ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადება, რომ ბიუჯეტის კორექტირება არასწორია, თითიდან გამოწოვილია.
ფინანსთა მინისტრის თქმით, გოცირიძის განცხადება კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ისეთივეა, როგორც მისი საქართველოს ეკონომიკის მმართველობა კუპონის პერიოდში.
“ბატონი რომან გოცირიძე აკეთებს აბსოლუტურად უპასუხიმგებლო განცხადებებს. ამას ვამბობ ძალიან გულწრფელად, ის აკეთებს ისეთივე განცხადებებს, როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს. მისი განცხადებები არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი. საუბრობს ვითომ სავარაუდო შემოსავლებზე ლიცენზიებიდან. მას შეუძლია უბრალოდ გადაამოწმოს და ნახოს, რომ აღნიშნული ლიცენზიებიდან ფული უკვე შემოდის საქართველოს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, დღევანდელ კურსზეა გათვლილი საქართველოს ბიუჯეტი. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სამინისტროებსა და უწყებებში და, ამავე დროს, ნამდვილად იმის გამო, რომ სტიქია მოხდა საქართველოში, გვიწვეს თანხების მიმართვა სტიქიურ უბედურებებზე. ძალიან მაინტერსებს გოცირიძე სხვანაირად თუ მოიქცეოდა, ან როგორ იქცეოდა ის, როცა ვიცე-პრემიერი, ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. მეც ძალიან კარგად მახსოვს და საქართველოს მოსახლეობასაც. გაცვლით კურსზე მაშინ ენერვიულა, გინდა ერთ დროს, გინდა მეორე დროს”, – განაცხადა ხადურმა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შემცირება 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, თუ ბიუჯეტის შეკვეცა 140 მილიონი ლარი იქნება, ეს არ არის საკმარისი ბიუჯეტის დეფიციტის იმ ზომით შესამცირებლად, რომ მიღწეული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და არ ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას.