1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტმა ცვლილებების პროექტი მოიწონა და ის პარლამენტს გადაეგზავნება.

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან თამბაქოზე გაიზრდება აქციზი, კერძოდ, 15 თეთრით ფილტრიან და 5 თეთრით უფილტრო სიგარეტზე. დანარჩენი კი ბაზარზეა დამოკიდებული.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, თუ შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა შემოსავალი 3 000 ლარის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებოდა, ამიერიდან, დაუბეგრავი ზღვარი ორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნითაც შედის.

კერძოდ, თუ აქამდე სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება გათავისუფლებული იყო დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე, ახლა მათ ექნებათ ჩათვლის უფლების მიღების შესაძლებობა.

“რეალურად აქამდე ადგილობრივი წარმოება უფრო რთულ მდგომარეობაში იყო, ვიდრე იმპორტით შემოსული პროდუქცია. ჩვენ მინიმუმ გავათანაბრებთ მათ საგადასახადო კანონმდებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტით ზუსტდება ასევე შემოწირულობის ცნება. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, თუ აქამდე შემოწირულობა მხოლოდ ფულადი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიერიდან, ის იქნება საქონელი და მიწაც, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაძლოა სხვადასხვა მიზნით გამოიყენოს.

20.06.13

Please follow and like us: