ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრები სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს 35 000 დოლარით დაეხმარებიან. ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოში ითქვა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩინეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის პრეზიდენტის, საკრებულოს ფრაქციის ,,თბილისელები’’ თავმჯდომარის გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე თავმჯდომარის მოადგილეები და დეპუტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრის დასაწყისში სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმა და ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
მისივე თქმით, ჩინურმა მხარემ თბილისში მომხდარი ტრაგედიის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე დახმარების სურვილი გამოთქვა, რისთვისაც საკრებულოს თავმჯდომარემ მათ მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს დეპუტატის გიორგი მუსხელიშვილის ინფორმაციით, ქალაქ კუიტუნის დელეგაცია, ქალაქის მერისა და კომუნისტური პარტიის მდივნის მეთაურობით, საქართველოს დედაქალაქში სტიქიით დაზარალებულთა პრობლემების გაცნობისა და მათი დახმარების მიზნით ჩამოვიდა.
,,დელეგაცია 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შედეგებს ადგილზე გაეცნო და მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებას დაგვპირდა.
დელეგაციის წევრები დღესვე დამეგობრების ხელშეკრულების გასაფორმებლად ქალაქ თელავში მიემგზავრებიან და სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, გარკვეული პროექტების ინვესტირებას გეგმავენ’’,-განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
შეხვედრის მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ახვლედიანმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი დიდი მატერიალური თუ მორალური ზარალის დროს მსგავსი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.