საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, პატრიკ ჯოზეფ ჰიკი “ოქროს საწმისის ორდენით” დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – “თბილისი 2015”-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა პატრიკ ჯოზეფ ჰიკს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. სწორედ ფესტივალის თბილისში ჩატარებაში, ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებასა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ოლიმპიურ ოჯახში ინტეგრირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა გიორგი მარგველაშვილმა პატრიკ ჰიკი.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და “თბილისი-2015”-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.