დღეს, როცა ასე მომრავლდნენ ჩვენი ქალაქის ყველა ცენტრალურ მოედანზე, ხალხმრავალ ადგილებში (აღარაფერს ვამბობთ მათ კარდაკარ სიარულზე) „ჭეშმარიტი ღმერთის“ მქადაგებლები, რომლებიც ცდილობენ სულ უფრო ბევრი ადამიანი გადაიბირონ და  სამწუხაროდ, ზოგჯერ ახერხებენ კიდეც ამას, ალბათ ბევრს სმენია თუ როგორ გახდა რიგითი მართმადიდებელი ქრისტიანი „იეჰოვას მოწმე“, მაგრამ ცოტა თუ იცნობს ისეთ ადამიანს  ვინც „იეჰოვას მოწმე“ იყო და მართმადიდებელი გახდა.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანებს: „ ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს, ვისაც მთელი არსებით სურს, ჭეშმარიტების შეცნობა, ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს და გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება გაბრწყინებული უნდა იყოს აღდგომის ნათლით და ქრისტეში მარადიული ნეტარების დამკვიდრების სასოებით“. ტარიელ დავითაშვილი ის მართმადიდებელი ქრისტიანია ვინც საკუთარი განვლილი ცხოვრებით ამტკიცებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას და  ვისაც ყველაზე მეტად ესმის თუ რა დიდი სიხარულია „იპოვო უფალი“.  „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს მასთან.

11720779_826681627428896_1223269272_o

ბატონო ტარიელ, მკითხველმა რომ უკეთ გაგიცნოთ,  მოკლედ გვიამბეთ თქვენ შესახებ?

– დავიბადე 1972 წელს გურჯაანის რაიონის სოფ. ვაზისუბანში. 1992 წელს ჩავაბარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ მოხდა ჩემი კონტაქტი „იეჰოვას მოწმეებთან.“

თქვენ წლების მანძილზე იყავით „იეჰოვას მოწმეების“ რელიგიური მიმდინარეობის წევრი. რატომ დაუკავშირდით ამ სექტას?

– ისინი თვითონ დამიკავშირდნენ – ე.წ. „ბიბლიის შესწავლა“ შემომთავაზეს. რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში გათვითცნობიერებული არ ვიყავი, ვერ მივხვდი, რომ მასწავლიდნენ არა ბიბლიას, არამედ თავიანთი ორგანიზაციის მიერ გამოცემულ წიგნს, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა ქრისტეზე და ქრისტეს ეკლესიაზე ცრუსწავლება. ამ ორგანიზაციაში გარეგნულად ისე ჩანს, რომ ზნეობრივი ნორმებით აღემატებიან ნომინალ მართლმადიდებლებს, ხოლო ამ ორგანიზაციაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ ნომინალური მართლმადიდებლების ქცევა არის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაყოფი. მეც ასე ვფიქრობდი და როცა ორგანიზაციის სხვადასხვა სწავლების სისწორეში ეჭვი შემეპარებოდა, თავს ასე ვინუგეშებდი: „თუ ვნახავ ზნეობრივად უკეთეს დაჯგუფებას, სადაც უფრო მეტი სიყვარულია ღვთისა და მოყვასისა, იქ გადავალ-მეთქი.“

რამ განაპირობა ის, რომ დღეს კვლავ მართმადიდებელი ხართ? რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

– წლების განმავლობაში არაერთი კითხვა დამიგროვდა. კითხვები განსაკუთრებით მაშინ გამიძლიერდა, როცა დაახლოებით 1995 წელს „1988 წლის მართლმადიდებლურ კალენდარში“ ეგნატე ღმერთშემოსილის (ანტიოქიელის) წერილები წავიკითხე – გავოცდი, რამხელა სიყვარულს, გმირობას და ქრისტესადმი ერთგულებას ქადაგებდა ეს კაცი, რომელიც ორგანიზაციის სწავლებით „განდგომილი“ ეკლესიის წარმომადგენელი იყო. მახსოვს, როდესაც „სამსახურებრივი თანამშემწე“ (იგივე დიაკვანი) ვიყავი, პეტერბურგიდან ჩამოსულ კოორდინატორს შემახვედრეს, რომ იქნებ მას ეპასუხა ჩემს კითხვებზე. განმარტების მოსმენის შემდე ვუთხარი, რომ მის პასუხს არ ვეთანხმებოდი. ფეხი-ფეხზე გადადებულმა  მკითხა: „აბა, ამ ორგანიზაციაში რაღა გინდა, თუ არ მეთანხმებიო.“  მომდევნო შეხვედრაზევე კრების უხუცესმა ცალკე გამიხმო და მითხრა, დღევანდელი დღიდან „სამსახურებრივი თანამშემწე“ აღარ ხარო. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ორგანიზაციაში მოჩვენებითი თავისუფლების მიღმა არსებობს აზროვნების ტერორი – წიგნებისა და ჟურნალების ფურცლებიდან მკითხველის მოსაჩვენებლად დეკლარირებულია შეკითხვების დასმის თავისუფლება, მაგრამ თურმე მხოლოდ შეკითხვების დასმისა – პახუხების ფორმულირების პრეროგატივა მხოლოდ ე.წ. „ერთგულ და გონიერ მონას“ (ამ რელიგიური ორგანიზაციის 7 კაცისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოს) ეკუთვნის. ხოლო, თუ შეკითხვა დასვი და მიღებულ პასუხს არ დაეთანხმე, ეს ნიშნავს იმას, რომ კრებაში ყოველგვარ უპირატესობას კარგავ და „შენიშნული“ ხარ.

ერთია იმასთან თვალის გასწორება, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც შენი თავდაპირველი წარმოდგენის მიხედვით სრულ ჭეშმარიტებას ასწავლიდა, სინამდვილეში რაღაც-რაღაცებში ცდება, მაგრამ მეორეა უფრო მძიმე დილემა – ამ ორგანიზაციიდან წასვლა რომ გადავწყვიტო, სად წავიდე? და ამ ორგანიზაციის წევრში ეს ერთი შეხედვით გამოუვალი მენტალური მდგომარეობა  იმით იქმნება, რომ ორგანიზაცია ხშირად სვამს ამ შეკითხვას  და ყოველთვის თვითონვე სცემს მას პასუხს: ვინც ეს ორგანიზაცია დატოვეს, გახდნენ ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი – ზოგი მრუში გახდა, ზოგი კრიმინალი, ზოგიც ნარკომანი და ა. შ. გარდა ამისა, ამ შეკითხვას, რომელიც პეტრე მოციქულმა უფალ იესო ქრისტეს ასე დაუსვა: „სხვა ვისთან წავიდეთ, უფალო, საუკუნო სიცოცლის სიტყვები შენ გაქვსო,“ ორგანიზაცია შეცვლილი სახით აყალიბებს: „სხვაგან სად წავიდეთ?“ და დაუკვირვებელი მორწმუნე ავტომატურად იხსენებს პეტრე მოციქულის პასუხს, თუმცა სხვაგვარად ფორმულირებულს, რომ წასასვლელი არსადაა. სინამდვილეში, პეტრე მოციქული ქრისტესგან სხვასთან წასვლაზე საუბრობდა, და მეც ბოლოს დავბრუნდი ქრისტესთან – მასთან, ვისთანაც თავიდანვე უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ჩემი გამოუცდელობისა და ამ ორგანიზაციის მიერ საკუთარი ისტორიის გაყალბებით და არასასიამოვნო ცრუწინასწარმეტყველებებისა და ცრუსწავლებების ფაქტების მიჩქმალვით მოვხვდი მასში. იმის თქმა მინდა, რომ მათ საკუთარი ნამდვილი ისტორია  პატიოსნად, რომ  გაეცნოთ ჩემთვის, მისი წევრი არასოდეს გავხდებოდი. მეგონა, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით ღმერთს ვუკავშირდებოდი, მაგრამ დიდი დრო დამჭირდა იმის საბოლოოდ მისახვედრად, რომ ეს ორგანიზაცია ქრისტეს ეკლესია არ არის. ამასობაში 15 წელი გავიდა და ერთხელაც საველე (ქუჩაში) მსახურებისას გავაჩერე ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სულ რამდენიმე წუთში ამიხსნა, რატომ ცდებოდა ორგანიზაცია არაერთ ფუნდამენტურ საკითხში. შემდეგი 2 წელი ორგანიზაციის სწავლებების ხელახლა გამოკვლევაში გავატარე და ბოლოს 2012 წლის გაზაფხულზე მეც და ჩემმა მეუღლემაც ერთად საკუთარი სურვილით დავწერეთ განცხადება ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ. ამის შემდეგ, რამდენიმეჯერ დავესწარი პროტესტანტული მიმდინარეობების, კერძოდ, ბაფტისტთა და ორმოცდაათიანელთა შეხვედრებს – გამიკვირდა, რომ აქ მყოფი ადამიანები ზნეობით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ „იეჰოვას მოწმეებს“.

შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიის გაცნობის ჯერიც დადგა – პირველად ვესაუბრეთ დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას – ჩვენდა გასაკვირად, ის პიროვნულად  სასიამოვნო და თავაზიანი, ხოლო მისი პასუხები დასაბუთებული აღმოჩნდა. შემდეგ ვესაუბრე დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს, რომელმაც ბევრ საკითხზე დამაფიქრა და შემომთავაზა კვირაში ერთხელ შეხვედრა და ჩემთვის იმ დროისთვის მტკივნეული საკითხების განხილვა. რაც უფრო მეტ იერარქს თუ ეკლესიის რიგით წევრს ვეცნობოდი, მით უფრო გული მტკიოდა, როგორ მომატყუა „იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაციამ ამ ადამიანებზე ათასობით სიცრუის თქმით, რომ თითქოს ესენი ქრისტესგან განდგომილები და მოღალატეები იყვნენ. თანდათანობით ბევრ რამეს ნათელი მოეფინა და სულ რამდენიმე თვეში გადავწყვიტე, კვლავ ეკლესიის წევრი გავმხდარიყავი. მახსოვს, როცა კვირადღეს წირვა ასე დაიწყო: „კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და სულისა წმინდისა“, მივხვდი, რომ უკვე შინ ვიყავი. ხოლო როცა მსახურებისას დიაკვანმა მრევლის წინაშე გააკეთა მოწოდება, მუხლი მოვუყაროთ ჩვენს უფალ იესო ქრისტესო და მრევლთან ერთად პირველად ცხოვრებაში მუხლი მოვუყარე იესო ქრისტეს, ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰოქნდა – თვალებზე ცრემლები მომადგა და არ მინდოდა, რომ მუხლდრეკა დასრულებულიყო – ეს იყო ჩემი სულის 17 წლიანი ნატვრის ასრულება – ამ 17 წლის განმავლობაში ყოველთვის მინდოდა ქრისტეს წინაშე დაჩოქება და მისი თაყვანისცემა, თუმცა „იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაციაში ამის გაკეთება იკრძალება, რადგან იქ ქრისტე მხოლოდ „მიქაელ მთავარანგელოზია“ და არა „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ (იოანე 20:17).  დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი – კონკრეტულად კი, ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის მრევლი ვარ.

ამ გადმოსახედიდან რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე მათი დოგმატები და მოთხოვნები?

– „იეჰოვას მოწმეებსაქვთ დევნილობის ცრუგანცდა – ცრუგანცდა იმიტომ, რომ ისინი ქრისტეს სახელისთვის არ იდევნებიან. „იეჰოვას მოწმე“ ფიქრობს, რომ მართლმადიდებლისგან განსხვავებით იცნობს ჭეშმარიტ ღმერთს და მას სულით და ჭეშმარიტებით სცემს თაყვანს. „საგუშაგო კოშკის“ გამუდმებული კითხვით და განსხვავებული ლიტერატურის წაკითხვაზე უარის თქმით (რასაც ორგანიზაცია მკაცრად ეწინააღმდეგება), მას უჩნდება ცრუგანცდა იმისა, რომ ის „ზნეობრივია“, ღვთის თვალში ღირსეულია, სხვებზე უკეთესია, გამორჩეულია, განსაკუთრებულია, – მოკლედ, ის გაუთვითცნობიერებელი ხიბლის მდგომარეობაშია.

