მთავარი პროკურატურა ვლადიმერ ბედუკაძისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნაზე განმარტებას აკეთებს

პროკურატურის განცხადების მიხედვით, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გახსნისა და ასევე სისტემური დანაშაულის მხილების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული იქნა განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო შეთანხმება და მთავარმა პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა:

“ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მთავარი პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს რომ: ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის (წამება) მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”,”დ”, “ე” და “ზ” ქვეპუნქტებით, და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 3 მუხლის (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “ე” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა ვლადიმერ ბედუკაძის მიერ დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძესთან დადო საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული ჩაიდინა 2011 წლის მარტიდან ივნისამდე, როდესაც იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ოპერატიულ მორიგე ინსპექტორად მუშაობდა. ვლადიმერ ბედუკაძის მიერ პირადად გადაღებულმა და მისი დავალებით ბორის ფარულავას მიერ ფარულად გადაღებულმა ვიდეომასალებმა (ე.წ. კარანტინის დაშლამ) ამხილა არა მხოლოდ ცალკეული დანაშაულებრივი ეპიზოდები, არამედ ამ ვიდეომასალამ დასაბამი მისცა გამოძიების დაწყებას მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, რომლითაც მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა პატიმრების სისტემატიურ ცემას, წამებას, მათზე სექსუალურ ძალადობას, პატიმრების ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებას და არაადამიანურ მოპყრობას. ზემოაღნიშნული მეთოდები წარმოადგენდა სასჯელაღსრულების სისტემის მართვის საშუალებას. გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა რამოდენიმე ათასი პატიმრის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში ადმინისტრაციის მიერ პატიმართა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ააშკარავებენ. მხილებულმა სისტემურმა დანაშაულმა საშუალება მისცა სახელმწიფოს გაეტარებინა გადაუდებელი ღონისძიებანი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით. სისხლის სამართლებრივი დევნა იქნა დაწყებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების ათეულობით მოხელის, მათ შორის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ. გატარებული ღონისძიებების შედეგად სასჯელაღსრულების სისტემაში აღიკვეთა ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა უფლებების შელახვა. ამ ზომებმა, რასაც საფუძვლად ვლადიმერ ბედუკაძის მიერ უშუალოდ და მისი დავალებით ბორის ფარულავას მიერ გადაღებული ვიდეომასალა (კარანტინის დაშლა) დაედო, ათასობით პატიმარი გადაარჩინა ცემისაგან, წამებისაგან, სექსუალური ძალადობისაგან, დამცირებისაგან თუ სხვა სახის არაადამიანური მოპყრობისაგან, რასაც მათ სასჯელაღსრულების სისტემის მართვის დანაშაულებრივი მეთოდები მომავალში უქადდა.

მხედველობაში მიიღებული იქნა ის, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ დანაშაულის ჩადენის დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის საფუძველზე, რომლის გარეშეც ვერც ვლადიმერ ბედუკაძისა და ვერც სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდებოდა. ამ ვიდეომასალის წარმოდგენით ვლადიმერ ბედუკაძემ საფრთხეში ჩააგდო არამარტო საკუთარი სამსახურებრივი კარიერა, არამედ საკუთარი უსაფრთხოებაც, რის გამოც იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. საფრთხე შეექმნა ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ვიდეომასალის გამოსაქვეყნებლად გადაცემით ვლადიმერ ბედუკაძემ სისტემურ დანაშაულთან ერთად საკუთარი თავიც ამხილა დანაშაულის ჩადენაში და იმ დროს, როდესაც ვლადიმერ ბედუკაძემ ვიდეომასალა გამოსაქვეყნებლად გადასცა მას არ შეეძლო ეფიქრა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო იგი შეიძლებოდა პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებულიყო.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ვიდეომასალის გამოსაქვეყნებლად გადაცემა, ისევე როგორც მისი მითითებით ბორის ფარულავას მიერ კარანტინის დაშლის ეპიზოდის ფარული გადაღება, არ უკავშირდებოდა ანგარებით მოტივს ან სხვა პირადი სარგებლის მიღებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

19.06.13

Please follow and like us: