პრეზიდენტი ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს. პრეზიდენტი, რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს მთელი წინასაარჩევნო პროცესი,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას.
კალაძის განცხადებით, მთავრობა ყველა დაპირებას ასრულებს და ამ მიმართულებით პრობლემა არ არის.
,,ყველა დაპირება რაც იყო გაცემული, სრულდება, შესრულების პროცესშია და აუცილებლად შესრულდება, ამ მიმართულებით არ არის პრობლემა. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, იცით, რომ სარჩელი იყო შეტანილი საკონსტიტუციოში, ამ მიმართულებით პარლამენტი მუშაობს, განხორციელდება ის ცვლილება, რომ სარჩელი იქნას დაკმაყოფილებული,” – აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაა.
“ქართული ოცნების” საარჩევნო დოკუმენტებში ნათლად იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ უნდა შეცვლილიყო მაჟორიტარული სისტემა და უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა შეგვექმნა. ამას ვამბობდით, როცა ვიყავით ოპოზიციაში. მეტიც, არაერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა, რომელიც დღეს უმრავლესობის რიგებშია, გმირულად, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდა ამ მიმართულებით ცვლილებებისთვის წლების განმავლობაში. ასევე არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირებული აქვთ თავიანთი პოზიცია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ თვალსაზრისით შექმნა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ ჯგუფებისთვის, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, ძალიან საინტერესო შესაძლებლობა და ფორუმი, რომელმაც მათ საშუალება მისცა დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია და ხედვა იმ ცვლილებების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.