კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურის სტრატეგიაზე “კულტურა 2025” მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საერთაშორისო ექსპერტი რადნარ სილი და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები
“კულტურის სტრატეგია 2025”-ის დოკუმენტზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით მუშაობს. აღნიშნული დოკუმენტი 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.
უწყებათაშორისი ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილია კულტურის სტრატეგიის შემუშავების პირველი ორი ეტაპის ანგარიში, ასევე კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სტრუქტურის პროექტი.
“ჩვენ ჩვენი ხედვა უნდა გავუზიაროთ კოლეგებს კულტურის მნიშვნელობის, მისი როლის, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარების საქმეში. მათთან ერთად უნდა შევიმუშაოთ პრიორიტეტები, რომელიც აისახება დოკუმენტში. შეხვედრები გაგრძელდება. ოქტომბრის თვეში შევძლებთ პირველი დრაფტის წარდგენას საზოგადოებისთვის, ხოლო წლის ბოლოსთვის შევძლებთ საბოლოო სრულყოფილი დოკუმენტის მომზადებას”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.
მისივე განმარტებით, კულტურის სფეროში პრობლემები ეხება როგორც რეგიონებს, ასევე თბილისს, იმის მიუხედავად, რომ პრობლემები სპეციფიკის გათვალისწინებით სხვადასხვანაირია, ასევე იკვეთება ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული პრობლემები, პრობლემა დაფინანსების თვალსაზრისით და საკანონმდებლო კუთხით.