ეს ორგანიზაცია ხშირად საუბრობს იმაზე, თუ  რა საზიანო გავლენა აქვს უმაღლეს განათლებას მორწმუნეზე – სინამდვილეში უმაღლესი განათლების მიღებისას ადამიანი კრიტიკულ-ანალიტიკურ აზროვნებას სწავლობს, რაც მას  ორგანიზაციის ცრუსწავლებებისა და აზროვნების კონტროლის მეთოდების ამოცნობაში ეხმარება. მოკლედ, რაც უფრო უწიგნურია ადამიანი, მით უფრო ადვილია მისი კონტროლი.

მოგვიყევით როგორია რიგითი „იეჰოვას მოწმის“ ცხოვრება? რა ხდება რეალურად მათ შეკრებებზე და რა იმალება კარგად ჩაცმული, მომღიმარი სახეების უკან?

– როდესაც ადამიანი „იეჰოვას მოწმე“ ხდება, ის ჯერ ე.წ. „ბიბლის შესწავლის“ კურსს გადის – სინამდვილეში ის სწავლობს პატარა წიგნს, სადაც ყოველი აბზაცის ქვეშ დასმულია შეკითხვა, რომელსაც მან პასუხი ამავე აბზაცის შესაბამისად უნდა გასცეს. წმინდა წერილიდან ამ აბზაცებში ციტირებული თუ მითითებული მუხლები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და წმინდა წერილის არმცოდნე, გამოუცდელი ადამიანს ჰგონია, რომ ის წმინდა წერილს სწავლობს და ღმერთზე ზუსტ შემეცნებას იღებს. „იეჰოვას მოწმეების“ სწავლებით, მოციქულთა სიკვდილის შემდეგ ეკლსიაში განდგომილება შემოვიდა და სწორი სწავლება დაიკარგა, ხოლო 1919 წელს ქრისტემ ქრისტიანული ეკლესიები მოინახულა, ყველა დაიწუნა და მხოლოდ „ბიბლიის მკვლევარების“ („იეჰოვას მოწმეების“ ადრინდელი სახელწოდება) ჯგუფი მოიწონა. ადამიანი იჯერებს, რომ სხვა ეკლესიები, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესია, ღვთისგან განდგომილია და რომ მხოლოდ „იეჰოვას მოწმეები“ ასწავლიან „ჭეშმარიტებას.“ მათ შეკრებებზე წამდაუწუმ ხდება იმის შთაგონება, რომ „არმაგედონი“ კარზეა მომდგარი, რომ ამ ორგანიზაციის წევრების გარდა სხვა ადამიანებს გადარჩენის ბიბლიური საფუძველი არ აქვთ (თუმცა პირად საუბარში „იეჰოვას მოწმეები“ ორგანიზაციის ამ ხისტ სწავლებას არბილებენ და გეტყვიან, რომ ეს შეიძლება მთლად ასე არ იყოს).

