ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას და მაქსიმალურად მშვიდად, მაგრამ პრინციპულად გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე პროვოკაციულ მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს, რადგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პროვოკაციული გზით რეგიონში სიტუაციის დაძაბვის საშუალება არავის მიეცეს. „ეს არის იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც აწარმოებდა სააკაშვილი წლების განმავლობაში; ეს არის 2008 წლის ომის შედეგი, რომელმაც მოგვიტანა 25 ათასამდე ახალი იძულებით გადაადგილებული პირი, 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც მივიღეთ და რომელსაც, მესამე წელია, ვუმკლავდებით. ჩვენი მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ დავიწყეთ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკა და მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი რეგიონში სიტუაციის დეესკალაციას, ჩვენი ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობას“, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული მიდგომა გამოვლინდა სოჭის ოლიმპიადის დროსაც, როდესაც საქართველო, რუსეთთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკელებსა და ევროპელებთან ერთად ჩართული იყო უსაფრთხოების საკითხებში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აწარმოებს მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. „ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება. ჩვენ არაფრის ფასად ვაპირებთ, რაიმე კომპრომისზე წავიდეთ, მით უმეტეს, ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს ეხება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია, რომლებსაც ჩვენ თანმიმდევრულად, სწორი და ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა – უპასუხისმგებლო ემოციური გაუაზრებელი ყვირილით და ხმაურით. ჩვენ ბოლო 3 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ჩვენ მართლაც გვსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგება და ჩვენი პოლიტიკა აქეთ არის მიმართული. სააშკარაოზე არ გამოგვაქვს მთელი რიგი ის დადებითი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით შერიგების მიმართულებით. ეს არის პროცესი, იარა, რომელსაც ფრთხილი, ჭკვიანური მოპყრობა სჭირდება და რომელიც დროს მოითხოვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.