ზოგადად, საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში. მისი იქ ყოფნა პირველ დამოუკიდებელ მოქმედების პერიოდს მოიცავს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ბავშვი საკუთარ ნებას ავლენს და დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ბავშვებს, იქ გონებრივი მუშაობის უნარი, მეტყველება და შემეცნებითი ინტერესი უვითარდებათ. ისინი უცხო გარემოში ადაპტაციას, სწორ და მარტივ ქცევებს, სათამაშოების გაზიარებასა და ბავშვებთან ურთიერთობას სწავლობენ. მოკლედ ეს მათთვის ის პირველი დაწესებულებაა, რომელშიც ოჯახის შემდეგ უხდებათ შეგუება. შეიძლება ითქვას, რომ ბაღი აღსაზრდელებისთვის მეორე სახლი ხდება, სახლი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის ამზადებს მათ, ეს სკოლაში წასვლაა. შესაბამისად, ბაღზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა დღესდღეობით, მისაღები ადგილების რაოდენობა მოთხოვნაზე ბევრად ნაკლებია.
უკვე წლებია დედაქალაქში საბავშვო ბაგა-ბაღების საკითხი მწვავედ დგას, რადგან რეგისტრაციის პროცესს, ყოველ წელს უამრავი პრობლემა ახლავს თან. საბოლოოდ კი, ბაღში მისვლის მსურველთა დიდი ნაწილი რეგისტრაციის მიღმა რჩება. არც 2015 წელი ყოფილა წინა წლებისგან განსხვავებული. ელექტრონული რეგისტრაციის მექანიზმით უკამაყოფილო მშობლებთა და ბაღებს გარეთ დარჩენილთა რაოდენობა არც თუ ისე დაბალია.
„თბილისი თაიმსი“ შეეცადა გაერკვია, თუ რა ალტერნატივას სთავაზობს სახლემწიფო მათ, ვინც რეგისტრაცია ვერ მოახერხა, რა ბედი ელით ბავშვებს, რომლებსაც ბაღში რეგისტრაციის ვადის ბოლომდე 2 წელი არ უსრულდებათ და ზოგადად, რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ბაღებში დღეს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას ვესაუბრე.
ბატონო თემურ, როგორც ცნობილია, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გარეშე წელს 10 000-ზე მეტი ბავშვი დარჩა, რამ გამოიწვია ეს და რას სთავაზობთ თქვენ მათ?
– უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ახალ ადმინისტრაციას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა და ადგილების უკმარისობაც სწორედ ამით არის გამოწვეული. 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე ჩვენ 60-მდე ახალი ჯგუფი შევქმენით, რაც საბავშვო ბაღებში 3500-ზე მეტ ახალ ადგილს ნიშნავს. ამავდროულად, დავიწყეთ ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა, დახურული ბაღების დაბრუნება და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, შენობებში ახალი ჯგუფების დაფუძნება/განთავსება. შესაბამისად, ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაწყდება, ხოლო ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენი აღსაზრდელი იყო წელს ბაღში მისვლის მსურველი და რამდენი ვერ მოხვდა, ჯერ უცნობია. ეს ციფრები 2015 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გვეცოდინება, როცა ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყება.
ბაღებში გადატვირთულობასა და ადგილების დეფიციტს ახალ კანონსაც უკავშირებენ, რომლის მიხედვით, 4750-მდე ბავშვი, რომელიც წელს სკოლაში უნდა წასულიყო, კანონის შეცვლის გამო კვლავ ბაღში დარჩა. შეუქმნა თუ არა ამ გარემოებამ ბავშების რეგისტრაციას პრობლემები?
– როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ 60-მდე ახალი ჯგუფი შევქმენით, აქედან გამომდინარე კი წელს გასულ წლებთან შედარებით ნაკლები ბავშვი არ მიგვიღია. ხოლო ის ბავშვები, რომლებიც სკოლაში ვერ მიდიან და ზოგადად უფროსი ასაკის აღსაზრდელები აუცილებლად გაივლიან სასკოლო მზაობის პროგრამას, რომელიც მათ დაეხმარება ბევრად უფრო მომზადებულები მივიდნენ სკოლაში.
იგეგმება თუ არა რეგისტრაციის პროცესის დახვეწა ან გამარტივება, რადგან მშობლებთა უმრავლესობა წლებია უკმაყოფილოები არიან არსებული რეგისტრაციის მექანიზმით?
– რეგისტრაციის პროცესი, წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უფრო დახვეწილი და ტექნიკურად გამართული იყო. დიახ, შარშან საიტთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები მართლა იყო, წელს კი ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ ადგილების უკმარისობა გვქონდა. ეს რეალობაა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი აღსაზრდელების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ.
რეალურად, როგორც ჩანს, დღესდღეობით ბაღებზე მოთხოვნა ბევრად აჭარბებს ადგილების რაოდენობას. იგეგმება თუ არა ახალი საბავშვო ბაღების აშენება?