მათ შეკრებებზე მუდმივად ხდება იმ ადამიანების მაგალითების გამეორება, რომლებიც გავიდნენ ორგანიზაციიდან და „დაისაჯნენ“. თუმცა ხშირია სტატიები მოთმინებაზე, სიყვარულზე, სიხარულზე, მშვიდობაზე, ოჯახურ ბედნიერებაზე, ზნეობრივ სიწმინდეზე და ა. შ. და რიგითი „მოწმე“ თავისთვის ფიქრობს: „ღმერთო, სად არის ამაზე უკეთესი ორგანიზაცია?“ მაგრამ საქმე ის არის, რომ რიგით მოწმეს აქტიური შეხება ეკლესიასთან არ აქვს და ეკლესიას და მრევლს მხოლოდ „საგუშაგო კოშკის“ სათვალეებიდან უმზერს და აღიქვამს. ის ხშირად ინუგეშებს თავს ამ ორგანიზაციის ნაყოფის ეკლესიის ნაყოფთან შედარებით, თუმცა ამ შედარების კრიტერიუმებიც ორგანიზაციის მიერაა ჩამოყალიბებული. გამუდმებული დაპროგრამების შედეგად „მოწმე“ თანდათანობით კარგავს სინამდვილის ადეკვატურად შეფასების უნარს.  ხოლო, თუ ორგანიზაციის სწავლებების სისწორეში რაიმე ეჭვი შეიტანა, მასზე ზემოქმედებას იწყებს ორგანიზაციის „განათების თეორია“ – თუ რაიმე სწავლება გამოსასწორებელია, იეჰოვა თავის დროზე გაანათებს და ყველაფერი „დაიხვეწებაო“. ამით ორგანიზაცია თავის დაეჭვებულ წევრებსაც კი არასწორი სწავლებების გამოსწორების მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს და მიზანსაც აღწევს: დაეჭვებული წევრები კვლავ ორგანიზაციაში რჩებიან და ელოდებიან, როდის „განათდება“ და გამოსწორდება არასწორი სწავლებები. თვით დღევანდელი ე.წ. „ჭეშმარიტი“ სწავლებებიც ძალაშია შემდგომ „გამონათებამდე,“ როცა ისინი შეიცვლება ახალი სწავლებებით. დასკვნა? ეს არის ორგანიზაცია, სადაც „ჭეშმარიტება“ მუდმივად ცვალებადია. ამრიგად, კარგად ჩაცმული და მომღიმარი ადამიანის უკან დგას მოტყუებული პიროვნება, რომელიც ორგანიზაციის ხელში იარაღია სხვათა მოსატყუებლად. ორგანიზაცია ყველა წევრს ავალდებულებს იქადაგოს „სასიხარულო ცნობა“, თუმცა წმინდა წერილი აშკარად გვასწავლის, რომ ეს ასე არ არის (1 კორინთელთა 12:28-30). ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომღიმარმა „იეჰოვას მოწმემ“ გაგაჩერათ, წმინდა წერილზე დაგიწყოთ საუბარი და თქვენი კონტრარგუმენტის წარდგენისას აღმოაჩენთ, რომ საკუთარ ცრუსწავლებებთან მიმართებით მას კრიტიკული აზროვნებისა და ინტელექტუალური პატიოსნების უნარი არ აქვს.

რას ეფუძნება „იეჰოვას მოწმეების“ სწავლება, რისი სწამთ და რას უარყოფენ ისინი?

– „იეჰოვას მოწმეები“ აცხადებენ, რომ მათი სწავლება ბიბლიას ეფუძნება, თუმცა ეს ასე არ არის – მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებში (ქრისტეს ვინაობა, ჯვარი, ზიარება, სული, აღდგომა, სასამართლო, ხელდასხმა, სამედიცინო მიზნით სისხლის გადასხმაზე უარის თქმა) მათ წმინდა წერილის საწინააღმდეგო სწავლებები აქვთ, რომლებსაც მათი „ხელმძღვანელი საბჭო“ განსაზღვრავს. იშვიათად მინახავს მიმდინარეობა, რომელიც ასე აქტიურად იყენებდეს ბიბლიას, მაგრამ ასე არასწორედ. „იეჰოვას მოწმეების“ სწავლება ეფუძნება არა წმინდა წერილს, არამედ ე.წ. „ერთგული და გონიერი მონისგან“ მოწოდებულ სწავლებას ანუ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „სულიერ საზრდოს.“

ბიბლიის რომელ თარგმანს იყენებენ და რა კონტექსტში ხდება წმინდა წერილის დამახინჯება? როგორ უნდა მიხვდეს  რიგითი  მართმადიდებელი, რომელიც დეტალურად არ იცნობს წმინდა წერილს, რომ არასწორ ინფორმაციას აწვდიან?

