საქართველოში აშშ–ის საელჩო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები მოლაპარაკებას აწარმოებენ კომპანია “მაიკროსოფტის” და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან, რათა საქართველოს სამთავრობო კომპიუტერული სისტემა სრულ შესაბამისობაში იქნას მოყვანილი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მოთხოვნებთან.
“ინტელექტუალური საკუთრების უფლების მტკიცედ და განუხრელად დაცვა ინოვაციური ეკონომიკის საძირკველს, კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანეს ნაწილსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო სისტემის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანხმდებიან გაააქტიურონ ურთიერთთანამშრომლობა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, როგორც სამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე კერძო ქართულ კომპანიებში. ფინანსთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები მოლაპარაკებას აწარმოებენ კომპანია “მაიკროსოფტის” და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან, რათა საქართველოს სამთავრობო კომპიუტერული სისტემა სრულ შესაბამისობაში იქნას მოყვანილი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მოთხოვნებთან. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, გამოიყენონ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რათა გამოავლინონ კერძო სექტორში ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები და მიიღონ შესაბამისი ზომები.
აშშ-ის საელჩო და ფინანსთა სამინისტრო ვალდებულებას იღებენ, ერთობლივი მუშაობით მიაღწიონ საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის მიტაცების მაღალი მაჩვენებლის შემცირებას – რაც Business Software Alliance-ის კვლევის თანახმად, 90%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლის საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას რეგიონალურ და გლობალურ ეკონომიკაში და წაახალისებს ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს საქართველოში”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში.
18.06.13