყველა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენელია, მაგრამ ეს დისკომფორტს არ მიქმნის. მათთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მიხარია. არასოდეს მიფიქრია იმის შესახებ, რომ აქ ყველა ქრისტიანია და მარტო მე ვარ მუსლიმი. ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ყველა ჩემ მეგობარს პატივს ვცემ.
ელნარა, როგორც მუსულმანი გრძნობთ თავს დაცულად საქართველოში?
– საქართველო ჩემი სამშობლოა. ამ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია სერიოზული პრობლემა ან დაპირისპირება. იმედია ამის შემდეგაც არ მექნება..!
მასალა მოამზადა
სოფო ნინიკაშვილმა