– მათ ბიბლიის საკუთარი ვერსია აქვთ, რომელსაც „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი ეწოდება,“ თუმცა ბოლოდროინდელ გამოცემას ყდაზე „ბიბლია“ დააწერეს. მათ მიერ გამოცემული წმინდა წერილი დამახინჯებულია ქრისტეს ღვთაებრიობასთან, ჯვართან, სულის უკვდავებასთან დაკავშირებულ ადგილებში, აგრეთვე ტეტრაგრამის ახალ აღთქმაში ჩამატებით, მათ შორის, ბევრ ისეთ ადგილზე, სადაც ძველი აღთქმიდან ციტირება არ ხდება. რიგითი მართლმადიდებელი კარგად უნდა იცნობდეს წმინდა წერილს და მისი თარგმანის ისტორიას, რომ ამ განსხვავებებს მიხვდეს.

როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მართმადიდებლების და ზოგადად სხვა აღმსარებლობის  მქონე ადამიანების მიმართ?

ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, ხოლო ყველა სხვა სარწმუნოება, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესია, დიდი ბაბილონია ანუ ცრუ რელიგიაა. იეჰოვას მოწმეებსეკრძალებათ სხვა სარწმუნეობის ადამიანებთან დაახლოება და მეგობრობა. სხვა მხრივ, პლასტმასის ღიმილისა და მოჩვენებითი ზრდილობის გამოვლენაში ყველა იეჰოვას მოწმე გადის ტრეინინგს „სამეფო მსახურებისა“ და „თეოკრატული მსახურების სკოლის“ შეხვედრებზე. „იეჰოვას მოწმეები“ ფულს არ მოგპარავენ, არ შეგაგინებენ, შეურაცხყოფას არ მოგაყენებენ, აქტიურად შემოგთავაზებენ თავიანთ ლიტერატურას და ე.წ. ბიბლიის შესწავლას, თუმცა განსხვავებული სარწმუნების მიმდევრების მიმართ მათი „სიყვარული“ ამაზე შორს ვეღარ მიდის, რადგან ორგანიზაციის მოწოდების მიხედვით მათ ფიზიკური თუ ფინანსური რესურსები  „სამეფო საქმეს“ ანუ ორგანიზაციის ინტერესებს უნდა მოახმარონ.

ბატონო ტარიელ, მართალია საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ადამიანთა უმრავლესობა ანაზღაურების გამო წევრიანდება „იეჰოვას მოწმეების“ სექტაში?

– ეს სრული სიცრუეა. ამ ორგანიზაციის რიგით წევრებს და უხეცესებს ანაზღაურება არ აქვთ. ანაზღაურებას იღებენ სარაიონო ზედამხედველები (ეპისკოპოსები) და ორგანიზაციის ოფისებში (ბეთილში) მომსახურეები, თუმცა ეს ანაზღაურება მაღალი არ არის. ამ ორგანიზაციის ბევრი რიგითი წევრი გულწრფელად ცდება და გულსატკენი სწორედ ის არის, რომ მათ გულწრფელობას ორგანიზაციის მესვეურთა მხრიდან უფრო მაღალი პატიოსნება ეკადრება, მაგრამ ეს ასე არაა.

რით ან როგორ ფინანსდება „იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაციის საქმიანობა?