– რა თქმა უნდა, ახალ საბავშვო ბაგა-ბაღებს ვაშენებთ, დახურულ ბაღებს ვარემონტობთ. ვანახლებთ, ჯგუფებს ვამატებთ. შემოდგომაზე უკვე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებს დამატებით 20-მდე ახალი ჯგუფი დაემატება. აქედან გამომდინარე კი, ამ მიდგომებით ეტაპობრივად გადავჭრით პრობლემებს.
რა უჯდება დღეს ქალაქის ბიუჯეტს საბავშვო ბაღების შენახვა, კონკრეტულად, რა თანხა იხარჯება თითო ბავშვზე ყოველდღიურად და იგეგმება თუ არა ამ თანხის გაზრდა?
– დღეის მდგომარეობით, ჩვენი 2015 წლის ბიუჯეტი 83 500 000 ლარია, საიდანაც უდიდესი ნაწილი რა თქმა უნდა საბავშვო ბაღის სხვადასხვა საჭიროებებისთვის არის განკუთვნილი. აღსაზრდელების კვებისთვის, პერსონალის ხელფასისთვის და ა.შ. დაახლოებით 20 მილიონ ლარამდე კაპიტალური ხარჯებისთვის არის გამოყოფილი. მათ შორის ბაღების მშენებლობა, ღობეების მოწყობა, ცენტრალური გათბობის სისტემა, გამაგრებითი ღონისძიებები და ა.შ. ყოველდღიურად ბავშვზე 5 ლარამდე იხარჯება და ამაში შედის, როგორვ ბავშვის კვება, ისე პერსონალის ხელფასი და სხვა საჭიროებები.
როგორც ცნობილია, ასევე პრობლემურია ორ წლამდე ბავშვის ბაგა-ბაღში მისვლის საკითხი, რადგან თუ ბავშვს ბაღში რეგისტრაციის ვადის ბოლომდე, ანუ 14 სექტემბრამდე ორი წელი არ შეუსრულდება, საბავშვო ბაღში ვერ მივლენ. რას სთავაზობთ მათ?
– თუ ბავშვი 15 სექტემბერს 2 წლის გახდება მას უკვე შეეძლება ჩვენს სისტემაში დარეგისტრირება, ანუ მაშინ, როდესაც ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყება. წესდების მიხედვით, ბაგა-ბაღებში მიღება 2 წლიდან იწყება.
კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ბაღებში დღეს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად?
– თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სისტემაში ჩვენ სისტემური პრობლემები დაგვხვდა. ბაღების დიდ უმრავლესობაში არ იყო ცენტრალური გათბობის სისტემები. ჩვენ დღეს 155 საბავშვო ბაღში გათბობის ცენტრალური სისტემა გვაქვს. 70-მდე ბაღს არ ჰქონდა ღობეები, ან იმ დონემდე ჰქონდა დაზიანებული, რომ ბავშვის უსაფრთხოება არ იყო დაცული, შესაბამისად, ბავშების ეზოში გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. დღეს კი ეს პრობლემები მოგვარებულია. გარდა ამისა, უსაფრთხოების თვალსაზრისით ბაღები კამერებით გვაქვს აღჭურვილი.
მიმდიანრე წლის ზაფხულში 30-ზე მეტ საბავშვო ბაღში გასართობ მოედანს ვაკეთებთ. მიმდინარეობს სველი წერილების სარემონტო სამუშაოები.
პირველ რიგში ჩვენ მიზნად დავისახეთ სურსათის მიმართულებით პრობლემების მოგვარება და ბაღების სურსათის შესყიდვების მიმართულებით ერთობლივი ტენდერი გამოვაცხადეთ. ტენდერის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რაიონული პრინციპით ცხადდება სხვადასხვა ტენდერი. მნიშვნელოვანია ის, რომ ტენდერში ჩართულია ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად ხდება. მოკლედ, მთელი რიგი საკითხებია დაგეგმილი.
თბილისის საბავშვო–ბაღებში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 1 ივლისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდა. აღნიშნული 10 დღის განმავლობაში დარეგისტრირება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ბავშვებს შეეძლოთ. შემდეგი 10 დღის განმავლობაში (10 ივლისიდან 20 ივლისამდე) კი დედმამიშვილების რეგისტრაციის პროცესი შედგა. ამით სააგენტო იმ ოჯახს, ვისაც სკოლამდელი ასაკის 1 შვილზე მეტი ჰყავს, საშუალება მისცა, ერთ კონკრეტულ ბაღში დარეგისტრირებულიყვნენ. შემდეგი ეტაპი კი, რომელიც 20 ივლისს დაიწყო და უწყვეტად მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, ყველა ბავშვის რეგისტრაციას მოიცავს. ამის მიუხედავად, ბავშვთა–ბაღების სააგენტოში რეგისტრაციის მესამე ეტაპზე იყვნენ ისეთებიც, ვინც წინა სხვა ეტაპების დროს ვერ დარეგისტრიდა.
ესაუბრა
ლაკო ბიტ-ბაბიკოვი