– როგორც ვიცი, ორგანიზაცია წილებს ფლობს სხვადასხვა კომპანიაში. თუმცა, მისი შემოსავლების დიდი ნაწილი „ნებაყოფილობითი“ შესაწირავებით ფინანსდება. „ნებაყოფილობითი“ ბრჭყალებში იმიტომ ჩავწერე, რომ ორგანიზაცია გამუდმებით აქვეყნებს სტატიებს, ხოლო კრებებზე უხუცესები გამუდმებით შეახსენებენ რიგით წევრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაწირავების გაღება. ორგანიზაციის სტატიებში და ანიმაციურ ფილმებში მოთხრობილია ხოლმე ბავშვზე, რომელმაც მშობლის მიერ მიცემული ფულით ნაყინი არ იყიდა და ფული შესაწირავების ყუთში ჩააგდო ან აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვზე, რომელმაც გოჭი გაზარდა, გაყიდა და ფული შესაწირავების ყუთში ჩააგდო. ასეთი ამბების მოსმენის შემდეგ ადამიანი ფაქტობრივად სინდისზეა შეგდებული, რომ გაიღოს შესაწირავი.

 გარდა ამისა, ორგანიზაციას აქვს ე.წ. „ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამა“ (სახელწოდება ზუსტად არ მახსოვს), რომლის მიზანია „ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყნებში „იეჰოვას მოწმეებს“ დაეხმაროს სამეფო დარბაზების (ასე ეწოდება „იეჰოვას მოწმეების“ შესაკრებელს) მშენებლობაში. მაგ., ამ პროგრამის ფარგლებში ასე 4-5 წლის წინ ჩვენმა კრებამ ორგანიზაციისგან მიიღო სესხი დაახლოებით 300000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც 10 წელიწადში უნდა დაგვეფარა. ამ ფულით ნაყიდი მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული შენობა გაფორმდა ორგანიზაციის საკუთრებად. ფაქტობრივად, 10 წელიწადში ორგანიზაცია თავის ფულსაც დაიბრუნებს და უძრავი ქონებაც მას დარჩება. იგივე სქემა მოქმდებს სხვა კრებების სამეფო დარბაზების შემთხვევაშიც. აღარაფერს ვამბობთ ამ უძრავი ქონების შენახვისა და პერიოდულად გარემონტების ხარჯებზე, რომლებიც ისევ ადგილობრივი კრების მიერ ფინანსდება. ამ სქემის მიხედვით ორგანიზაცია ყოველწლიურად მდიდრდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მზარდი უძრავი ქონების მფლობელი ხდება.

ქალაქში ყველა ცენტრალურ მოედანზე, ხალხმრავალ ადგილებში ვხვდებითიეჰოვას მოწმეებსთავიანთი ბანერებით, ბროშურებით, რომლებიც ცდილობენ მეტი ადამიანი დააინტერესონ. რა საფრთხეს ხედავთ ამაში?

– რწმენის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და ამას ვერავის დაუშლი. არც ვინმეს მოვუწოდებ, რომ მათთან მივიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენონ ან დასცინონ – არა, ეს არაქრისტიანულია. თუ ადამიანი მივა და მათ მოსმენას დაიწყებს, მას ვურჩევდი, რომ პარალელურად მოესმინა მართლმადიდებელი მორწმუნისთვისაც, უკეთესია, თუ მოძღვარს მოუსმენს. ორივე მხარის პოზიციის გაცნობა  სიცრუის ამოცნობაში დაეხმარებოდა.

ისე კი, როცა „იეჰოვას მოწმეები“ თქვენთან მოდიან, ისინი გიღიმიან (ამაში ვარჯიშობენ) და საუბარს იწყებენ პრობლემების მოგვარებაზე, სიხარულზე, სიყვარულზე, მშვიდობაზე, ოჯახურ ბედნიერებაზე, თუმცა, ამ ყოველივეზე უარს გეტყვიან, თუ მათი „წევრი“ გახდები, მაგრამ შემდეგ ამ ორგანიზაციას დატოვებ იმის გამო, რომ ამა თუ იმ სწავლებაში არ დაეთანხმე – ისინი არათუ ურთიერთობას წყვეტენ შენთან, არამედ გამარჯობასაც კი აღარ გეუბნებიან. თუმცა, ფართო საზოგადოების  თვალის ასახვევად მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე უწერიათ, რომ ყოფილ წევრებთან ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ეს სრული სიცრუეა – ისინი კრებებში და კონგრესებზე იღებენ მითითებებს, რომ არანაირი ურთიერთობა არ იქონიონ  არათუ მეგობრებთან, არამედ  ოჯახის ზრდასრულ წევრთანაც კი, თუ ამ უკანასკნელმა ორგანიზაცია დატოვა (მათ შორის, არ უპასუხონ მათ სატელეფონო ზარს ან ელ-ფოსტით მიღებულ წერილს). ორგანიზაცია თავის წევრებს შთააგონებს, რომ გარიცხული წევრი ოჯახთან და მეგობრებთან კვლავ ყოფნის ძლიერი სურვილის გამო შეიძლება ორგანიზაციას დაუბრუნდესო. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ემოციური შანტაჟი – ფაქტობრივად, ახლობლის გრძნობებზე მანიპულირებ იმისათვის, რომ ის აიძულო დაუბრუნდეს ორგანიზაციას.

გარდა იმ საფრთხისა, რომ არასწორ რელიგიურ მიმდინარეობაში შეიძლება მოხვდეთ, „იეჰოვას მოწმეებთან“ საუბრის ან „ბიბლიის შესწავლის“ დაწყებით თქვენ მიდიხართ იმ რისკზე, რომ ორგანიზაციიდან გამოსვლის შემთხვევაში საყვარელ მეგობრებს, ნათესავებს და ახლობლებს ერთიანად დაკარგავთ – ისინი აღარც კი მოგესალმებიან. მაგალითად, ახლობელი რომ გარდაგეცვალოს, იმასაც კი არ გეტყვიან, მეწყინაო.

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომელთაც  ამ სექტის გამო დატოვა თავიანთი ოჯახი, მეგობრები?

– იკითხეთ წმინდა წერილი, ოღონდ არა ორგანიზაციის გამოცემა, რადგან ის საშინლად დამახინჯებულია; რწმენის ჭეშმარიტების დასადგენად ესაუბრეთ არა გაუთვითცნობიერებელ, ნომინალ მართლმადიდებელს, არამედ მოძღვარს. ნუ მოგეხათრებათ სასულიერო პირებთან მისვლა და საუბარი – მეც მეხათრებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ ჩემნაირი, ჩვეულებრივი და სასიამოვნოდ საურთიერთობო ადამიანები არიან. აუცილებლად წაიკითხეთ იოანე დამასკელისმართლმადიდებლობის სწორი გადმოცემა“, იოანე ოქროპირისმათეს სახარების განმარტება“. ნახავთ, რომ ბიბლიის იმ ადგილებს, რომლებიც ერთი შეხედვით თქვენი მოძღვრების ჭეშმარიტებას ადასტურებს, სრულად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს და სინამდვილეში სრულიად სხვა რამის თქმა სურს ავტორს.

და ბოლოს, რა არის თქვენთვის მართმადიდებლობა?

– მართლმადიდებლობა – ეს არის უმზირო სამყაროს ქრისტეს თვალებით, ეს არის უსასრულო სიყვარული, უსასრულო სიწმინდე, თავგანწირვა, ძმობა, ღვთის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, მტრის სიყვარული, „მამა, ძე და სული წმინდა“. მართლმადიდებლობა – ეს არის მოკვდე შენი თავისთვის და იცოცხლო ქრისტესთვის და შესაბამისად მთელი სამყაროსთვის, როგორც გვასწავლის კიდეც პავლე მოციქული: „და მუდამ სხეულში ვატარებთ უფალ იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს. ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს მოკვდავ ხორცში გამოჩნდეს“. მართლმადიდებლობის მიზანი? დაეხმაროს ადმიანს შემდეგი მდგომარეობის მიღწევაში, რომელზეც პავლე მოციქული ამბობს: „ჩემს გულში მხოლოდ ქრისტეა, ისიც ჯვარცმული;“ ან, როგორც სხვაგან ამბობს: „სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა, სიკვდილი – მონაგები,“ ან როგორც თვით უფალი ბრძანებს: „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ გექცეოდნენ.“

მოამზადა

სოფო ნინიკაშვილმა

Please follow and like us: